ავტორი:

"ბავშვი ამბობს, ისეთი სიბნელე იყო, ვერც ვხედავდი, ვის ვაშველებდიო" - რას ამბობს ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი?

"ბავშვი ამბობს, ისეთი სიბნელე იყო, ვერც ვხედავდი, ვის ვაშველებდიო" - რას ამბობს ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი?

ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, რატი ჩაჩანიძის ადვოკატის, შოთა მანელიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება ხულიგნობის მუხლით აქვს წაყენებული.

როგორც ადვოკატმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, ჩაჩანიძისთვის უცნობია, თუ რა მიზნით დაიწყო ჩხუბი.

მანელიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩხუბის დროს მხოლოდ გაშველებით შემოიფარგლებოდა და „ისეთი სიბნელე იყო, რომ ვერავის ხედავდა“.

"ბავშვი დააკავეს გუშინ, შუა ღამისას, ხულიგნობის მუხლით, არამხოლოდ ის, არაერთი ბავშვი დააკავეს ამავე კვალიფიკაციით. აბრალებენ, თითქოს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფში მონაწილეობდა. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცის ჩხუბი რაზე დაიწყო. ბავშვების ასაკობრივი სხვაობა ორი-სამი წელი იყო, 17-დან 20 წლამდე მერყეობს. ბავშვი ამბობს, ჩხუბისას მხოლოდ გაშველებით შემოვიფარგლებოდი და ისეთი სიბნელე იყო, ვერც ვხედავდი ვის ვაშველებდიო, მაგრამ აბრალებენ დამრტყმელი ძალა იყავი ვიღაცის წინააღმდეგო. არ ვიცი ვისთან მეგობრობს, როგორც ვიცი არაბულმა დაპატიჟა დაბადების დღეზე, როგორც მეგობარი“, - აღნიშნა შოთა მანელიძემ.

ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ნახეთ ასევე: