ავტორი:

"სიკვდილის ველი" და თავისით მოძრავი ე.წ. მცურავი ქვების საიდუმლო - ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე

"სიკვდილის ველი" და თავისით მოძრავი ე.წ. მცურავი ქვების საიდუმლო - ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე

Death Valley-ს ეროვნული პარკი - ერთ-ერთი უცნაური ადგილია არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ დედამიწაზეც. მთათაშორისი ღრმული აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, მოჰავეს უდაბნოსა და დიდი აუზის რაიონებს შორის, სიერა-ნევადას მთათა სისტემის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. სწორედ "სიკვდილის ველზეა" ამერიკის ყველაზე დაბალი წერტილი (ზღვის დონიდან 86 მეტრს ქვემოთ). ამ ტერიტორიაზე 1913 წელს დაფიქსირდა დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე მაღალი ტემპერატურა +56.7 °C.

ეროვნული პარკი, ნებისმიერი სტანდარტის მიხედვით, უცნაური ადგილია, თუმცა ყველაზე მისტიკური მაინც მოძრავი ქვებია, რომლებიც თავისით გადაადგილდებიან.

  • "მცურავი" ქვების საიდუმლო

"სიკვდილის ველის" ეროვნული პარკში გვხვდება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფენომენი - გრავიტაციული მიზეზის გარეშე მოძრავი ქვები. მათ "მცურავ ქვებს" ეძახიან. ეს ქვები ერთმანეთისგან ზომებში განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ პირადად არავის უნახავს მათი მიწაზე გადაადგილება, ქვების მდებარეობის პერიოდული ცვლილებები და მათ უკან დატოვებული ბილიკები ცხადყოფს, რომ ისინი ნამდვილად გადაადგილდებიან. ბევრ უშველებელ ქვას 500 მეტრის სიგრძის კვალი აქვს დატოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თავდაპირველი ადგილიდან, მართლაც შორ მანძილზე გადაადგილდებიან.

დაკვირვების შედეგად ვხედავთ, რომ უხეში ზედაპირის მქონე ქვები სწორ კვალს ტოვებენ, ხოლო გლუვძირიანები უფრო გაფანტულად მოძრაობენ, სხვადასხვა ტრაექტორიებით.

მცურავ ქვებს, მეცნიერები, 1900-იანი წლებიდან სწავლობენ და მათი იდუმალი მოძრაობების ასახსნელად რამდენიმე თეორია შეიმუშავეს. 2014 წელს მეცნიერებმა პირველად შეძლეს ქვების მოძრაობის გადაღება Time-lapse ფოტოგრაფიის გამოყენებით (ამ დროს მუდმივად იღებენ ერთსა და იმავე ადგილის ფოტოს, დღეების, კვირების და თვეების განმავლობაში). შედეგები ცხადყოფს, რომ მცურავი ქვები ყინულის, წყლისა და ქარის სრულყოფილი ბალანსის შედეგია. 2014 წლის ზამთარში წვიმამ შექმნა პატარა გუბე, რომელიც ღამის განმავლობაში გაიყინა და მეორე დღეს გალღვა, რის შედეგადაც შეიქმნა ყინულის მასშტაბური თხელი ფენა... მალე მსუბუქი ქარის გამო, ყინულის ეს ფურცელი დაიშალა და ქვების უკან დაგროვდა, შემდეგ კი, ნელ-ნელა, წინ უბიძგებდა მათ.

"სიკვდილის ველის" მცურავი ქვები ერთნაირად აოცებს ვიზიტორებსა და მეცნიერებს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქვების მოძრაობაზე პასუხი ნაპოვნია, მაგრამ ვინ იცის, სხვა რა საიდუმლოებები იმალება "სიკვდილის ველზე"...

წყარო: nationalparks

მოამზადა: ანა სიბოშვილმა