ავტორი:

"მოვუწოდებ ევროპარლამენტის წევრებს, ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები" - შალვა პაპუაშვილი

"მოვუწოდებ ევროპარლამენტის წევრებს, ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები" - შალვა პაპუაშვილი

ყველა, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას, მათ შორის, ასეთი განცხადებებით. ეს არის სწორედ რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას, რომ "დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას ნიშნავს“.

პაპუაშვილის განმარტებით, "ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯი უკვე გადადგა იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, რომ ნაცვლად იმისა, ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას მისი რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის, რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და ნუ იქნებიან თავად პოლარიზაციის წამქეზებლები, ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება მათ შორის, ევროკავშირის სულისკვეთებას. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, კონკრეტულად ეს დეპუტატი თავადვე ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებას, აქეზებს საქართველოში პოლარიზაციას და მათ შორის, ამ კუთხით შეურაცხყოფს ქართულ დემოკრატიას.

პოლიტიკურ ელიტაში პოლარიზაცია პრობლემა რომ არის, ამას ყველა ვხედავთ. საქმე იმაშია, "ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ნაბიჯი გადავდგით მათ შორის, იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს, სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამაში არ მოგვყვება და კვლავ რჩება მაპოლარიზებულ რიტორიკაში, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი იმავე რიტორიკას (იზიარებს)“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა, რომ "დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას ნიშნავს“.

"თუ "ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს - ეს ნიშნავს საქართველოს "დებიძინიზაციას" ან "დეივანიშვილიზაციას", - განაცხადა უკნევიჩიენემ.

ასევე იხილეთ: