როდესაც ადამიანი ასეთ პროვოკაციაზე მიდიხარ, თან ისეთ ადგილზე, როგორიც ამერიკის საელჩოა, ცოტა უხერხულია. პირადი შეურაცხყოფა არავის ეპატიება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ანრი ოხანაშვილსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძე განმარტავს, პირადი შეურაცხყოფის მიყენება სწორი არ არის.
"როდესაც ადამიანი ასეთ პროვოკაციაზე მიდიხარ, თან ისეთ ადგილზე, როგორიც ამერიკის საელჩოა, ცოტა უხერხულია. პირადი შეურაცხყოფა არავის ეპატიება, არ არის სწორი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პირადი შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა არიდებული იყოს. ამ მიმართულებით ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, იქნება ეს ხელისუფლება, ოპოზიცია, მედიის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ეს ძალიან ცუდად აისახება საზოგადოებაზე, მომავალ თაობაზე, ახალგაზრდებზე. მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა გვმართებს ყველას",- აღნიშნავს კალაძე.
შეგახსენებთ, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ინციდენტი მოხდა. “ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, მას “ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა "ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა წევრები. თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთლის მხრიდან “უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და "მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“. წერეთლის თქმით კი, ანრი ოხანაშვილს გარდაცვლილი ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას შესახებ ჩასჩურჩულა.