ავტორი:

"ხშირად მეტროთი ვმგზავრობ... თავიდან იქ რომ ჩავდიოდი, ვიმალებოდი, სათვალეს, შარფს ვიკეთებდი" - როგორ შეცვალა ქეთი ხუციშვილის ცხოვრება პოპულარობამ: მსახიობი კარიერასა და პირადზე

"ხშირად მეტროთი ვმგზავრობ... თავიდან იქ რომ ჩავდიოდი, ვიმალებოდი, სათვალეს, შარფს ვიკეთებდი" - როგორ შეცვალა ქეთი ხუციშვილის ცხოვრება პოპულარობამ: მსახიობი კარიერასა და პირადზე

სადაც ქეთი ხუციშვილია, იქ ღიმილი და კარგი განწყობაა. მაყურებელს თავისი ნიჭიერებით გააცნო თავი და დაამახსოვრა, როცა ცნობილი სერიალის ("ჩცდ") ცნობილი პერსონაჟი გახდა. ადამიანებს უყვართ და აფასებენ. დღეს კომედიური გადაცემის მსახიობია. ამ გუნდსაც მშვენივრად შეერწყა. ტელევიზია უკვე მისი სამსახურია და ძალიანაც მოსწონს.

AMBEBI.GE ქეთი ხუციშვილს ესაუბრა, რომელმაც გულწრფელად გაგვიზიარა საკუთარი აზრი როგორც სამსახურებრივ, კარიერულ საკითხებზე, ასევე პირადზე:

- დღეს რა საქმესაც აკეთებ, მოგწონს და შენია?

- შეიძლება მთლად ჩემი არ იყოს, მაგრამ მომწონს. რამდენად გავითავისე, ეს სხვა საკითხია. უბრალოდ, სამსახურია, ჩემს საქმეს ვასრულებ და ვერავინ შემატყობს, ჩემია, თუ არა.

- და რა არის შენი?

- ზოგადად ეს სფერო ჩემია... თუმცა იურიდიული განათლება მაქვს მიღებული, რაც ნამდვილად არ არის ჩემი. თავის დროზე საერთოდ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, მაგ სფეროში ვიმუშავე კიდეც, მაგრამ იქიდან საკუთარი ნებით წამოვედი. ახლა სადაც ვარ, კი, ჩემი სფეროა, მაგრამ სერიალი და კომედი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ იქიდან აქ გადმოსვლა დისკომფორტიც იყო, მაგრამ რაღაცნაირად შევეგუე.

- მოკლედ, დღეს აქტიური თანამშრომლობა გაკავშირებს იუმორისტებთან, პაროდისტებთან. რამდენად ადვილია ისეთ ატმოსფეროში ყოფნა, სადაც ყველაფერი მხოლოდ იუმორზეა აწყობილი?

- ხასიათზე ხარ თუ არა, პროდუქტი უნდა დადო. ძნელია მუშაობა, ადვილი არ არის... ტექსტებს სცენარისტები წერენ, ჩემამდე სცენარი მოდის, რაზეც უკვე ვმუშაობ. მის ასათვისებლად და იმისთვის, რომ პერსონაჟი შედგეს, მცირე დრო გვაქვს - ერთი-ორი დღე. რთულია ასე მცირე დროში მუშაობა, მაგრამ რომ ვთქვა, დიდი შრომის ფასად ხდება-მეთქი ეს, არა.

ტექსტს რომ წავიკითხავ, ექსპრომტად მოდის ის, როგორ უნდა შევასრულო და რა როგორ უნდა გავაკეთო. მანამდე წარმოსახვაში წარმოვიდგენ და მერე ტექსტების მიხედვით ყველაფერი თვითონ მოდის. თუმცა მთავარი მაინც კამერის წინ ხდება. საერთოდ, იუმორისტების გარემოცვაში ყოფნა სასიამოვნოა. სამსახურის გარეთ ხომ ყველას ჩვენი პირადი პრობლემები გვაქვს, აქ რომ მოვდივარ, მართლა სხვა გარემოში ვერთვები. მიუხედავად იმისა, რომ რეპეტიციები დამღლელია, ამ შელაპარაკებებში, ხუმრობაში, რეპლიკებში დრო ისე გადის, სახლში დადებითად "დამუხტული" ვბრუნდები. ნამდვილად სასიამოვნო გარემოა.

ძალიან რთულია, როცა სამსახურში თანამშრომლებთან ვერ ხარ კარგად. სამსახურში არაფერი მძაბავს, აქ ყველა თანამშრომელი კარგი და ხალისიანი ადამიანია, ერთმანეთს კარგად ვუგებთ.

- ფართო აუდიტორიამ როგორც მსახიობი, ისე გაგიცნო. "კომედიშიც" მსახიობი ხარ, თავის დროზე იურიდიული მიმართულებით გაწეული შრომა და დახარჯული დრო ხომ არ გენანება და ხომ არ ფიქრობ, რომ ნეტავ, "თეატრალურში" ჩამებარებინაო...

- იურიდიულზე დახარჯული წლები ნამდვილად მენანება, მაგრამ წარსულში რაც ხდება, ყოველთვის ვამბობ, ალბათ, ასე უნდა ყოფილიყო. სწავლითაც დიდად არ ვსწავლობდი, რადგან არ მიყვარდა ეგ სფერო, მაგრამ არც ის მახსოვს, რომ "თეატრალურზე" მეოცნება და მეფიქრა. უბრალოდ, ეს ყველაფერი, ჩემში სულ იყო, მაგრამ არც იმას ველოდი, რაც ამ უნარის გამოვლენის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მოხდა. უბრალოდ, საჭირო დროს საჭირო სიტუაციაში აღმოვჩნდი. რომ ვთქვა, ამ სფეროში მინდოდა ვყოფილიყავი, ან პოპულარობა და ხალხში გამოჩენა, არა, ესეც არ მინდოდა.

- ახლა რა ხდება, როცა საყოველთაოდ ცნობილი ადამიანი ხარ?

- სასიამოვნოა, ამან ბევრი კარგი რამ მოიტანა, რაც ბევრ რამეში ხელს მიწყობს, მეხმარება. ის, რომ საზოგადოებისგან ბევრი სიყვარული და სითბო მოდის, ეს ცალკე თემაა. სადმე შევდივარ, დამინახავენ თუ არა, ყველას უნდა რამეში დამეხმაროს. უარყოფითი ის აქვს, რომ რაღაც ეტაპზე მოჭიმულმა უნდა იარო, სულ ფორმაში იყო. ქუჩაში რომ გავდივარ, მათვალიერებენ, ბევრი მზერაა ჩემკენ მომართული. ხშირად მეტროთი ვმგზავრობ და თავიდან იქ რომ ჩავდიოდი, ადამიანების მზერა რომ ამერიდებინა, ვიმალებოდი, სათვალეს, შარფს ვიკეთებდი, ქუდს ვიხურავდი. მერე ამ პროცესმაც იმდენად დამღალა, ყველაფერი მოვიხსენი. ვთქვი - ვის ან რას ვემალები?!

- რომ არ ყოფილიყო პოპულარული სერიალი "ჩცდ", როგორ განვითარდებოდა შენ გარშემო მოვლენები?

- "დაკარგული" ვიქნებოდი. ამაში იმას ვგულისხმობ, რომ ნათესავების გარდა ფართოდ არავისთვის ვიქნებოდი ცნობილი. როგორც ვცხოვრობდი 10 წლის წინ, ისევე ვიცხოვრებდი. რა სფეროსა და სამსახურში ვიმუშავებდი, ამაზე პასუხი არ მაქვს. შეიძლება, უმუშევარიც კი ვყოფილიყავი, არ არის გამორიცხული.

- უცხოეთში წასვლაზე ხომ არ გიფიქრია?

- ამაზე რამდენჯერმე გავიფიქრე, მაგრამ სერიოზულად არ დავფიქრებულვარ. რომ წავიდე, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ წამოსვლა აღარ მომინდეს, ან მეორე დღეს უკან გამოვიქცე - სასწაული ცვალებადი ხასიათი მაქვს. მოკლედ, ჯერჯერობით წასვლას არ ვფიქრობ, ხვალ რას გადავწყვეტ, ამის თქმა მიჭირს.

- რა ადგილი უკავია "ჩცდ"-ში შექმნილ როლს (მთვარისა/ლუნა) შენს ბიოგრაფიაში?

- ლუნამ აბსოლუტურად შეცვალა და ამოაყირავა მთელი ჩემი ცხოვრება. მანამდე სულ სხვა ცხოვრება მქონდა და ხელის გულს რომ ამოაბრუნებ, ასე შეიცვალა ყველაფერი, თან ისეთ ასაკსა და პერიოდში, ზოგი ხელს რომ ჩაიქნევს და იტყვის, - წლები მომემატა, რა დროს ესაა. მოკლედ, 30 წლის შემდეგ ფართოდ გამიცნეს. ძალიან მაგარი იყო და ყველაზე მაგარი სწორედ ის იყო, რომ უფრო მეტი მოტივაცია მომცა იმან, რომ ასე ამობრუნდა ჩემი ცხოვრება.

- ხომ არ გენატრება შენი პერსონაჟი?

- მენატრება და შეიძლებოდა, ძალიან მაგრად განვრცობილიყო ის.

- რატომ არ განივრცო?

- რაღაც მომენტში დამთავრდა, მერე ცოტა ხანს ისევ გამოვჩნდი, მაგრამ ისევ შეწყდა. საერთოდ კი ამასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. ზოგადად, ეს სერიალი ასეთია: შეხვალ, გახვალ, შეხვალ, გახვალ - პროექტს და მის მიმდინარეობას როგორც დასჭირდება, ისეა. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, თუ საჭირო გახდა ლუნა იქ, შესაძლოა, ეს ხაზი ისევ გაცოცხლდეს. სანამ იარსებებს სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, იქამდე შეიძლება მისი წევრი ვიყო, ოღონდ, როდის შევალ და რაღაც ასეთი, ეს არ ვიცი.

- ერთხელ გარკვეული ჯგუფი - შენ, შოთა ნოზაძე, ზურა ნიჟარაძე იქიდან წამოხვედით იმის გამო, რომ „კომედის“ ჯგუფს შეუერთდით, რამაც სერიალის ავტორები არც ისე კარგ გუნებაზე დააყენა...

- ეს სერიალის გადამღებ ჯგუფთან ურთიერთშეთანხმებით მოხდა. ისე არ ყოფილა, რომ დავიხურე ქუდი, წამოვედი. ამ წასვლას არანაირი ცუდი ამბავი არ მოჰყოლია. გზა დაგვილოცეს, ერთმანეთს კარგად და ტკბილად დავშორდით, მადლობა გადამიხადეს.

წამოვედი იმის გამო, რომ „კომედიში“ დამიძახეს, ასევე ზურას, შოთას. ხდება ასე, - ოჯახების პატრონები ვართ და სამსახური ყველას გვინდა, ძნელია ამ თემაზე დეტალებში შესვლა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი რაღაც, რომ ცხოვრება გვინდა.

- გარეგნობა, იმიჯი გარკვეულად შეიცვალე. საკუთარ თავზე ზრუნვა გიყვარს?

- ბევრი ჩარევა არ დამჭირვებია, ჩვეულებრივად წავედი და ცხვირის ოპერაცია გავიკეთე, კი, ნაკვთები ადამიანს ძალიან ცვლის. თუ იმასაც ვგულისხმობთ, რომ თავი გადავიპარსე, მალე თმა გაიზრდება და ისევ იმ სახეს დავუბრუნდები.

- გიხდება...

- ამაზე არც დავფიქრებულვარ. ასეთ რამეებს უცბად ვწყვეტ. თუმცა რატომღაც ასეა - გაოცებულები მეკითხებიან - რატომ გადაიპარსე? მე ის მაკვირვებს, რომ მათი გაოცების თემა ეს ხდება. რატომ ხდება ასე, რატომ არ დამთავრდა ასეთი დამოკიდებულება, ვერ ვხვდები. ზოგი საერთოდ, შეშინებული მეკითხება...

არაფერი, - ღიმილით ვპასუხობ, - უბრალოდ, ასე მომინდა და მორჩა. მე ასეთ კითხვას არავის დავუსვამ. ჯერ ერთი, ეს პროცედურა თმას აჯანსაღებს და აძლიერებს.

- როგორია შვილის თვალით დანახული დედა - ქეთი ხუციშვილი?

- ჩემი შვილი უკვე 20 წლის არის. კარგი და სერიოზული ბიჭია. ბენდუქიძის კულინარიის აკადემია დაამთავრა. მუშაობდა კიდეც და კიდევ ძიებაშია... შვილის მხრიდან დანახული ქეთი არის ჩვეულებრივი, ჩვენ მთელი ეს წლები ერთად მოვდივართ. მეგობრული და განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს. მისთვის პოპულარული დედა ჩვეულებრივი ამბავია, მას ჩრდილში ყოფნა უფრო მოსწონს. დედით არასდროს "უმარიაჟია"...

კი, მზრუნველი დედა ვარ, ბავშვობიდან თავისუფლებას არ ვართმევდი, რაც მას უნდოდა, ისე იყო, არ ვზღუდავდი, მაგრამ მაინც არ გვავიწყდებოდა, რომ დედა-შვილი ვიყავით. შვილის ფსიქიკას დღემდე ვუფრთხილდები, ეს მნიშვნელოვანი რამ არის. თუ შვილისთვის სიკეთე გინდა, შენი ეგოისტობით ფსიქიკა არ უნდა დაუზიანო და მგონი, გამომივიდა - საბოლოოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

- საკუთარ თავს გვერდიდან რომ შეხედო, რას ეტყოდი?

- არც საყვედურს ვეტყოდი და არც ვურჩევდი. უბრალოდ, მეტი პოზიტივი გამოავლინოს, სულ გაიღიმოს, მეტად გაიღიმოს...

- ჩვენს მკითხველს და შენს მაყურებელს რას ეტყვი?

- დიდ მადლობას იმისთვის, ვინც ჩვენი ამბებით ინტერესდება, კეთილისმსურველია, ვისაც მოვწონვარ, ან არ მოვწონვარ, - ყველას დიდი მადლობა. მაყურებელი რომ არა, რა აზრი აქვს ჩვენ საქმეს?! ყველაფერს მათთვის აკეთებ და მოტივაციაც მეტი გაქვს, როცა ხალხს ნამუშევარი მოსწონს. ასე რომ, ყველას დიდი მადლობა და წარმატებები ყველაფერში.