დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი საქმიანობის შესწავლის შუალედური მიგნებების პრეზენტაცია გამართა.
საქმიანობის ანგარიში წარმოდგენილია სამ ნაწილად: ულტრამემარჯვენე ჯგუფების მედია მონიტორინგი, ჰომოფობიური ჯგუფების აქციები და 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების სასამართლო მონიტორინგი.
როგორც ინსტიტუტის დირექტორმა თამარ ხიდაშელმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან 1 წელი გავიდა, მოძალადეები ჯერაც არ არიან დასჯილები და ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფების აქტიურობა უფრო გაძლიერდა.
მისი თქმით, დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფების და ხელისუფლების გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა.
"ჩვენ ვაკვირდებით ულტრამემარჯვენე პრორუსული ჯგუფების აქტიურობას სოციალურ მედიაში და ასევე, ვაკვირდებით მათ აქციებს და ასევე, ვაკვირდებოდით 2021 წლის 5 ივლისს მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებს. ამ მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა ის, რომ ძალადობიდან ერთი წელი გავიდა და ძალადობის ორგანიზატორები არ არიან დასჯილები, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესებზე დადასტურდა, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ ძალადობა ნამდვილად იყო ორგანიზებული. იმის ნაცვლად, რომ ამ ჯგუფების მიმართ სათანადო პროდეცურები მიმდინარეობდეს, ისინი მოძლიერდნენ, პოლიტიკურ პარტიად ტრანსფორმირდნენ, რეგიონული ოფისები გახსნეს და მოახერხეს ფინანსური რესურსის მობილიზაცია.
რაც შეეხება სოციალურ მედიაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფების და ხელისუფლების გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა. განსაკუთრებით, თვალსაჩინოა ეს, როდესაც ულტრამემარჯვენე ჯგუფები საუბრობენ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში და ანალოგიური ჩვენ მოვისმინეთ ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. სამწუხაროა, რომ მათი მესიჯები ერთმანეთს ემთხვევა", - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.