ავტორი:

კრემლის რუპორად ქცეული მსახიობი სანქცირებულთა სიაში - სერგეი ბეზრუკოვის მტკიცებით, რუსული არმია უკრაინაში თურმე რუსეთის უსაფრთხოებისთვის იბრძვის

კრემლის რუპორად ქცეული მსახიობი სანქცირებულთა სიაში - სერგეი ბეზრუკოვის მტკიცებით,  რუსული არმია უკრაინაში თურმე რუსეთის უსაფრთხოებისთვის იბრძვის

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-7 პაკეტით ევროკავშირმა შეზღუდვები 57 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა. ახალი სია დღეს გამოქვეყნდა. სანქცირებულ პირებს შორის მოხვდა ცნობილი რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი, რომელიც წლებია საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბეზრუკოვი საქართველოში არაერთხელ არის ნამყოფი. მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. 2014 წელს ბეზრუკოვს მორიგი ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი თბილისში, რომელიც საზოგადოებრივი პროტესტის გამო გაუქმდა. მოვლენებს წინ უძღოდა ყირიმის ანექსია და რუსი ხელოვანების მიერ პუტინის პოლიტიკის მხარდასაჭერი წერილის გავრცელება, რომლის ხელმომწერებს შორის იყო ბეზრუკოვიც.

საქართველოში ვიზიტის გაუქმების შემდეგ ბეზრუკოვმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარი იყო ამის მიზეზი, რადგან ის ქართველ მაყურებელს ძალიან უყვარს. მისი თქმით, მასაც უყვარდა საქართველო და უკრაინა, ხელოვნება და პოლიტიკა კი უნდა გაიმიჯნოს.

ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვედრილი ბეზრუკოვის შესახებ განმარტებას ვკითხულობთ: "ბეზრუკოვი ავრცელებდა აქტიურ პროპაგანდას უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებების მხარდასაჭერად".

ჯერ კიდევ მარტში, როდესაც უკრაინაში ომი ახალი დაწყებული იყო, სერგეი ბეზრუკოვმა სპექტაკლში "პატარა უფლისწული" დონეცკსა და ლუგანსკში მცხოვრები ბავშვების წინაშე ითამაშა. მან თეატრალური წარმოდგენა დაიწყო რუსული არმიის ქებით, რომელიც რეალურად უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას კლავს, ანადგურებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს. ცნობილი მსახიობის თქმით, ჯარისკაცები "ასრულებენ თავიანთ მოვალეობას“.

მან აუდიტორიას მიმართა განცხადებით, რომ სურს მხარი დაუჭიროს მამებს, ძმებს და ქმრებს, რომლებიც დღეს უკრაინაში რუსების "უსაფრთხოებისთვის იბრძვიან".

"ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რომ ყველა ამ ბიჭმა, კაცმა, ღირსეულად შეასრულოს თავისი მოვალეობა და დაბრუნდეს სახლში, რუსეთში“, - განაცხადა კრემლის რუპორმა.

იხილეთ ასევე;