საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რატომ არ შეუერთდა საქართველო 40-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მაქსიმალური ძალისხმევა აქვს მიმართული.
"მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქართველო ჩვეულებისამებრ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს გამოძიების დაწყების შუამდგომლობით. გამოძიება დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. ეს განცხადება ეხება ჰააგაში მდებარე მეორე სასამართლოს - მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ), სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას საქართველო უკვე მიუერთდა 2022 წლის მაისში. ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს, სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას ("აღნიშნული დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის შესახებ კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში“). გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა. საქართველო, კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩართულობით საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, 40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. განცხადების ხელმომწერი ქვეყნები რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ხელს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები აწერენ, მათ შორის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის იტალიის, იაპონიის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ესპანეთის, შვედეთის, მოლდოვის, ასევე ევროკავშირის.
ასევე იხილეთ:
1. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მისი შედეგების მიუხედავად, არცერთ უკრაინელ სპორტსმენს არც რაიმე რუსულ კლუბში თამაშზე უთქვამს უარი, არც მომღერალს გაუუქმებია რუსეთში კონცერტი, არც მსახიობებს უთქვამთ უარი რუსულ ფილმებში მონაწილეობაზე, არც მოსახლეობა გამოსულა კიევის ქუჩებში ქართველების მხარდასაჭერად, არც დსთ-დან გასულან, არც რაიმე სანქცია დაუწესებიათ. უვარგისი იარაღი მოგვყიდეს, თანაც ორმაგ ფასად.
2. უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების პერიოდში ყველა საერთაშორისო დოკუმენტზე ხელი მოვაწერეთ, საერთაშორისო სანქციებს შევუერთდით, უკრაინელ ლტოლვილებს კომფორტი შევუქმენით, რამდენიმე სკოლაში მათთვის სწავლა უკრაინულ ენაზე წარიმართა, ყველგან მათი დროშები გამოფინეს, ჩვენმა სპორტსმენებმა და ხელოვანებმა რუსეთი დატოვეს, მოხალისეები მათ მხარეს იბძვიან. ა.შ. და ა.შ.
მიუხედავად ამისა, კიდევ აქეთ გვედავებიან, გვაკრიტიკებენ და გვამუნათებენ. მოკლედ, ვირო მადლიო.
არაფრისმომცემი თავის მართლება.რუსეთს როგორც უნდა ისე იმოქმედებს.ბრძოლით წაგებულ ომში ერი აღსდგება,ხოლო ლაჩრობით წაგებული ომის შემდეგ ერი ნადგურდება და ისპობა.ეს აქსიომაა.გინდ დაიჯერეთ გინდ არა.