უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის პრესმდივნის, სერჰი ბრატჩუკის განცხადებით, გამთენიისას ორი რაკეტა მოხვდა ოდესის ოლქის ერთ-ერთ რაიონში მდებარე ორ საწყობს, სადაც განადგურებულია 35 ტონამდე ხორბალი. არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მისივე ცნობითვე, ორი სარაკეტო დარტყმა მიიტანეს კუნძულ ზმეინიზეც, რომლის მისადგომი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
კუნძულ ზმეინიზე ხელახლა აღმართულ უკრიანულ დროშაზე რუსული გემისთვის ახალი გზავნილია დატანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ბრატჩუკი "ტელეგრამზე“ ავრცელებს.
მან სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაკსიმ მარჩენკო უკრაინის დროშაზე წარწერას აკეთებს:
"გახსოვდეს, რუსულო სამხედრო გემო, კუნძული ზმეინი - უკრაინაა".
შეგახსენებთ, შავი ზღვის კუნძული, რომელიც რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს დაიკავეს, კიევმა ივნისის ბოლოს დაიბრუნა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ვერ გაუძლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ თურმე შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის კუნძულ ზმეინიზე "დაასრულეს დასახული ამოცანების შესრულება“ და იქ მყოფმა გარნიზონმა კუნძული დატოვა.
გენერალმა კონაშენკოვმა ამას უწოდა "კეთილი ნების ნაბიჯი“, რომლითაც "მსოფლიო თანამეგობრობას აჩვენეს, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს არ უშლის გაეროს ძალისხმევას, უკრაინის ტერიტორიიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასატანად ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებისთვის“, თუმცა როგორც ჩანს, ეს "კეთილი ნების ნაბიჯი" მთლად "კეთილი ნების" არ არის და ოკუპანტი კვლავ აგრძელებს ზმეინიზე თავდასხმას.
მდებარეობს შავ ზღვაში. ეკუთვნის უკრიანის ოდესის ოლქს.
ფართობი: 20,5 ჰა.
რუსეთ-უკრაინის ომამდე, კუნძულზე ცხოვრობდა 50-მდე ადამიანი. მას მინიჭებული ჰქონდა დასახლებული პუნქტის სტატუსი, სახელით: ბელოე, სადაც მდებარეობდა ბანკი, ფოსტა, მუზეუმი. 2007 წელს კუნძულზე მართლმადიდებლური ტაძრის აგებაც იგეგმებოდა.
კუნძულის სანაპირო ძირითადად კლდოვანია, მაგრამ არის რამდენიმე პლაჟიც.