ავტორი:

"ბჟანიას განცხადებამ, რომ პუტინს სურს აგარაკი, არ გაჭრა..." - დაპირისპირება აფხაზეთში: რა ხდება ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით?

"ბჟანიას განცხადებამ, რომ პუტინს სურს აგარაკი, არ გაჭრა..."  - დაპირისპირება აფხაზეთში: რა ხდება ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით?

ოკუპირებულ აფხაზეთში დაპირისპირება არ წყდება მას შემდეგ, რაც ამ ცოტა ხნის წინ ცობილი გახდა, რომ ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთს გადაეცემოდა.

რეგიონში დაძაბულობის ფონზე, ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს დმიტრი მედვედევს შეხვდა, სადაც ოფიციალური ცნობით, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის რუსეთსა და აფხაზეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თემები განიხილეს. ასევე ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გარშემო მიმდინარე საკითხებზე.

რუსული მედია წერს, რომ მედვედევმა აფხაზეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებისა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის ასლან ბჟანიას მადლობა გადაუხადა.

ბჟანია ერთადერთი არ ყოფილა, ვინც ამ დღეებში მოსკოვს ეწვია - რუსეთში ე.წ. ოფიციალური ვიზიტით აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრი" ინალ არძინბა და "უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი" რობერტ კიუტიც ჩავიდნენ... რუსულ მედიას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია დეტალური ინფორმაცია, თუ რა თემებზე ისაუბრეს მათ.

მოსკოვში გამგზავრებამდე ბჟანია აცხადებდა, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეფერხებამ, შესაძლოა, გააციოს აფხაზეთის რუსეთთან ურთიერთობები...

ადგილობრივი გამოცემა Независимая Республика-ის რედაქტორის, იური კურასკუას ცნობით, "ხელმძღვანელობა" არ ელოდა, რომ მოსახლეობა ბიჭვინთის აგარაკების გარშემო მის წინააღმდეგ ასეთ მასშტაბურ პროტესტს წამოიწყებდა.

"ჩვენს საზოგადოებაში ვრცელდება ხმები, რომ რესპუბლიკის მიწას, ობიექტებს, უძრავ ქონებას და სხვა ფასეულობებს ვყიდით... სინამდვილეში, არავინ არაფერს ყიდის, მით უფრო, მიწას... თუმცა, სხვა საკითხია, როგორ ხდება ტრანზაქციები და სხვადასხვა ბიზნესპროექტები, განსაკუთრებით სახელმწიფო დონეზე, ან ცალკეული თანამდებობის პირების მიერ (ჩუმ-ჩუმად...) არ მგონია, რომ რუსულ-აფხაზურ მეგობრობა, პარტნიორობა, მეზობლობა, ბიჭვინთის აგარაკის გარშემო ატეხილი სკანდალის ფონზე გაუარესდება.

ეს ურთიერთობები აგებულია განსხვავებულ, ძირითად საფუძველზე - ერთმანეთის მიმართ ნდობაზე, ინტერესების დაცვისა და საგარეო და საშინაო პოლიტიკის ღიად წარმართვის უნარზე... მაგრამ ჩვენს რეალობაში ასე ხდება, უბრალო ადამიანები, როდესაც თავიანთ სასურველ ადგილს აღწევენ, ავიწყდებათ, რომ უნდა ემსახურონ ქვეყანას და უბრალო ხალხს და კონსულტაციები გაუწიონ მათ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე", - ამბობს იური კურასკუა.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ "სამთავრობო გამოცემები" ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გამართლებას ცდილობენ, თუმცა, საზოგადოებამ ამ ჯერზე არ უნდა დათმოს...

"ცუდია, რომ არ არსებობს ოპოზიციური ძალა, რომლის გულწრფელობისაც ხალხს სჯერა და ამ პროტესტის მის გარშემო კონსოლიდირებას შეძლებს... ეს იცის ბჟანიამ და თავისთავად იცის არძინბამაც, რომელიც ყველაფერ არარუსულს დაუნდობელ ბრძოლას უცხადებს... არარუსული ინვესტიციის აფხაზეთში შემოსვლა არც განიხილება, ადრე აქა-იქ თურქული ბიზნესი გაიელვებდა, მაგრამ ახლა მათ მარტივად გუდავენ. რუსეთიდან მხოლოდ ბიზნესისთვის კი არა, დასარჩენად ჩამოდიან. ამას ემატებიან სომხებიც, ადრე არსებულს ახალ-ახალი ემატება და ჩვენთვის სივრცე იზღუდება. ეს არის რეალობა", - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი ილონა ქეცბა.

"მოსკოვში ბჟანია-არძინბას გახშირებული ვიზიტი შემთხვევითი არ არის, ახლა გზებს ეძებენ, როგორ დაგვამშვიდონ. ბჟანიას განცხადებამ, რომ პუტინს სურს აგარაკი, არ გაჭრა; არც მუქარამ, რომ თუ არ დავწყნარდებით, რუსეთთან ურთიერთობა გაცივდება... ბეწვის ხიდზე გავდივართ.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გასხვისება, როგორი პირობებითაც არ უნდა იყოს ის შეფუთული, არის გამოცდა, რომელიც უნდა ჩავაბაროთ დამოუკიდებლობის გზაზე. თუმცა, ჩავაბარებთ თუ არა, ეს ჩვენს გარდა რუსეთზეც არის დამოკიდებული. რუსეთს კი, ბოლოდროინდელი ქმედებებიდან ეტყობა, რომ არ სურს ჩვენი გაშვება", - წერს ინტერნეტმომხმარებელი "ირაკლი სუხუმსკი".