ავტორი:

"დრო სწრაფად გადის, საქართველო "რბოლაში" უკრაინასა და მოლდოვას უნდა დაეწიოს - ხანდახან საჭიროა გაბედული და პოლიტიკურად მტკივნეული სვლები" - ლიეტუვის ელჩი

"დრო სწრაფად გადის, საქართველო "რბოლაში" უკრაინასა და მოლდოვას უნდა დაეწიოს - ხანდახან საჭიროა გაბედული და პოლიტიკურად მტკივნეული სვლები" - ლიეტუვის ელჩი

ხანდახან საჭიროა გაბედული სვლები, მტკივნეული პოლიტიკური სვლები, მაგრამ ეს არის ფასი იმისა, რომ გაცილებით მეტი ნაბიჯი გადადგათ, - ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე საუბრისას, ტელეკომპანია "პალიტრანიუსსა“ და სააგენტო "ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, მოუთმენლად ელოდებიან სტატუსის მისაღებად საქართველოს მხრიდან „ძალიან ინტენსიურ მუშაობას“.

“საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის. ამ „რბოლაში“ უნდა დაეწიოთ უკრაინასა და მოლდოვას, რომელთა მატარებელიც ძალიან სწრაფად მიდის. ხანდახან საჭიროა გაბედული სვლები, პოლიტიკურად მტკივნეული სვლები, მაგრამ ეს არის ფასი და ფასი იმისა, რომ გაცილებით მეტი ნაბიჯი გადადგათ. ასე რომ, ჩვენ მოუთმენლად ველით ძალიან ინტენსიურ მუშაობას და შემდეგ ერთობლივ ძალისხმევას ყველასგან, რადგან საქართველოს შესახებ განხილვა იქნება უკვე ნახევარ წელზე ნაკლებ დროში.

ასე რომ, ეს იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი. ნება მომეცით, ლიეტუვას სახელით გამოვხატო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასოცირებული ტრიო პირველ ადგილზე იქნება ევროპის დღის წესრიგში", - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, ლიეტუვა მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს საჭირო რეფორმების დაჩქარებაში და ლიეტუვას ინტერესებშია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ევროკავშირმა ძალიან დიდი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში, მათ შორის შარლ მიშელმა 19 აპრილის შეთანხმებაში. გასულ წელს ის ექვს თვეში სამჯერ ეწვია საქართველოს. ასე რომ, ეს ნამდვილად დიდი ინვესტიცია იყო და ის მიღებულია კონსენსუსით. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა, უკვე ოფიციალური დასაწყისია, შემდეგი ნაბიჯებისთვის, მე ვიტყოდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა გაგრძელდეს“, - აღნიშნა ელჩმა.

გარდა ამისა, ლიეტუველმა დიპლომატმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეკითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ლიეტუვა მზად არის, მხარი დაუჭიროს პოლონეთის წინადადებას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ მიღებასთან დაკავშირებით.

„ლიეტუვის მთავრობა და პარლამენტი ძალიან დაინტერესებულები არიან საქართველოს წარმატებებით. ვილნიუსი თვალს ადევნებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეს, განსაკუთრებით ამ საკითხის ჰუმანიტარულ ნაწილს და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ჰუმანიტარულ ნაწილზე.

თუ ეს საჭიროა, ამ საკითხის გადასაჭრელად ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ პოლონეთის მოწვევას და წინადადებას მესამე პრეზიდენტის მიღების შესახებ. ჩვენ პატივს ვცემთ თბილისის გადაწყვეტილებას და არ ვაპირებთ ჩავერიოთ ქვეყნისათვის სუვერენულ საკითხებში“, - განაცხადა ლიეტუვის ელჩმა.