ავტორი:

"ქართულ ოცნებას“ აქვს ორი გზა, ერთი - რომ დიახ, უნდა გადადგეს ხელისუფლება და მეორე - დაუყოვნებლივ დაიწყონ რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებით" - თინა ხიდაშელი

"ქართულ ოცნებას“ აქვს ორი გზა, ერთი - რომ დიახ, უნდა გადადგეს ხელისუფლება და მეორე - დაუყოვნებლივ დაიწყონ რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებით" - თინა ხიდაშელი

მთელი პრობლემა იმაშია, რომ იმ რეფორმების, რომლებზეც ევროკავშირი ლაპარაკობს, "ქართულ ოცნებას“ ეშინია, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

როგორც ხიდაშელი აცხადებს, რეალურად დემოკრატიული თამაშის წესებით მოქმედ ქვეყანაში ასეთი ხელისუფლების ადგილი არ არის.

"ქართულ ოცნებას“ აქვს ორი გზა, ერთი - რომ დიახ, უნდა გადადგეს ხელისუფლება და მეორე გზა - დაუყოვნებლივ დაიწყონ რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებით, მაგრამ მთელი პრობლემა იმაშია, რომ იმ რეფორმების, რომლებზეც ევროკავშირი ლაპარაკობს, რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებას“ ეშინია. პროპორციული, სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი მედია ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ ისინი ხელისუფლებას კარგავენ იმიტომ, რომ რეალურად დემოკრატიული თამაშის წესებით მოქმედ ქვეყანაში ასეთი ხელისუფლების ადგილი არ არის. ამიტომ სათადარიგო სკამი მოკლეა იმ მოქმედებების, თუ რა შეიძლება ახლა გააკეთოს "ქართულმა ოცნებამ“, თუმცა მათ აქვთ შანსი, რომ ამით მაინც დარჩნენ საქართველოს ისტორიაში - კი ბატონო, აქამდე რაც დააშავეს, დააშავეს, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ამასთან, ხიდაშელი გამოეხმაურა მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილ გეგმას, რომელიც ევროკავშირის მიერ დასახელებული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას გულისხმობს. ხიდაშელის თქმით: "ერთია ამ დოკუმენტის შინაარსი, რომელზეც შეგვიძლია ვიდავოთ, მაგრამ სანამ ამ დოკუმენტში არ არის შემოთავაზებული მექანიზმი, როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი, იქამდე არავითარი აზრი არ აქვს ასეთ დოკუმენტებს“.

"მთელი პრობლემა ხომ იმაშია, რომ ხელისუფლების ყველა შტოში - თვითმმართველობებში, პარლამენტში, მთავრობაში ერთ პარტიას აქვს უმრავლესობა. შესაბამისად, ვერანაირ აუცილებლობას მთელი ამ ხნის განმავლობაში კონსენსუსის ძიებისას ვერ ხედავდნენ. დეპოლიტიზაცია სწორედ იმას ნიშნავს, რაც ევროკავშირმა გვითხრა, რომ ეძებეთ კონსენსუსი და დაიწყეთ საუბარი ერთმანეთთან. შესაბამისად, ამ დოკუმენტში პირველი რაც უნდა გვენახა, ამაზე პასუხი იყო - როგორ ხედავს საქართველოს ხელისუფლება იმას, რომ გადაწყვეტილებები კონსენსუსის გზით მიიღებოდეს და სხვა მოთამაშეებიც იყვნენ პროცესის ნაწილი. იმის თქმა, რომ ის მიიღებს მონაწილეობას, ის, ის და ის, მაგრამ უმრავლესობა ისევ ჩვენ გვექნება და კენჭისყრაში როგორც გვინდა ისე იქნება, ეს რა თქმა უნდა, არასერიოზულია, ამიტომ სანამ დოკუმენტის შინაარსზე ვიკამათებთ, უნდა ვიცოდეთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქცია "შინ ევროპისკენ იმართება.

ასევე იხილეთ: