სუს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილი ქალიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მშობლები და ძმა, სავარაუდოდ, ამ დრომდე სახლში იმყოფებიან.
"დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი 10 წლის ძმა პეტრე და ჩემი ძმის 4 წლის შვილი, სავარაუდოდ ამ დრომდე ისევ სახლში იმყოფებიან, იარაღით აღჭურვილ პირებთან ერთად.
არავის არ აძლევენ შესვლის უფლებას, არ გვინახავს როგორ არიან. 8 საათის განმავლობაში იმყოფებიან ასე!!!!!! არაადამინები ხართ და პასუხს აუცილებლად აგებთ და ყველა ზომას მივმართავთ, რომ ყველამ გაიგოს სინამდვილეში, რასაც წარმოადგენთ ამ ყველაფრის დამგეგმავები!!!
გთხოვთ, ყველა კარგ ადამიანს, დამეხმარეთ ამ სიბოროტესთან ბრძოლაში რომ გადავარჩინო ჩემი ოჯახი და იგივე თქვენს ოჯახებსაც არ დაემართოს", - წერს ნინი გოგაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი დაკავებულია.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ გოგაშვილის სახლში სპეცრაზმელის ფორმაში ჩაცმული პირები შევიდნენ და ის დააკავეს. "სპეცოპერაცია მომიწყო გრიგოლ ლილუაშვილმა, ვაიმე, დედა, რას აკეთებენ... ბავშვი ისტერიკაში ჩამივარდა", - ისმის ვიდეოში ქალის ხმა.
გოგაშვილი წერდა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. რამდენიმე დღის წინ კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.
სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.