ავტორი:

ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოშია: პირველი შეხვედრა პრეზიდენტთან - რა მიზანი აქვს ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტს?

ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოშია: პირველი შეხვედრა პრეზიდენტთან - რა მიზანი აქვს ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტს?

საქართველოში დაიწყო ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც სამხრეთ კავკასიური რეგიონალური ტურნეს ფარგლებში იმართება. შეხვედრების ფარგლებში განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი.

დელეგაცია 6-კაციანია და მას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

ასევე იგეგმება შეხვედრების გამართვა სახალხო დამცველთან, არასამთავრობო სექტორთან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

ევროპარლამენტარები საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევიან.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს ვიზიტი იმართება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დროს, როდესაც საქართველო მიიღო ევროინტეგრაციის პერსპექტივა და საჭიროა ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების დროულად შესრულება. მან ასევე თქვა, რომ მისთვის გაუგებარი და არასწორია რიგ შემთხვევაში საქართველოსა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ევროპარლამენტარებს შორის გამართული საჯარო პოლემიკა, რასაც ზურაბიშვილმა "პინგ-პონგი" უწოდა.

მან ევროპარლამენტარებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის გზაზე უკან დახევა არ იქნება.

"ვიზიტი ტარდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი. ეს ვიზიტი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ამ დროს ევროპარლამენტარების მოსმენა და მათთვის ჩვენი გზავნილები უაღრესად მნიშვნელოვანი არის. ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტარები დღეს ჩამოსული არიან რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში. ეს ხაზს უსვამს ასევე ამ რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დღევანდელ მსოფლიოში.

ჩვენ უნდა გვესმოდეს და ალბათ, ეს არის მთავარი ამ ქვეყნისთვის, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც მოგვენიჭა ევროპარლამენტის და ასევე, ევროპული საბჭოს მიერ, უაღრესად მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ჩვენ ეს გვავიწყდება და ვერ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი, რომელზეც უკან დახევა არ იქნება. ეს მოითხოვს ჩვენგან, რომ ამ ევროპული პერსპექტივის ღირსი ვიყოთ. მეორე მხრივ, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს უახლოესი მომავლისთვის ის განცხადება, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, თუკი იმ მთავარ რეკომენდაციებს შევასრულებთ, რასაც 12 პუნქტს ვეძახით და რაზეც მუშაობა უნდა დაიწყოს. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში, სადაც ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის - პოლარიზაცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისათვის, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„საქართველოში ვიზიტი არის სამხრეთ კავკასიაში ჩვენი მისიის ერთ-ერთი ნაწილი და ჩვენ შევხვდებით საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ძირითადად ვისაუბრებთ საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ წინა თვეში გადაწყვეტილება ევროპის საბჭოსი გახლდათ მართლაც და ისტორიული გადაწყვეტილება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლითაც გაჟღერდა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა.

ეს გახლავთ აღიარება, რომ ევროპის პარლამენტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მზად არის, რომ საქართველო დაუახლოოს ევროპულ კავშირს, რამეთუ ევროპის კავშირის ოჯახის წევრია. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისათვის, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პრიორიტეტები ძალიან მკაფიოდ არის გამოსახული ევროპის კომისიის მოსაზრებაში. ქალბატონ ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა და გვერდზე გადადონ განსხვავებები და მათ კონსტრუქციულად ისაუბრონ და იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის - პოლარიზაცია და ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით თუ სურვილის არ ქონით იმისათვის, რომ ადამიანებმა, დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზნის მიღწევა ქვეყნისათვის, რა მიზანიც ქვეყანას აქვს დასახული. ევროპის კავშირი ყოველთვის მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რომ რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას იმ ძირითად რეფორმებზე და დემოკრატიის განვითარებაზე და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია. შარლ მიშელი ხელმძღვანელობს და ჩართულია ამ პროცესში და ეს უკვე თავისთავად უჩვენებს იმ უდიდეს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული საბჭოსაგან.

პრეზიდენტო, თქვენც ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადები გააკეთეთ და მოუწოდეთ ყველა მხარეს ერთიანობისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ამ ეტაპზე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს მუშაობა 12 პუნქტიან გეგმაზე. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ, სამოქალაქო ორგანიზაციებმაც წარმოადგინეს თავიანთი გეგმები, ეს ასახავს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, როგორც ყველას მიერ გაზიარებულ მიზანს“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.