იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა პრეზიდენტმა სერხიო მატარელამ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა.
პრემიერმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მმართველ კოალიციაში შემავალმა ერთ-ერთმა პარტიამ, "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ" უარი თქვა მონაწილეობა მიეღო სენატში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე და საპარლამენტო უმრავლესობიდან გავიდა.
იტალიის პრეზიდენტმა სერხიო მატარელიმ მოუწოდა პრემიერს, წარსდგეს სენატის წინაშე, მიმართოს პოლიტიკოსებს, პოლიტიკური სიტუაციის უფრო მკაფიო სურათის შესაქმნელად. არსებული ინფორმაციით, დრაგი სენატს მომავალ ოთხშაბათს მიმართავს.
ევროპული ცენტრლური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 2021 წლის თებერვლიდან იკავებს იტალიის პრემიერის პოსტს. დრაგის უკავშირდება იტალიაში კოვიდ სიტუაციის რეგულირების კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და პანდემიის ეფექტიანი მართვა, თუმცა მისი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პრემიერი არ აკეთებს სათანადოდ ბევრს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ მარიო დრაგი მნიშვნელოვანი ფიგურაა სხვა დასავლელ ლიდერებთან ერთად, უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, ოკუპანტებისგან განადგურებულ ქალაქ ირპენშიც იმყოფებოდა.