ავტორი:

"ეს არ არის სწორი მიდგომა - არ მინდა რამე მძიმე სიტყვა, მაგალითად, შანტაჟი გამოვიყენო, მაგრამ..." - რა ხდება ბიუროს სხდომაზე: პაპუაშვილი-უსუფაშვილის განცხადებები

"ეს არ არის სწორი მიდგომა - არ მინდა რამე მძიმე სიტყვა, მაგალითად, შანტაჟი გამოვიყენო, მაგრამ..." - რა ხდება ბიუროს სხდომაზე: პაპუაშვილი-უსუფაშვილის განცხადებები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო ბარიერი არ არის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ნაწილი და სასაუბროდ ამ საკითხის წინაპირობად დაყენება არასწორი მიდგომაა ევროპული მომავლის მიმართ.

ამ განცხადებით პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე „ლელოს“ წევრს, დავით უსუფაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ მიდგომა, რომ საკონსტიტუციო ცვლილები სასაუბროდ გზას ხსნის, არასწორია. „რაღა უნდა გაგვიკვირდეს - წინაპირობად დაყენება ხდება რაღაც საკითხის იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე მუშაობაში მონაწილეობა მივიღოთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს არ არის ის, რასაც ევროკავშირი მათგან ელოდება.

"ეს არ არის არც სწორი მიდგომა ჩვენი მომავლის მიმართ, არც სერიოზული მიდგომა წარსულის მიმართ. ეს არ არის ის, რასაც ევროკავშირი ჩვენგან ელოდება. მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ საარჩევნო ბარიერის საკითხი არ არის 12 პუნქტის ნაწილი, წერტილი. ამის დაყენება, როგორც წინაპირობა 12 პუნქტზე სასაუბროდ, ვფიქრობ, რომ არის ჩვენი ევროპული მომავლის მიმართ არასწორი მიდგომა. არ მინდა, ბიუროს სხდომაზე რამე მძიმე სიტყვა, მაგალითად, შანტაჟი გამოვიყენო, მაგრამ არ არის კარგი, რომ ის იყოს საუბრის წინაპირობა“, - მიმართა პაპუაშვილმა უსუფაშვილს.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საპარლამენტო უმრავლესობის კეთილი ნებაა და არა ვალდებულება.

"ალბათ, იმდენადაა ეს პოლარიზაცია გაღრმავებული, რომ აღარც გესმით, რას ვსაუბრობდით მაშინ, როდესაც პირველი მოსმენით ვიღებდით - შეგახსენებთ, ვთქვით, რომ ჩვენ ეს ვალდებულება არ გვქონდა, რომ ეს ცვლილება მიგვეღო, მაგრამ ვამბობდით, რომ შეიძლება მიზანშეწონილი იყოს, გარკვეულ პირობებში არსებობდეს დაბალი ბარიერი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დაბალი ბარიერის მიღება კი არაა პოლარიზაციის დასრულების საფუძველი, არამედ - პირიქით.

"სამწუხაროა, რომ ალბათ, ერთმანეთის არ გვესმის. ვამბობდით, რომ პირველი მოსმენით მიღება იყო უმრავლესობის კეთილი ნება და შემდეგი მოსმენებით მიღებაც იქნება კეთილი ნება იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც არსებობს. გვითქვამს, რომ დაბალი ბარიერის მიღება კი არაა პოლარიზაციის დასრულების საფუძველი. პირიქით - პოლარიზაციის დასრულება არის დაბალი ბარიერის ფუნქციონირების წინაპირობა. ვინაიდან 2020 წელს გვქონდა დაბალი, 1%-იანი ბარიერი და ამან არათუ პოლარიზაციის მოხსნა და მრავალპარტიულობა უზრუნველყო, არამედ გააღრმავა პოლარიზაცია და არითმეტიკული სიმრავლის მოცემა პარლამენტში, როდესაც შინაარსობრივად სიმრავლე ისეთი არაა, როგორიც უნდა არსებობდეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ როგორც ბიუროს სხდომაზე „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღება ხნის გზას კომისიებში, დროებით ჯგუფებში და კომიტეტებში მუშაობაში მონაწილეობაზე.

"საკონსტიტუციო ცვლილების თემა იმიტომაა წამოწეული წინა პლანზე, რომ ის სრულად შეესაბამება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს. იქ საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, 19 აპრილის შეთანხმებაზე. ეს ცვლილებები ზუსტად ამ თემებს ეხმიანება. ესაა საკითხი, რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ. ერთი წლის წინ ერთად მოვაწერეთ ხელი მის ინიცირებას საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ნახეთ ვიდეო: