ავტორი:

"როგორც ჩანს, ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა... პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა" - ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის შესახებ

"როგორც ჩანს, ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა... პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა" - ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის შესახებ

ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი, რომელსაც პარტია "ქართული ოცნების" თავმდომარე ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა, ამბობს, რომ კობახიძე მისმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა.

"ირაკლი კობახიძე, როგორც ჩანს, ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა. მე მინდოდა, რომ უბრალოდ მას შეეფასებინა, დავით არახამიას გუშინდელი განცხადება, სადაც მან თქვა, რომ ირაკლი კობახიძე კგბ-ს აგენტის შვილია და აქედან გამომდინარე, მას არ უკვირდა კობახიძის კავშირები რუსეთთან.

ამ კითხვის შემდეგ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ჩემი მისამართით პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი გუნდის წევრები თავს ესხმიან კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს მაშინ, როდესაც მათ არ მოსწონთ ჩვენი კითხვები", - ამბობს ნატალი ჯახუტაშვილი.

  • ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ დავით არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა "კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“

ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტს უპასუხა:"კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე.შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ...გულისამრევია“,- მიმართა კობახიძემ "მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

ნახეთ ვრცლად: "ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს" - ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს