სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა.
პროკურატურა გოგაშვილისთვის ბრალდების წაყენების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.