აქამდე თუ გამოცდებზე აბიტურიენტებს მშობლები აცილებდნენ, ამჯერად მოსწავლეებმა მასწავლებელი პროფესიული უნარების გამოცდაზე მიაცილეს და წარმატება უსურვეს... ფოტოებს სოციალურ ქსელში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელი ლელა იმედაშვილი ავრცელებს და წერს:
"15 ივლისი, დილის 7 საათი და 30 წუთი... დღეს პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ... ჩვენს სტუმარს, ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის თანაშემწეს ნატალია ელიზბარაშვილს, ქუჩიდან ესმის დიალოგი:
- არ ინერვიულო, მას, ჩვენ თქვენთან ვართ, თქვენ ამას შეძლებთ და ჩააბარებთ...
ქალი გაოცებული მეძახის, მასწავლებელი მოაცილეს გოგო ბავშვებმა, ნახე გეხვეწებიო..
რა ვთქვა, არ ვიცი...
მასწავლებლობა ყველაზე აღმატებული პროფესიაა პროფესიათა შორის - ამას ხშირად ვიმეორებ და ა, ბატონო, დასტური.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ბუნებრივია, მინახავს შვილების გულშემატკივარი მშობლები, მინახავს მოსწავლეების გულშემატკივარი მასწავლებლები (მათ შორის რეპეტიტორები), მაგრამ დღეს, დილაუთენია, ვნახე მასწავლებლის გულშემატკივარი მოსწავლეები - სამი საოცარი ბიჭი (რა თქმა უნდა, ვიცი, ვინც არიან, მაგრამ სანამ მათთან არ შევათანხმებ, ვერ დავასახელებ)...
და დღეს ვნახე გულაჩუყებული, ბედნიერი და ცოტა დაბნეული მასწავლებელი - თავმდაბლად მადლობას რომ უხდიდა და ეფერებოდა თავის მოსწავლეებს...
ასეთი დღეებისთვის ღირს ცხოვრებაც და მასწავლებლობა ხომ ღირს და ღირს
პ.ს. - არავინ შეეცადოს დღეს ჩემს გაბრაზებას - ისეთ ხასიათზე ვარ, მაინც არ გამოგივათ...
პ. ს. ის პ. ს. დასრულებამდე ელოდებოდნენ ჩავუსაფრდი გადავუღე..."