ავტორი:

"დედა, ეკა ჩხეიძე, ჩემი საუკეთესო მეგობარია, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო" - იტალიაში წარმატებული ქართველი კარიერასა და ცნობილ ოჯახზე: ინანო მუშკუდიანის გზა ინდუსტრიულ დიზაინერობამდე

"დედა, ეკა ჩხეიძე, ჩემი საუკეთესო მეგობარია, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო" - იტალიაში წარმატებული ქართველი კარიერასა და ცნობილ ოჯახზე: ინანო მუშკუდიანის გზა ინდუსტრიულ დიზაინერობამდე

ინანო მუშკუდიანი იტალიაში ინდუსტრიული დიზაინერი და ინტერიერის არქიტექტორია. ამჟამად ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში მუშაობს. უცხო ქვეყანაში წარმატებული გოგონა საკმაოდ ცნობილი ოჯახიდანაა. ის ქართველი რეჟისორის თემურ ჩხეიძის შვილიშვილი და მსახიობ ეკა ჩხეიძის ქალიშვილია. ინანო პრესასთან ურთიერთობას გაურბის, მაგრამ ამჯერად გამონაკლისი დაუშვა და იტალიიდან ვრცლად გვესაუბრა:

- ისეთ ოჯახში დაიბადეთ და გაიზარდეთ, სადაც ოჯახის თითოეულ წევრს კულტურის სფეროში უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი. როგორი იყო თქვენი ბავშვობა ასეთ გარემოცვაში - ჰობი, მისწრაფებები, პროფესიის არჩევა?

- ხელოვანთა ოჯახში დავიბადე და ხელოვნებით არის ჩემი ცხოვრება მოცული... ხელოვნების ყველა სახეობის მიმართ ინტერესი და მისწრაფება, ღრმა ბავშვობიდან, სწორედ ოჯახიდან გამომდინარე ჩამომიყალიბდა. მაგალითად, მუსიკა ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს შეადგენს, განსაკუთრებულად მიყვარს. ეს გრძნობა ჩემში ბუნებრივად ჩამოყალიბდა. დედაჩემის დედა, ლალი გურგენიძე, მევიოლინეა, მის კვალს გაჰყვა მოგვიანებით ჩემი დეიდაც, თეონა ჩხეიძე, რომელიც დღეს ძალიან წარმატებული მევიოლინეა ინტერნაციონალურ მუსიკალურ სამყაროში. ის წლებია გერმანიასა და ავსტრიაში მოღვაწეობს. ამას იმიტომ ვყვები, რომ დაბადებიდან კლასიკური მუსიკის ფონზე ვიზრდებოდი, სულ მცირე იმის გამო, რომ დეიდაჩემი ძალიან ბევრს მეცადინეობდა... მეორეს მხრივ მამაჩემის მამა, თენგიზ მუშკუდიანი, ოპერის მომღერალია და ალბათ სისხლშიც მირევია მუსიკის მიმართ დიდი სიყვარული. პატარა ვიყავი, ფორტეპიანოზე დაკვრის სურვილი რომ გამოვთქვი და მერე მუსიკალური შვიდწლედიც დავამთავრე. პარალელურად, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში დავდიოდი და ბალერინობაზე ვოცნებობდი.

ყველაზე განსაკუთრებულად და აღტაცებით მახსენდება სპექტაკლები, რომლებშიც მონაწილეობას ვიღებდი... პირველად მაშას როლი მერგო "მაკნატუნაში", რომელიც თამაზ ვაშაკიძის ქორეოგრაფიით დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში. არასოდეს დამავიწყდება ის ქაოსი და უსწრაფესი გულისცემა, პირველად სცენაზე გასვლის წინ რომ ვიგრძენი. სპექტაკლის დაწყებამდე კულისებში დედა უკან მედგა, თავისი პატარა საიდუმლო "რიტუალი" გამაკეთებინა, სცენაზე გასვლის წინ, რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო და გამიშვა. ამას მოჰყვა "მძინარე მზეთუნახავი", გასტროლები მოსკოვში… მახსოვს, იმ დროს დანამდვილებით ვიცოდი, რომ ბალეტს გავყვებოდი.

ამ ყველაფრის პარალელურად, მამაჩემის დამსახურებით, (რომელიც არქიტექტორია), ღრმა ბავშვობიდან ვხატავ. შესაბამისად, მხატვრობაც ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. ხატვა ყოველთვის საოცნებო პროფესიასა და ჰობს შორის მერყეობდა. თუმცა უნდა ვაღიარო: ჩაბნელებულ ცარიელ პარტერზე, ბჟუტურა პატარა ნათურით განათებულ, კულისებისკენ მიმავალ შავ ლაბირინთებზე, საგრიმიოროს ფუსფუსზე და სცენის პარკეტის ჭრაჭუნზე დიდი პოეზია და მისტიკა ჩემთვის დღემდე ცოტა რამეს აქვს. როცა შემეძლო, სულ ვესწრებოდი რეპეტიციებს. სპექტაკლებს იმდენჯერ ვნახულობდი, სანამ ყველა სცენას და რეპლიკას ზეპირად არ ვისწავლიდი... იყო პერიოდი, უმეტეს დროს თეატრში ვატარებდი, ან უბრალოდ ახლა მახსენდება ასე, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ცოტა რამ ხდებოდა ჩემს გარშემო. რეალურად მსახიობობაზე ფიქრი მარტო მაშინ დავიწყე, როდესაც დათო საყვარელიძემ სპექტაკლში დამაკავა. ეს იყო პიესა, სახელწოდებით "სახლი საზღვარზე", რომელიც ერთი ოჯახის ისტორიაზეა და მე უმცროსი ქალიშვილის როლი მერგო. ხმის ამოღება დიდად არ მევალებოდა, მხოლოდ ხასიათში უნდა მეთამაშა, ეს ჩემი დიდი სამსახიობო კარიერის პირველი ნაბიჯები მეგონა...

- ქალბატონი ეკა შეუდარებლად გამოიყურება, ალბათ ბევრს დები ჰგონიხართ... როგორია თქვენი დედა-შვილობა?

- დედა ჩემი საუკეთესო მეგობარია. ეს ყოველთვის ასე არ იყო და საკმაოდ დიდხანს გვქონდა კლასიკური დედა-შვილური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ყველაფერი მაშინ შეიცვალა ეტაპობრივად, როდესაც გერმანიაში წავედი სასწავლებლად და დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე. იქ თანდათანობით ვიგრძენი, რომ ჩვენი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება და ამ ურთიერთობის აღქმა იცვლებოდა. დღეს ეკა ჩემი საუკეთესო მეგობარია, ასი პროცენტით გულწრფელი და თანასწორი დიალოგი გვაქვს ყოველ ჯერზე ერთმანეთთან. ეკას ისეთი ხასიათი აქვს, რომ უფროსი ადამიანის გვერდით ყოფნის "დისკომფორტს" ახალგაზრდა ადამიანს არასოდეს გაუჩენს, ამიტომ ჩვენი სიყვარული დედა-შვილურს დიდი ხანია სცდება და ბონუსად მეგობრული სიყვარულიც ემატება.

- საზღვარგარეთ პატარა ასაკში წახვედით, დიდ წარმატებას მიაღწიეთ და კარიერა აიწყვეთ... ეს ყველაფერი როგორ შეძელით?

- ცოტა რომ წამოვიზარდე და ნელ-ნელა იმაზე ფიქრის დაწყება მომიწია, რეალურად რა საქმეს ავარჩევდი სამომავლოდ, ისე მოხდა, რომ ბიზნეს ადმინისტრირებაზე ჩავაბარე კავკასიის უნივერსიტეტში. ეს ერთის მხრივ ოჯახის რჩევა იყო, რადგან ტექნიკური საგნები მეხერხებოდა და მათემატიკაც ძალიან მიყვარდა. მშობლების აზრი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, დღემდე ორივეს მაქსიმალურად ვუზიარებ ნებისმიერი სახის გამოცდილებას და მათ გადმოსახედსა თუ რჩევას ვითვალისწინებ. ასე მოხდა უნივერსიტეტის არჩევის პროცესშიც. ეს ყველაფერი ჩემი 4 წლიანი ბაკალავრის გავლით და ბიზნეს სკოლის დამთავრებით დასრულდა.

შემდეგ მოხდა ისე, რომ მამაჩემის მიერ დაფუძნებული კომპანიის, "ოპერა დიზაინის" მენეჯმენტში ჩავერთე. ნელ-ნელა დავიწყე დიზაინის სამყაროს გაცნობა, თუმცა ჩემი საქმე ბევრად უფრო ტექნიკური საკითხების მოგვარებას და ხელმძღვანელობას გულისხმობდა. მალევე მივხვდი, რომ გული დიზაინისკენ მიმიწევდა. მახსოვს შოურუმში ზოგჯერ დავდიოდი და ვაკვირდებოდი, როგორ იყო ზოგიერთი ნივთი გაკეთებული. ორი წლის თავზე, მამაჩემის დიდი თანადგომის დამსახურებით, რომში დიზაინის სასწავლად წავედი. ინტერიერის და ინდუსტრიული დიზაინის დიპლომი ავიღე, რადგან ორივე მაინტერესებდა და არჩევანის გაკეთება არ მინდოდა. ამის შემდეგ მივხვდი, რომ მაგისტრატურის გაკეთება მინდოდა და მილანში ნაბას უნივერსიტეტში ჩავაბარე ორწლიან პროგრამაზე.

მაგისტრატურის დაწყებისთანავე რამდენიმე კომპანიაში კრედიტების დასაგროვებლად ვიმუშავე. ბოლომდე არ მქონდა საკუთარი მიმართულება ნაპოვნი, ამიტომ ვცდილობდი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიდგომის სტუდიებში მიმეღო გამოცდილება.

ძალიან ბრწყინავდა მაშინ ჩემთვის იტალიური დიზაინის სამყარო და მასში ფეხის შედგმის შესაძლებლობა რომ მეცემოდა, წარმოუდგენელ სიხარულს მანიჭებდა... უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე ჩემი ნამუშევრები ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერისთვის გამეგზავნა. მისი გაკეთებული ავეჯით და განათებებით სავსე იყო "ოპერა დიზაინის" შოურუმი და თბილისიდან მოყოლებული განსაკუთრებულად მომწონდა ეს დიზაინერი. დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ პასუხს არავინ გამცემდა, ჩემი ნამუშევრები ამოვბეჭდე, მის სტუდიაში მივედი და დიდი სქელყდიანი პორტფოლიო შემოსასვლელში, მაგიდაზე დავტოვე. მეორე დღეს გასაუბრებაზე დამიბარეს, მესამე დღიდან ჯუნიორ დიზაინერი ვიყავი მარკ სადლერის სტუდიაში. ახლაც მახსოვს, სადლერის სტუდიიდან მეილი რომ მომივიდა, რამხელა ემოცია ვიგრძენი.

ამას მოგვიანებით მოყვა ძალიან რთული, მაგრამ საოცრად მრავლისმომცემი გამოცდილება საათების და სამკაულების ყველაზე დიდი ქსელის, "პიზას" არტ-დეპარტამენტში მუშაობა. არც საკმარისი გამოცდილება მქონდა, არც საკმარისი განათლება იმისთვის, რომ ეს საქმე მეკეთებინა, მაგრამ გამოწვევად დავინახე და გადავწყვიტე, მთელი ჩემი მონდომება და ენერგია ამაში ჩამედო. ბოლო პროექტის დასრულებისთანავე მქონდა პირველი რეალური მომენტი, როდესაც მივხვდი, რომ ახალი და დიდი გამოწვევებისთვის მზად ვარ. ასე მოვხვდი საბოლოოდ ვინჩენცო დეკოტისის სტუდიაში. თავიდან ინტერიერის დიზაინერად ამიყვანეს, თუმცა მალევე გადავედი ავეჯის დიზაინის დეპარტამენტში. დღეს წარმოების მენეჯერი ვარ და ავეჯის, განათებისა და სხვა ნებისმიერი ინტერიერის ელემენტის იდეიდან რეალიზაციამდე მიყვანა მაბარია.

ინა მუშკუდიანის ნამუშევრები

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- სამომავლო გეგმებს ძალიან შორეულ მომავალში არასოდეს ვსახავ, რადგან ძალიან რეალისტი ვარ და უსაფუძვლო ოცნება დიდად არ მიყვარს, თუმცა არის რაღაცეები, რაზეც გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ხანია ვფიქრობ. ერთ-ერთი ასეთი იდეა საკუთარი სტუდიის გახსნაა. ჩემს ამბივალენტურ დიზაინს რაღაც მხრივ დადებითად ვუყურებ იქიდან გამომდინარე, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი ხელოვნებამდე დადის და ხელოვნება ყველა პატარა არტისტულ სფეროს ერთ დიდ მთლიანობად კრავს.

აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება ჩემთვის იმაზე მუშაობა, რომ მაქსიმალურად მრავლისმომცველი იყოს ჩემი საქმე და თავისუფლად შემეძლოს ინტერიერისა და ავეჯის პარალელურად გრაფიკულ დიზაინზეც ვიმუშაო და ინსტალაციებზეც. რა თქმა უნდა, იმაზე დიდ ბედნიერებას ვერაფერი მომანიჭებს, ვიდრე ამ იდეის ისე განხორციელება, რომ საქმე იტალიის გარდა საქართველოშიც მქონდეს საკეთებელი.