დღეს ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია “SpaceX”-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, კომპანიამ ავტორიზაციის მოთხოვნით მათ 2022 წლის 8 ივლისს მიმართა.
Starlink Georgia საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადება. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, SpaceX საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს.
SpaceX-ის წარმომადგენელი გასული თვის ბოლოს კომუნიკაციების კომისიას სტუმრობდა, სადაც კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებთან ერთად SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს.
შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიისა და Starlink-ის წარმომადგენლები ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
Starlink-ი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.
SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.