ავტორი:

"უნდა დაკითხონ შოთაძე და გეტყვით რატომ - ეს ინციდენტი რომ მოხდა, ის მანქანაში ჯდებოდა..." - რა თქვა ვატო წერეთელმა პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ?

"უნდა დაკითხონ შოთაძე და გეტყვით რატომ - ეს ინციდენტი რომ მოხდა, ის მანქანაში ჯდებოდა..." - რა თქვა ვატო წერეთელმა პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ?

ტვ „პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის დაკითხვას ითხოვს.

ამის შესახებ წერეთელმა ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურის დატოვების შემდეგ განუცხადა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც მასა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა, სავარაუდო თვითმხილველი ირაკლი შოთაძეც იყო.

"როგორც გავიგე პროკურატურაში განცხადება ანრი ოხანაშვილსაც შეუტანია. საქმე გაერთიანებულია და ამ გაერთიანებული საქმის ფარგლებში ვიყავი გამოკითხვაზე.

როგორც ვიცი, პირველად მე გამომკითხეს, არც ოხანაშვილი, არც ზარქუა, მგალობლიშვილი და ოდიშარია გამოკითხული არ არის. ასევე არ არიან დაკითხული ჩემი თანმხლები პირები. რაც ვიცოდი, ყველ კითხვაზე ვუპასუხე. გამომძიებელი ძალიან ნორმალური ახალგაზრდა იყო. დანარჩენი ვნახოთ. მთავარია ახლა პროცედურები, რომ ამერიკის საელჩომ ითანამშრომლოს პროკურატურასთან, მიაწოდოს მასალა და ნახოს საზოგადოებამ როგორ ძალადობენ ჩვენი პარლამენტის წევრები ჯგუფურად ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე. იყო კითხვა რას უკავშირებთ ამ ინციდენტსო? - პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს იყო ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე დაგეგმილი, რათა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა და მე შევეშინებინე. „ქართულ ოცნებას“ თუ მოუვიდოდა აზრად ასეთი სიგიჟე ჩაედინა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, თორემ ნებისმიერ ადგილზე დამხვდებოდნენ და მცემდნენ ისე, რომ ქვეყანას ამ სირცხვილს აარიდებდნენ და ასეთ სიგიჟეში არ გახვევდნენ.

აუცილებლად უნდა დაკითხონ შოთაძე და გეტყვით რატომ - თუნდაც ეს ინციდენტი რომ მოხდა, ის მანქანაში ჯდებოდა და ის შეიძლება იყოს ამ თავდასხმის მოწმე. მე რომ ადამიანებს ვხვდებოდი, დაახლოებით, ორ მეტრში იდგა და სავარაუდოდ, მან ეს კომუნიკაცია დაინახა ოხანაშვილთან. აუცილებლად უნდა დაკითხოს გენერალური პროკურორი პროკურატურამ, რადგან ის იყო ორივე ადგილზე სავარაუდოდ თვითმხილველი. არა აქვს მნიშვნელობა ამ ქვეყანაში გენერალური პროკურორი ხარ თუ ბიძინა ივანიშვილი, კანონი არის კანონი და უნდა მისცეს ჩვენება რაც დაინახა“, - განაცხადა წერეთელმა.

ამასთან, წერეთელი აცხადებს, რომ ამ ინციდენტამდე არ იცნობდა არც ზარქუას, არც მგალობლიშვილს და არც ანრი ოხანაშვილს.

„მე თუ დამაბრალეს ახლა მგალობლიშვილის ცემა, ეს იგივეა, გიგი უგულავას რომ დააბრალეს ძიუდოისტის ცემა. როგორც ვიცი მგალობლიშვილი კალათბურთელი იყო, მე როგორ უნდა დამაბრალო რომ კალათბურთელს ფიზიკურად გავუსწორდი?!“, - განაცხადა წერეთელმა და დასძინა: “ამ თემის თაროზე შემოდება რომ ვერ მოხდება, ამის პირობას ვაძლევ პროკურატურას“.