ავტორი:

ჩინ-ჩინ! სათვალე 1 ლარად - „აფლელუ პარიზის“ შეთავაზებით შეგიძლიათ ახლა უკვე მეორე კონცეპტუალურ მაღაზიაში ისარგებლოთ

ჩინ-ჩინ! სათვალე 1 ლარად - „აფლელუ პარიზის“ შეთავაზებით შეგიძლიათ ახლა უკვე მეორე კონცეპტუალურ მაღაზიაში ისარგებლოთ

43-წლიანი ისტორიის მქონე ფრანგულმა ოპტიკურმა ბრენდმა „აფლელუ პარიზმა“ თბილისში მეორე მაღაზია გახსნა. 1 წლის წინ პირველი ოპტიკური სალონი საბურთალოს „სითი მოლში“ გაიხსნა, მეორე ბრენდული სივრცე კი უკვე კავკასიის მედიცინის ცენტრშია წარმოდგენილი. ორივე კონცეპტუალურ მაღაზიასა და ჯიპისის სააფთიაქო ქსელში „აფლელუ პარიზის“ უნიკალური აქცია Tchin-Tchin-ი მოქმედებს: ნებისმიერი ბრენდის სათვალისა და ჩარჩოს შეძენისას მომხმარებელი „აფლელუს“ კოლექციიდან მეორე სასურველ სათვალეს მხოლოდ 1 ლარად მიიღებს.

საერთაშორისო აქციას საფუძველი 2014 წელს ბრენდის დამფუძნებელმა ალან აფლელუმ ჩაუყარა და მას შემდეგ მუდმივად მოქმედებს. წელიწადის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ დღეს მაღაზიაში მისულ მომხმარებელს საშუალება აქვს, Tchin-Tchin შეთავაზებით ისარგებლოს და ორი უმაღლესი ხარისხის ოპტიკური პროდუქტის მფლობელი გახდეს.

როგორც „აფლელუ პარიზის“ საერთაშორისო განვითარების კოორდინატორმა კონსტანტინ პანეფმა თბილისში მეორე მაღაზიის გახსნის ცერემონიაზე აღნიშნა, ყველა იმსახურებს ჰქონდეს მაღალი ხარისხის ოპტიკური პროდუქცია და ბრენდის მამოძრავებელი ძალაც სწორედ ეს არის. მისივე თქმით, ქართველმა მომხმარებელმა სწრაფად აიტაცა Tchin-Tchin აქცია და „აფლელუ პარიზის“ კიდევ უფრო გაფართოების მიზეზიც სწორედ მაღალი მოთხოვნა გახდა.

„აფლელუ პარიზს“ 19 ქვეყანაში 1250 მაღაზია აქვს, ასე რომ, მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მათ საჭიროებებზე მორგების დიდი გამოცდილება გვაქვს. საქართველოში გახსნიდან პირველი წლის განმავლობაში დავინახეთ, რომ მომხმარებელი ძალიან დაინტერესებულია ჩვენი Tchin-Tchin შეთავაზებით და მოხარულები ვართ, რომ მისით სარგებლობის საშუალება უკვე როგორც „სითი მოლში“ მდებარე მაღაზიაში, ახლა უკვე კავკასიის მედიცინის ცენტრსა და ჯიპისის ახალი ფორმატის აფთიაქებშიც აქვთ,“ - აღნიშნა „აფლელუ პარიზის“ საერთაშორისო განვითარების კოორდინატორმა და ოპტიკოსმა.

„აფლელუ“ პარიზის გენერალური მენეჯერის ანი გიგინეიშვილის თქმით, ბევრი მომხმარებელი მაღაზიებში უკან ბრუნდება მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად, რათა თავისთვის შეარჩიონ სასურველი სათვალე და მეორე თანმხლებ ადამიანს საჩუქრად შეარჩევინონ.

„ბევრს ჰგონია, რომ ეს შეთავაზება მხოლოდ გარკვეული პერიოდით გვაქვს, თუმცა ასე არ არის: მეორე სათვალე 1 ლარად არის მუდმივი აქცია, რომლითაც ნებისმიერი ბრენდის სათვალის შეძენისას ისარგებლებთ. ქართველი მომხმარებლისთვის აღნიშნული შეთავაზება იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში ძალიან სწრაფად მოვიპოვეთ პოპულარობა და ახლა ქსელს ვაფართოებთ,“ - აღნიშნა ანი გიგინეიშვილმა.

მისი თქმით, „აფლელუ პარიზის“ კავკასიის მედიცინის ცენტრში გახსნა შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ოპტიკურ პროდუქციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის, რადგან კლინიკაში პროფესიონალური ოფთალმოლოგიური სერვისის მიღებაც არის შესაძლებელი, მათ შორის სამედიცინო მანიპულაციებისაც.

„აფლელუ პარიზის“ ოფთალმოლოგთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია საბურთალოს „სითი მოლში“ მდებარე ოპტიკურ სალონსა და ჯიპისის ახალი ფორმატის 4 აფთიაქშიც, სადაც „აფლელუ პარიზის“ კუთხეა წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ „აფლელუ პარიზის“ ოფიციალურ მაღაზიაში კონკრეტულად „აფლელუს“ ბრენდის პროდუქციის გარდა წარმოდგენილია Tom Ford-ის, Gucci-ს, Montblanc-ის, Mykita-ს, Ray-ban-ის, Persol-ის, Komono-სა და ექსკლუზიურად Moscot-ის სათვალეები, ლინზები და აქსესუარები.

აფლელუ პარიზის შექმნის ისტორია მოკლედ:

„აფლელუ პარიზი“ დააარსა ალან აფლელუმ, რომელმაც 23 წლის ასაკში მიიღო ოტპომეტრისტისა და აუდიომეტრისტის ორმაგი ხარისხი. მან ოპტიკის პირველი მაღაზია ბორდოში გახსნა, 1978 წლისთვის კი პატარა მაღაზიიდან მთელი ინდუსტრია შექმნა, რამაც თავბრუდამხვევი წარმატება მოუტანა. მიზეზი კი იყო რევოლუციური სარეკლამო კამპანია, რომლითაც მომხმარებელი რეალურ სარგებელს იღებდა - ნებისმიერი ბრენდის სათვალე ნახევარ ფასად. 7 წელიწადში „აფლელუმ“ საფრანგეთში მაღაზიების რაოდენობა 100-მდე გაზარდა, ამავდროულად ის ხელს უწყობდა დამწყებ ბიზნესს და ახალგაზრდებს, რომელთაც საინტერესო იდეები ჰქონდათ.

ბრენდის ოფიციალური მაღაზიები ხასიათდება სისადავით, ელეგანტურობით, სინათლითა და ფერთა სასიამოვნო გრადაციით, რაც დიზაინერების მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. ამავე კონცეფციითაა შექმნილი „აფლელუ პარიზის“ თბილისის მაღაზიები, სადაც მომხმარებელს საუკეთესო სერვისის მიღების საშუალება აქვს.