თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე სასამართლოს დაცვის მხარემ გირაოს სახით მილიონ ლარი შესთავაზა. ამასთან, ადვოკატებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში, გალიფ ოზთურქი ელექტრონულ სამაჯურს ატარებდა, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. პროკურორები გალიფ ოზთურქის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს.
თავად ბრალდებული გალიფ ოზთურქი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა. გალიფ ოზთურქის თქმით, იგი წარდგენილ ბრალს უარყოფს და აბსურდულს უწოდებს.
გალიფ ოზთურქი დაკავებას ერთ-ერთ პროექტს უკავშირებს, რომლის ფარგლებში, მისივე თქმით, უცხოელი ინვესტორები თავად ჩართო.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში დააკავა.
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს.