დეპუტატი ალეკო ელისაშვილის ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო აგორებულ ამბებს ეხმაურება და მის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, კვარაცხელია ომის დაწყებისთანავე რუსეთიდან წამოვიდა და ეს იყო მისი პატრიოტული განაცხადი.
"ვიღაც არაფრისმაქნისები ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ, რუსეთს რატომ არ აგინაო. ისეთები ანთხევენ ბოღმას, მართლა არაფრისმაქნისები რომ არიან და მარტო სხვის ლანძღვაში რომ გახდნენ დიდოსტატები.
კვარაცხელია ომის დაწყებისთანავე რუსეთიდან წამოვიდა და ბათუმში ითამაშა დიდებულად, ეს იყო მისი პატრიოტული განაცხადი. თავი დაანებეთ ამ ბიჭს, მასზე დიდ ქართულ საქმეს არავინ არ აკეთებს და მით უფრო ვიღაც ქეციანი უსაქმურები თითი თითზე რომ არ დაუდიათ საქართველოსთვის. მიდი ხვიჩა, მაგ ტუტუცებს არ უგდო ყური! ეგეთები სულ იქნებიან, მთავარია შენ გვასახელო კიდევ უფრო მეტად! გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას!" - წერს ალეკო ელისაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ ნეაპოლში გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას ჰკითხეს, რატომ დატოვა რუსული კლუბი (ყაზანის "რუბინში), რაზეც მან უპასუხა:
"ვფიქრობ, ეს ცოტა რთული საკითხია. უფრო პოლიტიკური შეკითხვაა. დავტოვე იმიტომ, რომ საჭიროება მოითხოვდა და ვფიქრობ, ჩემი ქვეყნის გამო სწორი გადაწყვეტილება მივიღე", - აღნიშნა კვარაცხელიამ.
ფეხბურთელი ამ კომენტარის გამო ქართული საზოგადოების ნაწილმა ინტერნეტსივრცეში გააკრიტიკა. წერდნენ, რომ მისგან უფრო მწვავე რეაქციას და კომენტარს ელოდნენ რუსეთთან დაკავშირებით.
ნახეთ ასევე: