პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი ნივთები ოჯახს გადაეცა.
როგორც "სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ განმარტავენ, გენერალურმა პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოჯახს სრულად გადასცა სპეცოპერაციის დღეს ამოღებული ნივთები.
როგორც "სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წევრმა, თამთა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოჯახს გადაეცა თანხა, რომელზეც "სუსი დაუსაბუთებლად მიუთითებდა, რომ თითქოს, დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული“.
“რამდენიმე დღის წინ, წელიწად-ნახევრიანი ლოდინის შემდეგ, პროკურატურამ ოჯახს თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი ნივთები დაუბრუნა, მათ შორის ტელეფონი. მოხდა იმ თანხის დაბრუნებაც, რომელსაც სუსი დაუსაბუთებლად მიუთითებდა, რომ თითქოს დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული. საქმის მასალების მიხედვით, ეს არ დასტურდებოდა, ამ თანხის დაბრუნებამ ჩვენი პოზიციების სისწორე აღიარებინა პროკურატურას“,- განაცხადა თამთა მიქელაძემ.
ცენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი მობილური ტელეფონის გადმოცემის შემდეგ მისი სრულყოფილად დათვალიერება ვერ შეძლეს "რადგან მის Facebook და WhatsApp აპლიკაციაზე წვდომა ვერ ხერხდება“. ამ აპლიკაციებზე წვდომა მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ გამოძიების ოფიციალური ვერსიის გადასამოწმებლად.
ინფორმაციისთვის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს, კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უდანაშაულო ადამიანის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს და იმ სპეცრაზმელის დასჯას მოითხოვს, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გასროლა განახორციელა. საქმეზე გამოძიება პროკურატურამ სწორედ მაჩალიკაშვილების ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.
2020 წლის 28 იანვარს კი თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.