"ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებიც ფოთის აგრარულ ბაზარში გიგი უგულავასა და ლევან თარხნიშვილს დაუპირისპირდნენ, აცხადებენ, რომ ,,ნაცმოძაობას“ არა აქვს უფლება ევროპული კამპანიის სახელით ისაუბროს.
მათივე თქმით, გიგი უგულავას გუბერნატორობის დროს დაიწყო ფოთის პორტის გაყიდვა და მის მიმართ მოსახლეობას აგრესია აქვს.
"ევროპული კამპანიის სახელით მოღალატე უგულავა ჩამოდის ქალაქში, რომლის გუბერნატორობის დროსაც დაიწყო ფოთის პორტის გაყიდვა. ამის შემოქმედი ჩამოდის ფოთში და ლამაზი, ღიმილიანი სახით გვიმტკიცებს, რომ თვითონაა ევროპა, მაშინ როდესაც რუსული ფინანსებით მოდიან. მაშინ როდესაც " სირცხვილიას" ადმინისტრატორი რუსეთში მცხოვრებია, თვალში ნაცარს გვაყრიან. რა თქმა უნდა, ევროპული კამპანია სხვა რამ არის და არ ნიშნავს, რომ რუსული ფულით აკეთო მოღალატეობრივი საქმე. ჩვენ ამ მოღალატეების წინააღმდეგი ვართ და არა ევროპის წინააღმდეგი. ევროპული მოძრაობა და მოქმედება არ არის ის, რაც მათ წარსულში ჩაუდენიათ, ან ეს პერიოდი აკეთებდნენ. უგულავა ფოთში ერთხელ უკვე დამარცხდა, აქედან წავიდა და კიდევ ერთხელ დამარცხებული წავა. ხალხს აგრესია აქვს პოლიტიკაში ამ გადასაშენებელ დინოზავრებზე, რომლებმაც ფოთში მაგალითად, უამრავი ბიზნესი დააყაჩაღეს", - განაცხადა საკრებულოში "ქართული ოცნების“ წევრმა ბაქარ ერაგიამ.
შეგახსენებთ, ფოთში, "შინ ევროპისკენ” ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს, მათ შორის, გიგი უგულავას და ლევან თარხნიშვილს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.