მოვუწოდებ ყველას და მათ შორის ევროპარლამენტის წევრებს, რომ თავი შეიკავონ გავლენის მოხდენის მცდელობისგან საქართველოს სასამართლოზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროპარლამენტარი მაიკლ გალერის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
როგორც პაპუაშვილი აცხადებს, „ეს არის კლასიკური მაგალითი, სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობისა“.
"ამ განცხადების სარჩული რა იყო? - თითქოს კონკრეტული მოსამართლეები როგორც წესი, რაღაც გავლენის ქვეშ არიან და ამ გადაწყვეტილების დროს, ამ პროცესში ამ გავლენიდან გამოვიდნენ. თავის მხრივ, ეს არის ამ მოსამართლეების შეურაცხყოფა და ამავე დროს, არის მცდელობა, რომ გავლენა მოახდინონ სასამართლოზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი იმ მოსამართლეებს მიმართავს, ვინც 19 ივლისს, “მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას სააპელაციო სარჩელის განხილვას დაიწყებს. „ემსახურეთ სიმართლეს და არა ოლიგარქს; გააკეთეთ ის, რაც სამართლიანია და არა ის, რასაც გიბრძანებენ“, - აცხადებს გალერი. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პოლიტიკური პატიმრობის თემაზე ბრიუსელში ევროპელ პოლიტიკოსებს ნიკა გვარამიას მეუღლე და მთავარი არხის იურისტი შეხვდნენ.