ავტორი:

"არგუმენტების გარეშე ნებისმიერი საუბარი სანქციებზე, ფასდება როგორც მინიმუმ უპასუხისმგებლობა და ჭორაობა" - იონათამიშვილი

"არგუმენტების გარეშე ნებისმიერი საუბარი სანქციებზე, ფასდება როგორც მინიმუმ უპასუხისმგებლობა და ჭორაობა" - იონათამიშვილი

ნებისმიერი საუბარი არგუმენტების გარეშე სანქციებზე, ფასდება როგორც მინიმუმ უპასუხისმგებლობა და ჭორაობა და მაქსიმუმ როგორც მტრული განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მაიკლ მაკფოლის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მათ ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოისმინეს.

"ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც სანქციებზე ლაპარაკობს, ვალდებულება გააჩნია, შესაბამისი არგუმენტებიც მოიშველიოს. როცა ამას არ ახდენს, ეს მსგავს აქტორებს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. ამიტომ თითოეულმა უნდა გაათვითცნობიეროს, უნდა, იყოს ჭორაობის მხარეს თუ სხვა ამოცანები გააჩნია. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი, შესაბამისად, მსგავსი განცხადებები არგუმენტების გარეშე ფასდება მხოლოდ როგორც უპასუხისმგებლო განცხადება", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების დასანქცირების განხილვას იწყებენ.

"ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“, - აცხადებს მაიკ მაკფოლი.

ნახეთ ასევე: