ავტორი:

"რატომ მინდა ევროპა?.. 900 - მდე ბავშვიდან 750 ხომ მაინც ცოცხალი იქნებოდა, დროული და თანამედროვე მკურნალობა რომ გაეწეოდათ..." - რას წერს "დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდის“ დირექტორი

"რატომ მინდა ევროპა?.. 900 - მდე ბავშვიდან 750 ხომ მაინც ცოცხალი იქნებოდა, დროული და თანამედროვე მკურნალობა რომ გაეწეოდათ..." - რას წერს  "დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდის“ დირექტორი

ტელეოპერატორი, "დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდის“ დირექტორი კახა ჯანაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას აქვეყნებს. ის იმ სირთულეებზე წერს, რომელიც წლებია საქართველოში ონკოპაციენტებს აქვთ. დაგვიანებული მკურნალობა უსახსრობის გამო, 900-მდე გარდაცვლილი ბავშვი და საქართველოდან გადასახლებული ადამიანები, რომლებიც შვილის გადასარჩენად ევროპის ქვეყნებს ბარდებიან... ჯანაშვილი თავის მიმართვაში ამბობს, რომ ის არცერთ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი არ არის, მაგრამ როგორც პოზიციას, ასევე ოპოზიციას სთხოვს, რომ დაასრულონ ათწლიანი გაუთავებელი დაპირისპირება და სასწრაფოდ დაიწყონ ევროკავშირში შესასვლელი 12 - პუნქტიანი საშემოდგომო დავალების შესრულება.

კახა ჯანაშვილი:

"არ შემიძლია, რომ არ დავწერო და გავჩუმდე! თავშივე ვაფიქსირებ, რომ არც ერთი პარტიის წევრი და მომხრე არ ვარ. მე ვარ, ერთი უბრალო ტელეოპერატორი! რატომ მინდა მე ევროპა და ევროკავშირი!

თქვენ იცით, რომ მე, ამავდროულად გახლავართ, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის დამფუძნებელი ( ჟურნალისტების გაერთიანება) და დირექტორი და თქვენი დახმარებით, 10 წლის განმავლობაში 600 -მდე, ლეიკემიით და ონკოლოგიით დაავადებულ ბავშვს დავეხმარეთ.

არაერთხელ მინახავს მშობლები, რომლებმაც ყველაფერი გაყიდეს, შვილის გადარჩენის მიზნით, რომ გადანერგვაზე ან ოპერაციაზე გაეყვანათ ევროპაში. ძალიან ბევრმა ბავშვის მკურნალობის პროცესი დააგვიანა, უფულობის გამო. ამ ბავშვების, ქართველმა მშობლებმა, შვილებთან ერთად, ყველაფერი დაკარგეს.

მინდა მოგიყვეთ ერთ-ერთი შემთხვევა.

ღამის 05:00 საათია. ჩემი ტელეფონის გამუდმებულმა ზარმა გამაღვიძა. დაფეთებული წამოვხტი, რადგან გამთენიისას კარგ ამბავზე არ რეკავენ… რეკავს ჩემი ფონდის შვილობილის მშობელი, ტირილით. (ჩვენი ფონდის, 16 წლის შვილობილი, რომელზეც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. არასრული დაფინანსების შემდგომ, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს.

ორი სახლი, ავეჯი, ავტომობილი, ოქრო, ვერცხლი და საერთოდ ყველაფერი, შვილის ოპერაციის გამო.) მშობელი ტირილით მეუბნება, რომ შვილი აღარ ჰყავს… გარდაეცვალა! მთხოვდა, მასთან მივსულიყავი... მე, რა თქმა უნდა, ძალიან განვიცადე ეს ტრაგედია და ვუთხარი, რომ გათენდება აუცილებლად მოვალ სამძიმარზე-თქო. დედა, ტირილით და დაჟინებით მოითხოვდა ჩემს მისვლას, მათ ნაქირავებ ბინაში, სოლოლაკში. სხვა რაღა უნდა მექნა, ავდექი და წავედი სოლოლაკში, მითითებულ მისამართზე. რომ მივედი, იტალიურ ეზოში, სამსართულიანი შენობის ნახევარ სარდაფში შევედი. სახლში არაფერი არ იდგა, ძველი სკამებისა და მაგიდის გარდა. არც მაცივარი, არც ტელევიზორი და არც ავეჯი. ერთ საშუალო ვიწრო ოთახში, შუაში, თეთრი ზეწრით გადაფარებული მიცვალებული იწვა. (მძიმე მოსასმენია, მაგრამ უნდა გითხრათ , რათა მიხვდეთ, თუ რა მდგომარეობაშია ხალხი, ასეთ დროს!)

ჩემი შვილობილის დედამ, თეთრი ზეწარი მოხადა მიცვალებულს… მე ,შოკირებული ვუყურებდი, 16 წლის მიცვალებულს, რომელიც მარტო საცვლის ამარა იწვა ცარიელ ტახტზე. ეს რა არის ქალბატონო, ვკითხე მე, შოკირებულმა. დედა აცრემლებული მეუბნება. არც ტანსაცმლის ფული მაქვს, არც სასახლის, არც საფლავისო და არც არაფრისო. წარმოიდგინეთ, ჩემი მდგომარეობა... რა თქმა უნდა, ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი, გავუკეთეთ და ბოლო გზაზე, გაპატიოსნებული გავაცილეთ ეს ბავშვი.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს გაოგნებული, მოუშუშებელი და წარმოუდგენელი ტკივილია! რატომ გიყვებით, ამ ამბავს? ხშირად გინახავთ ტელევიზიით თუ სოციალური ქსელების მეშვეობით, უამრავი ადამიანი ითხოვს დახმარებას. ხოდა, მომისმინეთ, ბატონებო და ქალბატონებო!

ასეთი ოჯახები, ჩვენს ქვეყანაში, უამრავია, სხვადასხვა დიაგნოზებით გარდაცვლილი… ბავშვების მშობლები სასოწარკვეთაში არიან ჩავარდნილნი!

2004 წლიდან დღემდე, დაახლოებით 900 - მდე ბავშვია დაღუპული სხვადასხვა დიაგნოზით, საქართველოში. ეს ხომ, ჩვენი გენოფონდი იყო! წარმოუდგენელია ასეთი ყოფა!

წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ევროკავშირის წევრი ქვეყანა!

1. პირველ რიგში გეტყვით, რომ ის უამრავი წამალი, რომელსაც ჩვენი ფონდი ყოველწლიურად ვყიდულობთ ათიათასობით ევროთი ჩვენი შვილობილებისთვის, ევროპელი ბავშვებისთვის სრულიად უფასოა.

2. ამავე დიაგნოზის ზრდასრულ ქართველ ადამიანებს და ამ ბავშვების მშობლებს, არ უწევთ უძრავი ქონების და ყველაფრის გაყიდვა, თავიანთი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად.

3. ოპერაციები და გადანერგვები ტარდება, სახელმწიფო დაზღვევის დაფინანსებით, რომლის ღირებულებაც თვეში მხოლოდ 100 ევროა.

4. მიერთებული ვართ ევროპის დონორთა ბანკზე და არ უწევს, ქართველებს, იმ 100 000 ევროს ზევიდან, კიდევ დამატებით 22 000 ევროს გადახდა, ოჯახის წევრების, დონორად არგამოდგომის შემთხვევაში.

5. არ გვიწევს ხარისხიანი, ერთ კურს ქიმიოთერაპიებში, 15 000 ევროს გადახდა.

6. არ გვჭირდება თარჯიმანის დაქირავება და უამრავი ხარჯის გაღება. არ გჭირდება იმიტომ, რომ ხარ ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელი.

7. ჩვენი სტუდენტები ისწავლიან და პრაქტიკებს გაივლიან, მსოფლიოს უმაღლეს განვითარებულ უნივერსიტეტებსა და კლინიკებში.

8. გვაქვს მაღალხარისხიანი ჯანდაცვის სისტემა და ჩვენი, დღეს არსებული პროფესიონალი ექიმების რაოდენობა, იზრდება 10 - ჯერ.

9. საქართველოს მოსახლეობა, დაცული და უზრუნველყოფილია ევროკავშირის უმაღლესი ჯანდაცვის სისტემით.

10. არ გადიან და არ თხოვენ, საქართველოს მოქალაქეები, თავშესაფარს, სხვა ქვეყნებს!

და ბოლოს, იმ საქართველოს 900 - მდე ბავშვიდან (ჩვენი გენოფონდი) 750 ხომ ცოცხალი იქნებოდა, დროული და თანამედროვე მკურნალობა, რომ გაწეოდათ?! ცოცხალი იქნებოდა, მირზა ცეცხლაძე, გიორგი გაბედავა, ქეთი ურთმელიძე, დათუნა პაპიძე, თენგო ზაკაშვილი და ასეა, მარტო ჩვენი ფონდიდან, 78 გარდაცვლილი ბავშვი. ჩახედეთ ამ გარდაცვლილი ბავშვებს ყველამ თვალებში სურათებზე. მე მათ ყველას პირადად ვიცნობდი და ბოლო გზაზე ყველა გავაცილე. მაჟრიალებს ტანში, როცა ამ ბავშვების სახეები მიდგება თვალწინ. მე ამ ბავშვების სახელები და გვარები ზეპირად ვიცი.

და რა გინდათ თქვენ?!

11. თუ თქვენ გიყვართ თქვენი მოხუცი მშობლები ან ბებია- ბაბუები, ( ფეხზე დამდგარი, რომ სვამთ მათ სადღეგრძელოებს, რომელთა უმრავლესობა გაუსაძლის ყოფაშია, და ნაგვის ურნებთან რიგში დგანან ან შუქნიშნებთან ხელგაშვერილი მოწყალებას ითხოვენ) აქვთ მათხოვრული პენსია და გამწარებული სიბერე. თუ თქვენ გიყვართ თქვენი შვილები და გინდათ, უმაღლესი განათლება მიიღონ, წარმატებულები იყვნენ საქართველოში, თუ თქვენ გიყვართ თქვენი სამშობლო და გინდათ კანონით დაცული იყოს ჩვენი ტყეები, მდინარეები და ჰაერი, თუ თქვენ გინდათ შეინარჩუნოთ ტრადიცია, კულტურა და გადაეცეს მომავალ თაობებს ( და ეს ევროკავშირის კანონით არის დაცული), თუ თქვენ გიყვართ საკუთარი ოჯახი, მაშინ თქვენ უნდა გინდოდეთ ევროპაში!

და თუ თქვენ არ გინდათ ევროკავშირი, თქვენ ყოფილხართ ფარისევლები!

მოჩვენებით ქრისტიანები და არავინ და არაფერი არ გყვარებიათ!

გონს მოეგეთ! პოზიციაც და ოპოზიციაც! მორჩით და დაასრულეთ ეს გაუთავებელი 10 - წლიანი დაპირისპირება! სასწრაფოდ დაიწყეთ და შეასრულეთ ეს 12 - პუნქტიანი საშემოდგომო დავალება, როგორც პოზიციამ ისე ოპოზიციამ. როგორ შეიძლება, ერის ასეთი გახლეჩა და ასეთი სიძულვილი? რას აჩვენებთ ამით და რას ასწავლით თქვენ, თქვენს შვილებს?! ამ ზიზღის ენით მოსაუბრე, მაგინებელ "პოლიტიკოსებს" რა უნდათ საერთოდ პოლიტიკაში! ზევით ყველაფერი მოგახსენეთ, აი, ამიტომ მინდა მე ევროპა!

არც ნაციონალი ვარ და არც ოცნების მოტრფიალე.

თქვენ ვალდებულება გაქვთ აღებული, ერისა და სამშობლოს წინაშე! შეასრულეთ, თქვენი ვალდებულებები და წაიყვანეთ სამშობლო იქ, სადაც დაცული იქნება, ყველა ბავშვის სიცოცხლის უფლება, ყველა ქართველის, ქართველობა და კეთილდღეობა.

და თუ თქვენ ამას არ განახორციელებთ, ქართველი ერი, ამას არასდროს გაპატიებთ, არც პოზიციას და არც ოპოზიციას. რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი მტერია!

ევროკავშირი და ატლანტიკური ალიანსი, არის ხსნა და კეთილდღეობა საქართველოსი!" - წერს ჯანაშვილი.