ავტორი:

ვებსტერის უნივერსიტეტის ესსეების კონკურსის გამარჯვებული აბიტურიენტი ლაშა გიორგი შამუგია გახდა

ვებსტერის უნივერსიტეტის ესსეების კონკურსის გამარჯვებული აბიტურიენტი ლაშა გიორგი შამუგია გახდა

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ამერიკული უნივერსიტეტის ვებსტერის კამპუსის მიერ გამართული ესსეების კონკურსის გამარჯვებული მონაწილე ცნობილია. 7 წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ 200 კონკურსანტს შორის ლაშა გიორგი შამუგიას ნაშრომი შეარჩია, რომელიც დამოუკიდებლობის იდეას, მისთვის ბრძოლისა და მისი დაცვის თემაზე იყო მომზადებული.

კონკურსი განკუთვნილი იყო აბიტურიენტებისთვის, რომელთაც ესსე ინგლისურ ენაზე უნდა მოემზადებინათ. გამარჯვებულს 1000 ლარის ოდენობით პრემია და სერტიფიკატი გადაეცა. მისი ნაშრომი კი პუბლიკაციის სახით Forbes Georgia-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ლაშაგიორგი შამუგიას ნაშრომში - „იყო დამოუკიდებელი“, გადმოცემული იყო მისი თვალით დანახული დამოუკიდებლობის იდეა, რომელიც ავტორმა მიმოიხილა საქართველოსა და უკრაინის ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. მან გაიხსენა ის სამწლიანი პერიოდი, 1918-1921, როცა საქართველო საბჭოთა ოკუპაციამდე დამოუკიდებელი იყო, ასევე, როდესაც ოკუპაციის შემდეგ არაერთ ფრონტზე იბრძოდა, მათ შორის, კულტურულზეც და როცა საბოლოოდ, 1991 წელს, უდიდესი მსხვერპლის ხარჯზე საწადელს მიაღწია, - „დამოუკიდებლობა ხშირად ითხოვს მსხვერპლსაც, რომელიც ჩვენ გავიღეთ,“- აღნიშნავს ავტორი.

მან ისაუბრა ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის როლზე თავისუფლების იდეის დაცვაში, ხაზი გაუსვა უკრაინელი ხალხის თავგანწირვას თავიანთი კულტურისა და თვითმყოფადობის დასაცავად, აღნიშნა, რომ დღეს ევროპის ამ უდიდესი ქვეყნის მოსახლეობა გმირობის სიმბოლოდ იქცა. შეჯამებისას კი აღნიშნა აშშ-ის მხარდაჭერა სამივე დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქვეყნისადმი, მისი როლი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეების გაზიარებასა და გავრცელებაში როგორც განათლების, ისე სხვა სფეროებში, - „იყო დამოუკიდებელი, ნიშნავს იყო შინაგანად თავისუფალი,“ - ასე დაასრულა ავტორმა თავისი ნამუშევარი.

ლაშა გიორგის ემოციურმა ტექსტმა და წარდგენამ ჟიურისა და აუდიტორიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, საქართველოში ახალ თაობას ფუნდამენტურად აქვს გააზრებული თავისუფლების იდეა, რაც ქვეყნის ნათელი მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჟიურის ერთ-ერთი წევრის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურული ატაშეს, კრის ანდერსონის შეფასებით, კონკურსანტების ნაშრომები მაღალი ხარისხის იყო და მათში კარგი იდეები იკითხებოდა. მან ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსს მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღზეც ისაუბრა:

„ამ წელს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავს და დამოუკიდებლობა და თავისუფლება მნიშვნელოვანია როგორც ამერიკისთვის ისე საქართველოსთვის. მონაწილეებს დამოუკიდებლობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ძალიან კარგი იდეები აქვთ, კონკურსი არის ძალიან კარგი და მინდა, ამისთვის ვებსტერს მადლობა გადავუხადო,“ - აღნიშნა მან.

დაჯილდოების ცერემონიას უძღვებოდა ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით იოჰან ვან როიენი, რომელმაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში წარმოდგენილი იყოს აშშ-ის კულტურა და ჩვენს ქვეყანაში აკადემიურ ზრდას შეუწყონ ხელი:

„ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში საერთაშორისო სტუდენტები სწავლობენ, ასევე, ასწავლიან მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული პროფესორები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აშშ-ის კულტურა წარმოვადგინოთ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ საქართველოს აკადემიური ზრდის, ბიზნეს სექტორის განვითარების მიმართულებით, მათ შორის მცირე ბიზნესების კუთხითაც. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რატომ არის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი და რა არის ზოგადად, დამოუკიდებლობა, გვახსენდება, რომ აშშ უკვე მრავალი წელია ამ მიმართულებით იბრძვის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესი საერთაშორისო ასპარეზზე გავაღრმაოთ და შესაბამისად, ადამიანებმა იცოდნენ, რას ვაკეთებთ, რატომ და რა არის ჩვენი მიზანი,“ - განმარტა ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორმა იოჰან ვან როიენმა.

აბიტურიენტების ნაშრომებისა და კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა ამერიკული საბჭოს რეგიონულმა დირექტორმა ტიმოთი ბლაუველტმაც, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლების 20-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი შეფასებით, ჩვენს ქვეყანაში ასეთი კონკურსების წამოწყება წერის კულტურის გაუმჯობესებისა და მის მიმართ ინტერესის კიდევ უფრო გასაღრმავებლად ბევრი ასეთი კონკურსი უნდა ჩატარდეს.

„ვფიქრობ, ამჟამინდელ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რა არის დამოუკიდებლობა და ალბათ, ამ პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წერა, რადგანაც ის გახლავთ დამოუკიდებლობის ნაწილი,“ - განმარტა ამერიკული საბჭოს რეგიონულმა დირექტორმა.

ლაშა გიორგი შამუგიას გარდა ჟიურიმ კიდევ 6 გამარჯვებული გამოავლინა, რომლებიც სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ: მარი ვაჭრიძე, ლუკა ბეროშვილი, მარიამ კორახაშვილი, ნიკოლოზ გაგნიძე, დათა კაციტაძე და ნინო მესხია.

ჟიურის წევრები კი იყვნენ: თამარ ტალიაშვილი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტი; ირაკლი ბაიდაშვილი - პირველი ვიცე პრეზიდენტი, ამერიკის სავაჭრო პალატა; კრის ანდერსონი - კულტურის ატაშე, აშშ-ის საელჩო საქართველოში; მარკ მაკკორდი - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი; ტიმოთი ბლაუველტი - რეგიონული დირექტორი, ამერიკული საბჭო ; გიორგი მუჩაიძე - აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს ატლანტიკური საბჭო და ნინო კვერნაძე - აღმასრულებელი დირექტორი, აჭარა ჯგუფი.

Webster-ის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით.

ვებსტერის უნივერსიტეტის კოდია 202.

ბიზნესის ადმინისტრირება – ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 01 მედიაკომუნიკაციები – ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 02 საერთაშორისო ურთიერთობები – ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 03

სამაგისტრო გამოცდებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების საშუალებით. ვებსტერის უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისთვის მისაღებად, აბიტურიენტების და მაგისტრანტების რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.

R