ავტორი:

"ბევრი უბედურება გადავიტანე, ბევრი გულისტკენა, მაგრამ მომავლის რწმენა არ დამიკარგავს. ჩემი თვალით ვნახე, დედამიწას რომ  სიკეთე ამოძრავებს" - უმძიმესი ავარია და ერთ წუთში შეცვლილი ცხოვრება

"ბევრი უბედურება გადავიტანე, ბევრი გულისტკენა, მაგრამ მომავლის რწმენა არ დამიკარგავს. ჩემი თვალით ვნახე, დედამიწას რომ  სიკეთე ამოძრავებს" - უმძიმესი ავარია და ერთ წუთში შეცვლილი ცხოვრება

ავარიამ, რომელიც 2003 წლის 31 ოქტომბერს მოხდა, ჟურნალისტ ვასილ სილაგაძის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად მარჯვენა ხელ-ფეხი გაშეშებული ჰქონდა, უჭირდა მეტყველება. დიდი ხნის განმავლობაში ეტლს იყო მიჯაჭვული, ავარიიდან 7 წლის შემდეგ გადადგა პირველი ნაბიჯები, ისიც არა დამოუკიდებლად...

ამ ამბიდან თითქმის 19 წელი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში გულისწყვეტაც არაერთხელ იგრძნო და გვერდში დგომაც ბევრჯერ ნახა..."ბევრი უბედურება გადავიტანე, ბევრი გულისტკენა, მაგრამ მომავლის რწმენა არ დამიკარგავს. მართლა ჩემი თვალით დავინახე, დედამიწას რომ სიკეთე ამოძრავებს. ჩემი ბედის ბორბალიც კეთილი ადამიანების ძალისხმევით ტრიალებს", - ამბობს ვასილ სილაგაძე, რომელიც თავის თავგადასავალს გვიყვება:

- ხალისიანი და მხიარული ბავშვი ვიყავი, ცვალებადი ხასიათის, მეექვსე კლასამდე თეატრალურში მინდოდა ჩაბარება, შემდეგ აზრი შემეცვალა და პოლიტექნიკური ინსტიტუტისკენ გამიწია გულმა, მეტალურგობა მხიბლავდა, რატომ, დღემდე არ ვიცი. სკოლა რომ დავამთავრე, სულ სხვა არჩევანი გავაკეთე და თსუ - ს ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. 9 პარასკევი მქონდა-მეთქი, ხომ გითხარით, ჰოდა, ერთ დღესაც ნატო ონიანს შევხვდი და ვთხოვე, ტელევიზიაში სამუშაოდ ავეყვანე; საცდელად მიმიღო და დაიწყო ჩემი ჟურნალისტური კარიერა... აქედან დაიწყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი წლების ათვლა. მერე კი გათენდა ის საბედისწერო დღე - ჩემი ბედნიერი დღეები, ოცნებები და მომავლის გეგმები 2003 წლის 31 ოქტომბერს ჩამოიქცა და დასრულდა.

- რა მოხდა ამ დღეს?

- ავარია, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ, როგორც თვითმხილველები იხსენებენ, სასტუმრო "აჭარასთან" შუქნიშანზე გადავდიოდი თურმე, რა დროსაც შავი უნომრო "ოპელ- ვექტრა" დამეჯახა და ხილიანზე ახვევის შემდეგ, სამუდამოდ გაუჩინარდა. მომხდარმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ეს ღამის 3 საათზე მოხდა. გონდაკარგული რომ ვეგდე, შემხვევით გამვლელმა ამომიცნო, ჩემი დეიდაშვილის მეგობარი აღმოჩნდა. მასვე წავუყვანივარ რესპუბლიკურ საავადმყოფოში და აქედან დაიწყო ჩემთვის მეორედ მოსვლა... აპარატზე ვიყავი კარგა ხანს შეერთებული. მხოლოდ 21-ე დღეს აღმოუჩენიათ ექიმებს, რომ მარჯვენა ფეხი მქონდა მოტეხილი... აპარატზე მიერთებულს მილი მედგა ყელში, შეხორცება წავიდა და, 3 თვის შემდეგ, როცა გონზე მოვედი, მილის ამოღებისას ხორხი დამიზიანდა. კარგა ხანს ვერც ვლაპარაკობდი და ეტლით გადავადგილდებოდი სახლის მისაღები ოთახიდან აივნამდე. დღეს, ასე თუ ისე რომ ვლაპარაკობ, 3 რთული ოპერაციის შედეგია, კიდევ 3 ოპერაცია გავიკეთე ფეხზეც.

- ექიმები რას ამბობენ, თქვენს დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით?

- საზღვარგარეთის არაერთ კლინიკაში გავაგზავნე მონაცემები. მეუბნებიან, რომ განკურნების შანსი მაქვს, თუმცა საამისო სახსრები არ გამაჩნია... რამდენიმე წლის წინ, ერთმა ჩემმა ახლო მეგობარმა პირადი ანგარიშიდან გადამირიცხა თანხა ვილნიუსში აბრომიშკეს რეაბილიტაციის ცენტრში. რამდენიმე კურსიც ჩავიტარე. კორონა რომ არა, იქნებ ჩემი მდგომარეობა გაცილებით უკეთესი ყოფილიყო დღეისთვის... დრო და დრო საშინელი ტკივილები მაწუხებს. დაახლოებით 8 წლის წინ მეგობარმა რენტგენოლოგმა მირჩია, ურეკში, ქვიშაში, სპეციალური სარეაბილიტაციო კურსები ჩამეტარებინა. მანვე გაუწია რეკომენდაცია ერთ ღვთისნიერ ცოლ-ქმარს, რომლებიც ამ საქმით იყვნენ დაკავებული. შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ - მას შემდეგ ურეკის მაგნიტით "ვსაზრდოობ". ყოველწლიურად ჩავდივარ ურეკში, მასაჟის, ვარჯიშის, ანუ ფიზიოთერაპიის 22 - დღიან კურსს ვიტარებ. წლიდან-წლამდე თავი ამით გამაქვს, საშინელი ტკივილებისგან რომ არ დავიტანჯო.

- წელსაც ჩახვალთ?

- თუ, კეთილი ადამიანები დამეხმარებიან, - უსათუოდ. ოღონდ წელს "ნაწყენი" ჩავალ. მკურნალობა გამიძვირეს.... 22 დღე 850 ლარი გახდა. თუმცა ერთი შეღავათი გამიკეთეს - ბინის ქირაში ფულს არ ვიხდი და როგორც დიდი ხნის პაციენტს, ჩემი მკურნალები მიმასპინძლებენ სკუთარ სახლში, პატივი მცეს... ბევრი უბედურება გადავიტანე, ბევრი გულისტკენა, მაგრამ მომავლის რწმენა არ დამიკარგავს. მართლა ჩემი თვალით დავინახე, დედამიწას რომ სიკეთე ამოძრავებს. ჩემი ბედის ბორბალიც კეთილი ადამიანების ძალისხმევით ტრიალებს. მათ გარეშე ალბათ, ყველაფერი 2003 წლის 31 ოქტომბერს დასრულდებოდა... ახლაც კეთილი ადამიანების იმედად ვარ...

  • საქართველოს ბანკი: GE80BG000000125594000
  • მიმღები: ვასილ სილაგაძე