მე ვიცი, ვატო წერეთელმა რა თქვა, რა ჩასჩურჩულა ყურში ანრი ოხანაშვილს - საერთოდ არ იყო ნახსენები ლაშქარავას გვარი, უმძიმესი პირდაპირი შეურაცხყოფა იყო მიყენებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ანრი ოხანაშვილსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კობახიძე განმარტავს, ანრი ოხანაშვილმა ეთიკის და კანონის ფარგლებში გასცა პასუხი ვატო წერეთელს.
"მე ვიცი, მან {ვატო წერეთელმა} რა თქვა, რა ჩასჩურჩულა ყურში ანრი ოხანაშვილს. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში მან ტყუილი თქვა. მან უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს, რასაც თავიდან უარყოფდა, შემდეგ მიხვდა, რომ მოუწევდა ამის გადათქმა, შესაძლოა, კამერების ჩანაწერები არსებობდეს, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ პროვოკაცია მისი დაწყებულია. ამიტომ გადათქვა პირველი ტყუილი. მეორე შემთხვევაშიც ტყუილი თქვა, საერთოდ არ იყო ნახსენები ლაშქარავას გვარი. უმძიმესი პირდაპირი შეურაცხყოფა იყო მიყენებული, რასთან დაკავშირებითაც ეთიკის და კანონის ფარგლებში გასცა პასუხი ოხანაშვილმა“,- აღნიშნავს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ინციდენტი მოხდა. “ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, მას “ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა წევრები. თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთლის მხრიდან “უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.
გუშინ კი ვატო წერეთელმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წევრს, ანრი ოხანაშვილს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე გარდაცვლილი ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას შესახებ ჩასჩურჩულა.