ავტორი:

"ფეისბუქიდან" გავიგე ლევანის გარდაცვალების ამბავი... ეს ჯოჯოხეთია" - რას ამბობს ლევან კბილაშვილის დედა შვილის გარდაცვალების მიზეზზე

"ფეისბუქიდან" გავიგე ლევანის გარდაცვალების ამბავი... ეს ჯოჯოხეთია" - რას ამბობს ლევან კბილაშვილის დედა შვილის გარდაცვალების მიზეზზე

23 ივნისს, 31 წლის ქართველი მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა. ახალგაზრდა შემსრულებელი ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა და მუშაობდა. მეგობრებმა მას შემდეგ, რაც მათ ზარებს არ პასუხობდა, შინ მიაკითხეს და სამწუხაროდ, გარდაცვლილი ნახეს.

იმჟამად გარდაცვალების მიზეზის უამრავი ვერსია გავრცელდა, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ კოვიდის შემდეგ ძვლის დაშლა დაემართა. თუმცა ლევანს წინა დღეს კონცერტი ჰქონდა, რომელიც წარმატებით ჩაატარა...

"იმედის კვირასთან“ ლევანის დედა მელიტა ფურცელაძე ამბობს, რომ შვილის გარდაცვალების მიზეზი ჰემორაგიული ინსულტი და ანევრიზმა გახდა. ქალმა ასევე აღნიშნა, რომ შვილის დაღუპვის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო...

"განსაკუთრებული შვილი იყო, ძალიან კეთილი... რაღაცნაირი ხიფათიანი ბავშვი იყო, დაჯდებოდა სკამზე და სკამი ტყდებოდა... მას შემდეგ, რაც სიმღერის ნიჭი აღმოაჩნდა, შინ სულ მღეროდა", - ამბობს გადაცემაში ქალბატონი მელიტა.

დედის ნაამბობით, შემდეგ იყო რობერტ ბარძიმაშვილის სტუდია, სადაც პირველივე მოსმენის შემდეგ ისე მოეწონათ, რომ მაშინვე აიყვანეს. მოგვიანებით "ჯეოსტარშიც“ სცადა ბედი, რის შემდეგაც საქართველო დატოვა და კარიერის გასაგრძელებლად რუსეთში გაემგზავრა...

"ერთი ჩანთა აიღო და წავიდა, პატრიარქის დალოცვილი წავიდა "რუსულ ვოისში“ მონაწილეობის მისაღებად. შემდეგ ლევანის მეგობრებს ლუბა უსპენსკაიასთან საერთო მეგობარი აღმოაჩნდათ, რომელმაც ჩემი შვილი ლუბას დაბადების დღეზე მიიყვანა. იმ საღამოს თურმე მარტო ლევანის უსმენდნენ...

რუსეთში იმიტომ არ ჩასულა, რომ რუსული ესტრადის ვარსკვლავი გამხდარიყო და რუსულად ემღერა. ქართულ სიმღერებს მღეროდა. საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა და ალბომის აქ ჩაწერას. თითქმის დასრულებულია ალბომი...

მე პირადად "ფეისბუქიდან" გავიგე ლევანის გარდაცვალება, არ ვიცი ეს რა არის, ეს არის ჯოჯოხეთი. ანევრიზმა ჰქონდა...

ლევანს უჩვეულო წინათრგძნობა ჰქონდა. ამბობდა, - როცა იქნება, ხომ წავალ ამ ქვეყნიდან და დარჩება ჩემი სიმღერებიო... იმქვეყნად როდის ვნახავ, არ ვიცი, მაგრამ სურვილი მაქვს, მალე ვნახო, მარტო რომ არ იყოს იქ..." - ამბობს გადაცემაში ლევან კბილაშვილის დედა.