საერთაშორისო ონლაინ გამოცემა Healthguide.net-ის ინფორმაციით, დღეს ხსნადი ყავა ნატურალური ნივთიერებების მხოლოდ 15%-ს შეიცავს, დანარჩენი კი სხვა დანამატებზე მოდის. ერთი ჩაის კოვზი ხსნადი ყავა 30-90 მგ კოფეინს შეიცავს, მაშინ როცა ერთ ჭიქა ნატურალურ ყავაში 70-140 მგ კოფეინია. ხსნადი ყავა წარმოებისას მაღალ ტემპერატურაზე შრება, რის გამოც სიჯანსაღეს ვეღარ ინარჩუნებს.
ხსნადი ყავის ერთჯერად შეფუთვებში დაახლოებით 1,8 გრამი ყავის ფხვნილი ან გრანულებია მოთავსებული. თუ მის შემადგენლობას კარგად გავეცნობით, აღმოვაჩენთ, რომ გადამუშავებული ყავის გარდა, ის შეიცავს ბარდას, სოიოს, შვრიას, ქერს, ალაოს, სხვადასხვა მცენარეს, სტაბილიზატორებს, სინთეტიკურ კოფეინსა და სხვა ნივთიერებებს, რომელთაც ნატურალურ, ხარისხიან და გადაუმუშავებელ ყავაში ვერ შეხვდებით.
ხსნადი ყავის მოხმარების უარყოფითი მხარეები:
- ხსნად ყავაში მაღალია აკრილამიდის კონცენტრაცია. ზოგადად აკრილამიდი წარმოიქმნება შაქრებისგან და ამინომჟავისგან (ასპარაგინი) პროდუქტის მაღალ ტემპერატურაზე შეწვის, მოხალვისა და ცხობის დროს. ის არის ნივთიერება, რომელიც დაკავშირებულია ნერვული სისტემის დაზიანებასთან.
- ხსნადი ყავა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც იწვევს დამოკიდებულებას და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მაგალითად, ყავის მცირე შეფუთვები, რომლებიც პოზიციონირებს, როგორც „რძიანი ყავა“ შეიცავს, შაქარს ან სხვა დამატკბობლებს, ცხიმებსა და ქიმიურ ნივთიერებებს, რომ არაფერი ვთქვათ რძის ფხვნილზე, რომელსაც არანაირი ჯანსაღი კვებითი ღირებულება არ გააჩნია. მათი ხშირად მიღებით კი ორგანიზმს ვაწვდით დიდი რაოდენობით შაქარს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას და არც ვიტამინების და არც მინერალების წყარო არ არის.
- მას, როგორც წესი, დამატებული აქვს პალმის ცხიმი (პალმის ცხიმს შეიძლება შეიცავდეს არა მხოლოდ „რძიანი ყავა“, არამედ ხსნადი ყავის გრანულებიც), რომლის რეგულარულად და უკონტროლო რაოდენობით მიღებამ შეიძლება გულსისხლძარღვთა პრობლემები შეგვიქმნას. რაც უფრო მეტად ავიცილებთ თავიდან ან მინიმუმამდე დავიყვანთ შაქრისა და პალმის ცხიმის მოხმარებას, უკეთესი იქნება ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
- ხსნად ყავას უფრო მცირე რაოდენობით ანტიოქსიდანტები აქვს, ვიდრე ნატურალურ ყავას. ანტიოქსიდანტები, რომელსაც ნატურალური ყავა შეიცავს, ამცირებს რამდენიმე სახის კიბოს, დიაბეტისა და სხვა ქრონიკული დაავადებების რისკს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კარგად უნდა დავფიქრდეთ სანამ ერთჯერად შეფუთვებში ან სულაც ქილაში მოთავსებულ ხსნად ყავას მივირთმევთ. თუ ნამდვილი ყავის არომატი, გემოვნური მახასიათებლები და მისი თვისებები სრულად გვინდა შევიგრძნოთ, ხსნადი ყავის მირთმევისას ამას ნამდვილად ვერ შევძლებთ.