ავტორი:

"ქალი, რომელმაც დიდებულად და შთამაგონებლად იცხოვრა" - დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლი, ივანა ტრამპი გარდაიცვალა

"ქალი, რომელმაც დიდებულად და შთამაგონებლად იცხოვრა" - დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლი, ივანა ტრამპი გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი ცოლი, ივანა ტრამპი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ივანა ნიუ იორკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

  • ივანა ტრამპი დონალდის პირველი ცოლი იყო. მათ სამი საერთო შვილი ჰყავთ, დონალდ ჯუნიორი, ივანკა და ერიკ ტრამპები.

"ის შესანიშნავი ქალი იყო, ულამაზესი, მზრუნველი დედა და მეგობარი“, - ნათქვამია ტრამპების ოჯახის განცხადებაში. ივანას შესახებ დონალდ ტრამპმა განცხადება გამოაქვეყნა თავისივე სოციალურ ქსელში - Truth Social და ყოფილი ცოლი ასეთი სიტყვებით მოიგონა - "მშვენიერი, შესანიშნავი, საოცარი ქალი, რომელმაც დიდებულად და შთამაგონებლად იცხოვრა. მისი სიხარული და სიამაყე იყო შვილები - დონალდ უმცროსი, ივანკა და ერიკი. ის ისეთივე ამაყი იყო შვილებით, როგორც ჩვენ ვამაყობთ მისით."

ივანა ტრამპი, დაბადებული ივანა ზელნიჩკოვად, კომუნისტური მმართველობის დროს, ჩეხოსლოვაკიაში გაიზარდა. 1970-იან წლებში დატოვა სამშობლო, 1977 წელს დონალდ ტრამპზე დაქორწინდა. წლების განმავლობაში ტრამპის ბიზნეს იმპერიაში აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა. არის არაერთი ბესთსელერი წიგნის ავტორი, გამოუშვა ტანსაცმლის საკუთარი ხაზი.

"მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად დაკავებული ვიყავი, ყოველ დღე ვსაუზმობდი შვილებთან ერთად, ყოველ საღამოს ვიჯექი მათთან ერთად ვახშამზე და ვეხმარებოდი მათ საშინაო დავალებების მომზადებაში“, - წერდა ივანა ტრამპი თავის მემუარებში.

წყარო: abcnews