ომის 132-ე დღეს რუსეთი უკრაინაში საჰაერო დარტყმებს განაგრძობს. დღეს დილიდან აფეთქების ხმა ისმის დნიპროსა და ხარკოვში. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ღამით უკრაინის თითქმის მთელს ტერიტორიაზე განგაშის ხმა ისმოდა. რუსეთმა საჰაერო იერიში მიიტანა სუმის ოლქზე, რა დროსაც 6 მშვიდობიანი მოქალაქ დაშავდა. ამასთან, რუსებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ ლისიჩანსკსა და ლუგანსკის ოლქზე. უკრაინელმა სამხედროებმა კი ლუგანსკში, კადიევკაში არსებული რუსული საბრძოლო მასალები გაანადგურეს. არსებული ინფორმაციით, საწყობი ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელი იყო ბახმუტის მიმართულებით.
"უკრაინელები ახლა აუცილებლად შეეცდებიან ყველაფრის ფასად დაიცვან ბახმუტი, სლავიანსკი და კრამატორსკი. რაც ყველაზე მთავარია, ახლა არის გადამწყვეტი მომენტი და უკრაინელებს აქვთ შანსი, რომ განახორციელონ შეტევა სამხრეთში, ზაპოროჟიეს ან ხერსონის მიმართულებით, რადგან რუსული ძალები ამჟამად დონეცკის მიმართულებით არიან მობილიზებულები. უკრაინელებს ახლა აქვთ ყველაზე კარგი შანსი, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ გარკვეული შეტევა აწარმოონ ამ მიმართულებით“, - გვეუბნება GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის პერიპეტიებზე გვესაუბრება.
- დავიწყოთ იმით, რომ ლუგანსკის რაიონი გადავიდა რუსული ოკუპაციის ქვეშ და ეს გარემოება მოსალოდნელიც იყო. უკრაინას შეეძლო მისი შენარჩუნება, მაგრამ მას მოუწევდა გაეღო კოლოსალური სამხედრო რესურსი. მათ შორის, ლისიჩანსკის დასაცავად მოუწევდა გამოეყენებინა ელიტური რაზმები, მომარაგების თვალსაზრისით ექნებოდა უზარმაზარი კრიზისი იმიტომ, რომ მომარაგება ამ შემთხვევაში საჭიროებდა უზარმაზარ სამანქანო ტრასის კონტროლს ორივე მიმართულებით, მძიმე ტექნიკის გამოყენებას და ა.შ. პრაქტიკულად, ეს იქნებოდა უზარმაზარი რაოდენობის სამხედროების შეხოცვა ქალაქებისთვის (ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი), რომელთა შენარჩუნებას, სტრატეგიული თვალსაზრისით, აზრი არ ჰქონდა. უკრაინელებმა გადადგეს ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი, როცა ფრონტის ხაზი გასწორდა - როდესაც ფრონტის ხაზი არის ძალიან შეწეული რომელიმე მიმართულებით, ეს არის ერთის მხრივ დიდი უპირატესობა მხარისთვის, რომელსაც სურს შეტევის წარმოება სიღრმეში. მსგავსი შეჭრა სიღრმეში, რომლის ფლანგები მოწინააღმდეგეს უჭირავს, არის ერთგვარად შენი ალყაში მოქცევის უზარმაზარი საშუალება. უკრაინელები ახლა შეტევის პოზიციაზე რომ ყოფილიყვნენ, ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი მისთვის უზარმაზარი პლატფორმა იქნებოდა სიღრმეში გაჭრისთვის და რუსების ჩამოშორებისთვის. მაგრამ როდესაც ფლანგები მოწინააღმდეგის ხელშია, შენ თავდაცვაში იმყოფები და ასეთი შეჭრილი პოზიცია გაქვს ფრონტის ხაზზე, ეს შენსავე მომარაგებას და პოზიციების დაცვას ართულებს. ამიტომ, როცა უკრაინელებმა უკან დაიხიეს და ფრონტი გასწორდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მომარაგების ხაზი აღარ არის გართულებული და დაძაბული.
საინტერესოა, სად შეიქმნება ეს გასწორებული ხაზი, რადგან იქ გარემო არის ძალზე სტეპური, არ არის ხე-ტყე, ამიტომ საკითხავია, სად უნდა შექმნან უკრაინელებმა თავდაცვის ზღუდეები, რუსები წინ რომ ვეღარ წავიდნენ. თუ კი თავდაცვის ზღუდე გაკეთდა ურბანულ მიდამოში, მაგალითად, პირობითად, სლავიანსკის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს შეაჩერებს რუსების შეტევას, მაგრამ ბრძოლა გადავა ისევ ქალაქის ტერიტორიაზე და ვინაიდან სლავიანსკი და ბახმუტი დიდი ქალაქებია, სასურველი არაა ასეთი მძიმე ბრძოლები ამ მიმართულებით იყოს. მეორეს მხრივ, თუ უკრაინელებმა სტეპზე გააკეთეს თავდაცვის ზღუდე, ეს რუსეთის არტილერიას და ავიაციას საშუალებას მისცემს თამამად იმოქმედონ დიდი წინააღმდეგობების გარეშე. ეს არის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ახლა უკრაინა დგას, თუმცა უკრაინელებს დიდი დრო ჰქონდათ, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის შიგნით შეექმნათ მნიშვნელოვანი თავდაცვის ზღუდეები. თუ კი ისინი ვერ შექმნიან თავდაცვის ზღუდეს ქალაქის გარეთ და მაინც მოუწიათ სლავიანსკის, კრამატორსკის და ბახმუტისთვის ბრძოლა, ეს ქალაქები იმდენად კარგად არის დაცული, რომ რუსეთის მხრიდან იქ ადვილად შეჭრა და ქალაქების დაკავება-აღება თითქმის გამორიცხულია. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მარტო სლავიანსკის ასაღებად ორჯერ მეტი სამხედროს დაკარგვა მოუწევს რუსეთს, საუბარია 12-13 000 სამხედროზე, რისი რესურსიც რუსეთს აქვს, თუმცა ის ამას ასე თამამად ვერ გაიღებს. ეს მოცემულობაა დონეცკის რაიონში.
- რაც შეეხება უკრაინის სამხრეთს, იქ რა ვითარებაა?
- სამხრეთში უკრაინის მხრიდან ხერსონის მიმართულებით მეტ წინსვლას მოველოდით, მაგრამ ისინი ძალიან ნელა მიიწევენ წინ. ვფიქრობ, უკრაინას რესურსი არ აქვს, ასეთი მასშტაბური შეტევა აწარმოოს. ხერსონსა და უკრაინელების პოზიციას შორის ტერიტორია არის თითქმის დაუსახლებელი, სტეპური და უკრაინელები უნდა წავიდნენ შეტევაზე, 30კმ. უწყვეტად იარონ, შემდეგ მიადგებიან ხერსონს და უშუალოდ იქ უნდა დაიწყონ ბრძოლა. ეს მეორეს მხრივ არის ძალზე რთული ამოცანა და, როგორც ჩანს, უკრაინელებს ამ ეტაპზე იმის რესურსი არ გააჩნიათ, რომ ამხელა ტერიტორია ბრძოლით გაიარონ, მიადგნენ ხერსონს და იქ აწარმოონ შეტევა. ესეც დროის ფაქტორია, სულ ასე ვერ გაგრძელდება, ყრუ დაცვით უკრაინა ომს ვერ მოიგებს, ამიტომ რაღაც დონეზე მას შეტევის განხორციელება მოუწევს.
ივნისში იყო გარკვეული ძვრები ხერსონის მიმართულებით, უკრაინელებმა რამდენიმე ქალაქი გაათავისუფლეს, მაგრამ მასშტაბური განვითარება რთული იქნება წლის სხვა პერიოდში, საუბარია შემოდგომა-ზამთრის პერიოდზე, ამიტომ აუცილებელია უკრაინელებმა ზაფხული გამოიყენონ. რთული სათქმელია, მაგრამ ამ ზაფხულს უკრაინელები კონტრშეტევას თუ ვერ განახორციელებენ, ამის გაკეთება შემდეგში უფრო გაუჭირდებათ.
- დასავლეთის დახმარება უკრაინისთვის გრძელდება. რა უჭირს, რა პრობლემები დგას დღეს უკრაინის არმიის წინაშე?
- უკრაინელების მაქსიმუმ 5 ათასი ადამიანია გადამზადებული, რომელსაც შეუძლია თავის მხრივ ინსტრუქტაჟი გაუწიოს უკრაინის დანარჩენ არმიას. ამას სჭირდება არა მარტო დრო და ენერგია, არამედ სამხედროების სხვადასხვა მიმართულების გადანაწილება და მათი გადამზადების პროცესი. ყველა იარაღის გამოყენება, რომელიც ახლა უკრაინაშია ჩასული, ძალიან ცოტა, კონკრეტულმა კატეგორიამ იცის, მათ შორის საზღვაო რაკეტების, ჯავშანტრანსპორტიორების... რა ტაქტიკაც მათ აქვთ - საწყობების და სარკინიგზო ხიდების განადგურება, რასაც ახლა ისინი აკეთებენ, ამ ფონზე, რუსული შეტევა უნდა შეაჩერონ ყველა მიმართულებით, ვინაიდან ყრუ დაცვა ხანგრძლივი დროით არაეფექტურია და ამის შემდეგ აუცილებელია უკრაინელებმა ერთი მიმართულებით მაინც შეძლონ წინსვლა. ეს მიმართულება, ვფიქრობ, უნდა იყოს ხერსონი, ან ზაპოროჟიე, მაგრამ მთავარი, რაც აკლია უკრაინის არმიას, ალბათ მძიმე ჯავშანტექნიკის ერთ ადგილზე მობილიზებაა. მათ აქვთ მობილიზებული საკმარისი თავდაცვითი იარაღი, თავდაცვითი მიმართულებით უკრაინას არანაირი პრობლემა არ აქვს, არტილერიაშიც გაუმჯობესდა მდგომარეობა, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც მძიმე ჯავშანტექნიკაშია.
- რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის პოლტავის ოლქში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრ "ამსტოლრეზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა, ბევრიც - დაიჭრა. რას ემსახურება მსგავსი ტიპის ტერორი, რა მიზანი აქვს რუსეთს და ამ შემთხვევაში, რისი უფლება აქვს უკრაინას?
- სავაჭრო ცენტრის აფეთქება, მიზანმიმართული ტერორია. რუსეთს ეს ნაცადი აქვს, ის მიზანმიმართულად ბომბავდა ქალაქებს საქართველოში, სირიაში, ჩეჩნეთში და ეს მისი მხრიდან არის ტაქტიკა - რაც მეტი იქნება მსხვერპლი მოსახლეობაში, იდეაში, მსხვერპლი უნდა გატყდეს, მაგრამ უკრაინელების შემთხვევაში ეს არ მუშაობს, რაც მეტი იქნება ასეთი იერიში, უკრაინელები მეტად დარწმუნდებიან, რომ რუსეთი, როგორც გენოციდური ძალა, უბრალოდ, მათ დაპყრობას კი არა, მათი, როგორც ერის მოსპობას აპირებს, ეს არის რუსეთის მთავარი ამოცანა. ამას უკრაინელებმა, წესით და რიგით, არავითარ შემთხვევაში თავი არ უნდა დაუხარონ. ობიექტურად რომ ვილაპარაკოთ, უკრაინელებს არა მხოლოდ, მაგალითად, ბელგოროდის, მოსკოვის აღების უფლებაც აქვთ. თუ კი ჩვენ საუბარი გვაქვს ნაცისტებთან ბრძოლაზე, ნაცისტები დღეს მოსკოვში სხედან და უკრაინას მისი აღების უფლებაც აქვს, ამაზე ორი აზრი არ არის. თუ კი შენ თავდაცვაში იმყოფები და აგრესიულ ომს იგერიებ, ასეთ დროს ყველაფრის უფლება გაქვს.
მშვიდობიან ქალაქებში თუ რაიმე მოხდა, საერთაშორისო სამართალში სპეციალური ტერმინია (როცა თავდაცვაში იმყოფები, მოწინააღმდეგის ობიექტებს ბომბავ და ამ შემთხვევაში მოსალოდნელია მშვიდობიანი ქალაქები დაზიანდეს) "თანმდევი დაზიანება“ - თავდაცვაში მყოფ მხარეს, რომელიც აგრესორს აჩერებს, სრულიად ამართლებს, რომ განახორციელოს მოწინააღმდეგის სამხედრო პოზიციაზე იერიში, რასაც, სამწუხაროდ, შესაძლებელია მშვიდობიანი მოსახლეობაც ემსხვერპლოს. ახლა უკვე რუს მშვიდობიან მოსახლეობაზეა ვალდებულება, საკუთარ ხელისუფლებას მოსთხოვოს შეწყვიტოს უკანონო და აგრესიული ომის წარმოება. და თუ ის ამას არ მოითხოვს, გამოდის, რომ ომს თანაუგრძნობს, ომის თანაგრძნობა კი ომში მონაწილეობას ნიშნავს.
- თქვენი პროგნოზი როგორია, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია უკრაინელების შეტევა რომელიმე მიმართულებით?
- ამ ეტაპზე ლუგანსკის რაიონში უკრაინელების კონტრშეტევა არ იქნება, ეს იქნება ყველაზე ბოლო ტერიტორია, სადაც უკრაინელები რაიმე შეტევას განახორციელებენ. ისინი ახლა აუცილებლად შეეცდებიან ყველაფრის ფასად დაიცვან ბახმუტი, სლავიანსკი და კრამატორსკი. რაც ყველაზე მთავარია, ახლა არის გადამწყვეტი მომენტი და უკრაინელებს აქვთ შანსი, რომ განახორციელონ შეტევა სამხრეთში, ზაპოროჟიეს, ან ხერსონის მიმართულებით, რადგან რუსული ძალები ამჟამად მობილიზებულები არიან დონეცკის მიმართულებით და ისინი სწორედ ამ მიმართულებით განახორციელებენ შეტევას. უკრაინელებს ახლა აქვთ ყველაზე კარგი შანსი, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ გარკვეული შეტევა აწარმოონ ამ მიმართულებით.