ავტორი:

ბებიის რეცეპტით აწყობილი წარმოება და პატიმრობა "ნაცმოძრაობის" თუ "ქართული ოცნების" ხელისუფლებების პირობებში - მებაღე საოკუპაციო ხაზიდან

ბებიის რეცეპტით აწყობილი წარმოება და პატიმრობა "ნაცმოძრაობის" თუ "ქართული ოცნების" ხელისუფლებების პირობებში - მებაღე საოკუპაციო ხაზიდან

66 წლის მებაღე ტარიელ გურგენიძემ თავისი საქმიანობა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში, წლების წინ დაიწყო. რა გამოარა და როგორ ააწყო საკუთარი წარმოება, ამას ambebi.ge-ს უამბობს:

- ბავშვობაში ბებია ამზადებდა ხოლმე ვაშლის ძმარს, საოჯახო მოხმარებისთვის. ბავშვობიდანვე ვიცოდით, რომ ვაშლის ძმარი სასარგებლო იყო. 66 წლის ვარ და ექიმი და ნემსი რა არის, არ ვიცი. სწორედ ამას ვუმადლი ჩემს ჯანმრთელობას. ბებიამ იცოდა პატარა საიდუმლო ვაშლის ძმრის რეცეპტისა, თუმცა ეს უმნიშვნელო დეტალია. მაშინ ქიმიაც არ იყო იმდენი, რაც დღეს, ამიტომ ბუნებრივი საშუალებებით აყენებდა ძმარს. ამის შემდეგ, 90-იან წლებში დაიწყო გაჭირვება, აღარც ბებია იყო ცოცხალი, დედაც მოხუცდა და გადავწყვიტე, ამ საქმეს მე ჩავდგომოდი სათავეში. სანაცნობო წრეში 10-15-20 ლიტრი იყიდებოდა ხოლმე და ესეც შეღავათი იყო ჩემთვის. არც წარმოების გაზრდის საშუალება მქონდა. ამას უნდოდა ჭურჭელი. ხელით მიხდებოდა ვაშლის დაჭყლეტვა, გახეხვა და წვენის გამოღება და ძალიან შრომატევადი იყო. თუმცა ცოდნა და გამოცდილება, რომ ნატურალური ძმარი დამეყენებინა, მქონდა.

ამის შემდეგ მძიმე პერიოდი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ჯერ "ნაცებმა" დამიჭირეს, იმიტომ, რომ "ოცნების" კოორდინატორი ვიყავი. როდესაც "ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, ამათ გამომიშვეს, სოფლის გამგებლად დამნიშნეს და მერე დამიჭირეს - მომიწყეს ქრთამის აღების ინსცენირება. ამ ჩემს ისტორიაზე ორი დოკუმენტური ფილმია გადაღებული და თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს ნათქვამი, რომ ტარიელ გურგენიძის ამბავზე არამარტო გამომძიებელი და პოლიციელები, არამედ გენერალური პროკურორიც უნდა დაიჭირონ, იმდენად შეთითხნილი ბრალდება და აშკარა პროვოკაცია იყო. 6 წელი მომისაჯა გორის მოსამართლემ, მაგრამ მიდოდა ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში, წულუკიანი იყო მაშინ მინისტრი. რომ ჩადიოდა სტრასბურგში, იქ ხვდებოდნენ გარკვეული კატეგორიის ადამიანები და ჩემს საქმეზე შეახსენებდნენ ხოლმე და მოკლედ, 1,7 წლის მერე, როგორც იქნა, თბილისში გაიმართა სასამართლო და გამათავისუფლეს.

გამოშვებამდე წინა დღეს, ჩემთან შემოვიდა იუსტიციის სამინისტროს სოციალური მუშაკი. შეხვედრა კონფიდენციალური იყო და მითხრეს, რომ ამ დაკარგული დროის აღდგენაში უნდოდათ დამხმარებოდნენ, რადგან სასჯელმოხდილს საჯარო სამსახურში აღარავინ მიმიღებდა. კომპენსაციის სახით შემომთავაზეს ბიზნეს იდეის განხორციელება, რა თქმა უნდა, თუ ასეთი იდეა არსებობდა. მაშინვე ვუთხარი, რომ შემეძლო სრულიად ნატურალური, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე ვაშლის ძმრის წარმოება. ამისთვის კი რეზერვუარი და გადამამუშავებელი დანადგარი მჭირდებოდა. ეს იდეა მათ საქველმოქმედო ცენტრ "აფხაზეთამდე“ მიიტანეს და ჩამსვეს USAID-ის პროგრამაში, დამაფინანსეს 1200 ევროთი, ეს თანხა სრულიად საკმარისი იყო, რომ წარმოება დამეწყო. შევიძინე 6 ტონის ტევადობის რეზერვუარები და იყო კიდევ დანადგარი საჭირო, რასაც ეს თანხა არ ეყოფოდა, ჩემი შვილი ცხოვრობს საფრანგეთში და ის დამეხმარა. დამქუცმაცებელი და გამოსაწური დანადგარი, კუსტარული, ჩემით შევიძინე და გავმართე წარმოება. ეს იყო 2017 წელს. ამ პერიოდიდან ვაწარმოებ დიდი რაოდენობით ძმარს, მანამდე 300-400 ლიტრის ოდენობით ვწურავდი, ახლა კი ყოველწლიურად თავისუფლად შემიძლია მინიმუმ 10 ტონა ვაშლის ნატურალური ძმრის წარმოება.

- სად იყიდება თქვენი წარმოებული ძმარი?

- ყველაფერს სრულაიდ დამოუკიდებლად ვაკეთებ. ერთადერთი დახმარება მჭირდება ხოლმე, როცა ვაშლი შემოდის სიმწიფეში, 1-2 მეზობელს ვიხმარებ ვაშლის მოკრეფაში და რა თქმა უნდა, ანაზღაურებას ვაძლევ. ნედლეულს არ ვყიდულობ, ჩემი საკუთარი 1 ჰექტარი ბაღი მაქვს.

რაც შეეხება რეალიზაციას, ტრადიცია, რომ ამ ოჯახში იწარმოება ვაშლის ძმარი, უკვე ბევრმა იცის გარშემო. მითუმეტეს ახლა, როდესაც ინტერნეტში ნებისმიერი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. 2000-იან წლებშიც კი ჩემი კლიენტურა მყავდა და 300-400 ლიტრს უპრობლემოდ ვყიდიდი. ეს გზა უკვე გაკვალული იყო და ამიტომ არ გამჭირვებია. რაც უფრო გავზარდე წარმოება, კლიენტების რაოდენობამაც იმატა. შიდა ბაზარია ძირითადი სარეალიზაციო ქსელი, ძველი კლიენტების რჩევით ბევრი ახალიც დანტერესდა ჩემი ძმრით.

თბილისში რამდენიმე ბაზარში იყიდებოდა ჩემი ძმარი, მაგრამ ცუდი გამოცდილება მაქვს ამასთან დაკავშირებით - რამდენჯერმე გადავამოწმე და ჩემგან წაღებული ძმარი სხვა იყო და რასაც ადგილზე ყიდდა - სხვა. სულ შემღვრეული და ათასი დანამატით გაჯერებული. ამიტომ ვერავის ვურჩევ, რომ წავიდეს კონკრეტულ ბაზარში და ჩემს ძმარს იქ იყიდის. ის ჩემი არ არის, ჩემად არ მივიჩნევ.

2 წლის წინ რუსეთის ბაზარზე გაიტანეს 2 ტონა ძმარი. ესეც ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია იყო. ერთ-ერთ მონასტერს მიაქვს, თავისი სამკურნალო დანიშნულების გამო. ნაწილს მონაზვნებს ურიგებენ, ნაწილს საეკლესიო მაღაზიებში ყიდიან, როგორც სამკურნალო და ნატურალურ პროდუქტს.

მაგალითად, როდესაც რუსეთში გაჰქონდათ ძმარი, გატანამდე შეამოწმეს ორ ღვინის ქარხანაში. ორივე კვლევამ აჩვენა, რომ ძმარს რაც უნდა ახასიათებდეს, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა... ესენია - ქროლვადობა, რაც ნიშნავს სითხეში სუფთა ძმრის ქიმიური ფორმულის პროცენტულ მაჩვენებელს. ნატურალურ ძმარში ეს მაჩვენებელი 20-დან 30 პროცენტამდე უნდა იყოს, ჩემს ძმარში ერთი ქარხნის დასკვნით 28% იყო, ხოლო მეორესი - 29%. მეორე მაჩვენებელია სპირტიანობა. სუფთა ძმარში ის უნდა იყოს მინიმუმ 2%, მაქსიმუმ - 4,5%. თუ ამ მაჩვენებელზე მაღალი ან დაბალია, ე.ი. ხელოვნური ჩარევა ხდება. ჩემთან 4,28% იყო. ამ დასკვნას არ ენდვნენ რუსები, 3 ლიტრი წაიღეს ძმრისა და ალკოჰოლური სასმელების ლაბორატორიაში. ასტრახანში და იქიდან მოვიდა დასკვნა - უმაღლესი ხარისხნის ნატურალური საკვები პროდუქტი.

რაც შეეხება რეალიზაციის კიდევ ერთ გზას - ჩამოვასხა ჩემი ძმარი ბოთლებში და შევიტანო სუპერმარკეტებში. აქ ორი დიდი წინააღმდეგობაა: ერთი ის, რომ არ მაქვს დრო ვდიო დოკუმენტაციებს და მერე ბუღალტრულ აღრიცხვებს. არც ფინანსები მიწყობს ჯერ იმდენად ხელს, რომ ამ ყველაფერს თავი მოვაბა. ასევე ამას უნდა ჩამოსასხმელი ხაზის ყიდვა, ტარა და ათასი დეტალი. ამიტომ ვცდილობდი, მენახა შუამავალი კომპანია, რომელიც ამ საქმიანობას ითავებდა - მე ჩემი მოგება დამრჩებოდა, ისინი თავისას წაიღებდნენ. ვიპოვე ორი ასეთი კომპანია და ორივე მათგანმა ერთი და იგივე პასუხი გამცა - ეტიკეტის დიზაინი იქნებოდა მათი, ბოთლი და ჩამოსხმა ჩემი საზრუნავი უნდა ყოფილიყო, თვეში გამიყიდდნენ 2 000-დან 3 000-მდე ბოთლს, რაც ჩემთვის ძალიან კარგი შეთავაზება იყო, მაგრამ მათი პირობა იყო ფასის განახევრება (1 ლიტრი ძმარი 5 ლარი ღირს) და რაც ყველაზე მეტად მიუღებელი იყო ჩემთვის, მთავაზობდნენ, ძმარი ქიმიური დანამატებით გამევსო, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა აღმოჩნდა. ჩემი პასუხი იყო, რომ ამ წინადადებას მილიონის სანაცვლოდაც არ მივიღებდი. ეს არის მიზეზი იმისა, რომ მარკეტებში ჩემი ძმარი არ არის.

წელს ვაშლის განსაკუთრებით კარგი მოსავალი მაქვს, ალბათ 15 ტონამდე გამომივა და იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება ნორმალური ადამიანი ან კომპანია, რომელიც ჩემთვის მიუღებელ პირობებს არ წამიყენებს.

- პანდემიის დროს თუ იყო ჩავარდნა და მოთხოვნამ თუ იკლო?

- პირიქით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშლის ძმარი ამ ვირუსთან საბრძოლველად ეფექტიანი საშუალება იყო, შეკვეთებმა იმატა. ამიტომ, პანდემიის პერიოდში, ცუდი რაც ხდებოდა, ის იყო, რომ ამდენი ადამიანი ავადდებოდა და იღუპებოდა კიდეც და კარგი ჩემთვის ის იყო, რომ ჩემს საქმიანობაზე დიდი მოთხოვნა იყო, შესაბამისად, გაიზარდა რეალიზაციაც.

- ინფლაციამ გამოიწვია ფასების განსაკუთრებული ზრდა ყველა სახის პროდუქტზე. ძმარზეც თუ მოიმატა?

- არა, ყველაფრის მიუხედავად, არცერთი თეთრი არ მომიმატებია და არც ვაპირებ.

- ვარდების ულამაზეს ბაღებზეც მინდა გკითხოთ - ამ ბიზნესსაც ეწევით თუ უბრალოდ, ჰობი გაქვთ?

- როდესაც აქ გადმოვედით საცხოვრებლად, სახლის მშენებლობა და ვარდების დარგვა ერთდროულად დავიწყე, იმიტომ, რომ მეუღლე ძალიან მიყვარს, ხოლო ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს ვარდები. თავიდან დაახლოებით 200 ძირი მქონდა. თავიდან მარტო ჰობი იყო, მოგვიანებით კი მივხვდი, რომ დრო იყო, შემოსავლის წყაროდ მექცია. ამ პერიოდში უკვე ჩემმა შვილმა საფრანგეთში დაიწყო ცხოვრება და ხშირად მიწევდა იქ ჩასვლა. იქ პარკებში ულამაზესი ჯიშის ვარდები იდგა და სრულიად ნებადართული იყო ტოტის მოწყვეტა, სხვები თუ ევროპიდან ტანსაცმლით დატვირთულები ბრუნდებიან ხოლმე, მე ყვავილები მომაქვს.

ტოტის დაფესვიანება შემიძლია უმაღლეს დონეზე, 100 ტოტიდან ასივეს ვახარებ, ისეთი მეთოდი მაქვს. შესაბამისად, დღესდღეობით, ჩემს 500 კვ. ეზოში 3 000-დან 4 000-მდე ძირი 80 სახეობის ვარდი ხარობს.

- კიდევ რის რეალიზაციას ეწევით?

- კიდევ ვაშლი მაქვს საკუთარი, ნახევარი ჰექტარი საუკეთესო ვენახი, ღვინო მაქვს სარეალიზაციოდ, საშობაო ლიქიორი, მაგრამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საქმეს სჯობია ვარდების წარმოება, გასაყიდი არასდროს დამრჩენია. ახლაც უამრავი შეკვეთა მაქვს. სამომავლოდ სათბურის გაკეთებას ვაპირებ, რომ რეალიზაციაში წყვეტა არ მოხდეს და ნებისმიერ სეზონზე შემეძლოს მომსახურების გაწევა.

- თქვენ ცხოვრობთ ძალიან ახლოს საოკუპაციო ხაზთან. არ გიქმნით ეს მდგომარება სირთულეს?

- ჩემი საცხოვრებელი სახლიდან 400 მეტრშია ე.წ. საზღვარი, ვენახიდან კი - 150 მეტრში. სირთულე როგორ გითხრათ, ჯერჯერობით არ ყოფილა, თუმცა როდესაც აქ ცხოვრობ და მუშაობ ადამიანი, მაინც გარკვეულ განცდებში ხარ, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლება რაიმე სახის უსიამოვნება მოხდეს.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი