ავტორი:

"დღისით გლეხის თანამდებობაზე ვარ, საღამოდან - ლექტორის, დოქტორანტის, ჟურნალისტის..." - როგორ მოაწყო არჩილ გამზარდიამ პატარა "სამოთხე" ტოლათსოფელში

"დღისით გლეხის თანამდებობაზე ვარ, საღამოდან - ლექტორის, დოქტორანტის, ჟურნალისტის..." -  როგორ მოაწყო არჩილ გამზარდიამ პატარა "სამოთხე" ტოლათსოფელში

თბილისში დაიბადა და გაიზარდა. მამის მხრიდან ყველა თბილისელი იყო, სოფელი არ ჰქონიათ. დედულეთს თიანეთში კი ბავშვობიდან იცნობდა.

"ბაბუაჩემი, დედის მამა, წარმოშობით ლეჩხუმელია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ტოლათსოფლის სკოლაში მუშაობდა, იქ, სადაც ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა. შემდეგ თიანეთში რაიკომის მდივანიც გახლდათ, იქ გაიცნო თიანელი ბებიაჩემი, შეუყვარდა და იქვე დასახლდა. მოკლედ, ბავშვობიდან ამ კუთხეში დავდიოდი... რომ წამოვიზარდე, ლაშქრობებში დავიწყე სიარული, ფეხით მაქვს შემოვლილი მთელი საქართველო. რომ დავოჯახდი, დავიწყე ფიქრი, რომ სოფელში მიწა და სახლი მეყიდა, მაგრამ ამისთვის საკმარისი ფული არ მქონდა, ამიტომ ხელმისაწვდომ ვარიანტს ვეძებდი. ვცდილობდი, თიანეთის მხარეს მეპოვა და აღმოვაჩინე კიდეც ჩემი ოაზისი. აქაურები თურმე ბაბუაჩემს კარგად იცნობდნენ. ბევრ ადამიანზე დიდი ამაგი ჰქონია, იქ ნათლულიც ჰყოლია... 3 700 კვმ. მიწის ნაკვეთი, ეზო, წლების წინ დანგრეულ-დამწვარი სახლ-კარით, ხელმისაწვდომ ფასად შევიძინე, მერე კი მთელ წელიწადს იმ ვალს ვიხდიდი. მოგვიანებით ძველი შენობები დავანგრიე და ასაწყობი სახლი ჩავდგი (სულ 36 კვმ. და 12 კვმ. აივანი აქვს)“ - გვიყვებოდა 5 წლის წინ საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, პოლიტოლოგი, ლექტორი და ჟურნალისტი არჩილ გამზარდია.

მან სამეურნეო კუთხით დიდი მონდომება, უნარები გამოავლინა და მშვენიერი გარემო მოიწყო ტოლათსოფელში.

რა შეიცვალა ამ საუბრიდან რამდენიმე წელიწადში არჩილ გამზარდიას მამულში, რა შედეგები აქვს ჩვენს რესპონდენტს და როგორ იქმნის თავდაუზოგავი შრომით ოჯახის სარჩოს, ამაზე Ambebi.ge-სთან თავად საუბრობს.

- შევეცადე, გამეფართოვებინა სივრცე, დასამუშავებელი ნაწილი, ხეხილსაც მოვუმატე. ბოლო 2 წელია, ახალმა ნერგებმა ნიშანი მომცეს, რაც სასიამოვნო პროცესია. ჩვენთან ვაზი ნაკლებად ხარობს, რადგან მთიანი ადგილია, მაგრამ ადგილობრივებს ე.წ. ადესას ჯიშის ყურძენი აქვთ ხოლმე, უფრო დეკორატიული თვალსაზრისით და მეც ჩავრგე. კალმები რამდენიმე წლის წინ ჩემმა სტუდენტმა მომიტანა. "ქალის თითი“ ჰქვია, ასეთი ჯიშია და შარშან მისგან პირველი 10 მტევანი ავიღე. ბედნიერები ვიყავით. თან, საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა.

- მარტო მუშაობთ?

- ხანდახან კი მეხმარებიან, მაგრამ არაორგანიზებულად, როგორც ფერმერებს - დაქირავებული მუშა ხელი, ასე არა, ამიტომ, უმეტესად მაინც მარტო ვმუშაობ. სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონებში კრიმინალის მაღალი დონის გამო ვერიდები ფასეული ნივთის, ან ტექნიკის ადგილზე არსებობას, რაც მოსავლის მოწევის კუთხით ცუდ საქმეს აკეთებს. კაცი გაიჭირვებდა, ხელის ტრაქტორს შეიძენდა და მუშაობის მეტი საშუალება იქნებოდა, ნაკლებადაც დავიღლებოდი, მაგრამ რამდენადაც ვიცი, იქ ამას ვერ შევინარჩუნებ. ამიტომ რთულად, კუსტარულად, წინაპრების მსგავსად, მეც თოხით და ბარით ვმუშაობ. ჯამში 1000-1200 კვადრატული მიწის ფართობი მაქვს დამუშავებული. ჩემს შვილებს ძალიან უყვართ შემწვარი კარტოფილი, ამიტომ საოჯახო მოთხოვნილებიდან გამომდინარე, კარტოფილის რაოდენობა გავზარდე. ვცდილობ და ვახერხებ კიდეც, რომ ნატურალურად მოვიყვანო. პრაქტიკულად, ქიმიურ საშუალებებს არ ვაკარებ. ახლა კარტოფილი ყვავილობის პროცესშია. ცოტა ხნის წინ იყო სეტყვა, გარშემო სოფლები განადგურდა. მე გამიმართლა, რადგანაც ჩვენთან შედარებით მსუბუქად იყო - დაგვზოგა. მიუხედავად იმისა, რომ მთის სოფელია, რომ ვაკვირდები, რაღაცები მაინც შელახულია.

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, რაც თავის დროზე, მარტივად მოდიოდა, ახლა უჭირს. ძალიან გამრავლებულია მავნებლები, მახრა, ჭრიჭინა, რომლებიც ბოსტანში ცუდ საქმეს აკეთებს. ახლა ჩითილების ჩარგვის პერიოდია და სანამ წვრილი და ნედლია ღეროები, მავნებლები ადვილად ანადგურებენ, მაგრამ ამას აქტიურად ვებრძვით. არსებობს ეკონომიური და მარგებელი მორწყვის საშუალება, - წვეთოვანი სისტემა და ის მცირე ფართობზე მაქვს დამონტაჟებული. ასევე ვეუფლები ახალ საინტერესო აგროკულტურას - პერმაკულტურას. ეს არის მაგალითად, მულჩირების მეთოდი, ვსწავლობ ასევე სხვადასხვა ხერხს, რომ მცენარეებმა ერთმანეთს მეზობლობა გაუწიონ, დაეხმარონ. ეს პროცესი ბუნებაში თავისთავად არსებობს, რაც ჯერ უნდა შეისწავლო და მერე გამოიყენო.

- ყველანაირი ბოსტნეულის ჩითილი გაქვთ?

- ახლა აქცენტი გაკეთებული პომიდორსა და კიტრზე მაქვს. კიტრი, თავად დავაჩითილე და უკვე გადავრგე. პომიდვრის ჩითილებს კი ვიძენ, რადგანაც ჩვენთან გვიან მოდის და უფრო ამიტომ. ზოგიერთ შემთხვევაში, ჰიბრიდულ ჯიშებს ვყიდულობ, რომელიც საკმაოდ მსხმოიარეებია. მომყავს გოგრა, ცუკინი, შარშან მიწის თხილი მოვიყვანე, მომყავს ასევე ჭყინტი სიმინდი. ეს იმისთვის, რომ ბავშვებს თავად მოვატეხინო საკუთარი ხელით, ზაფხულში როცა იქ ჩამყავს. თან, მოვლაში მეხმარებიან. ასევე მომყავს "საქართველოს გადამრჩენელი“ კულტურა - ლობიო. კარგია, რომ ძალიან წარმატებულად ხერხდება მოყვანილი პროდუქტების შენახვაც. შარშან ნედლი ლობიო მქონდა სარის, უძაფო, რომელიც ჭყინტობის დროს მოვხარშეთ და გავყინეთ... ბუნება ასევე თვითონაც გეხმარება - მოდის სარეველა, რომელიც კულტურულ ნაწილში არ შედის, მაგრამ სასარგებლოა და მისი საკვებად გამოყენება შეიძლება. ასეთია, მაგალითად, სხვადასხვა მხალი, დანდური, რომელსაც ასევე ვამზადებთ. მხალს შარშან ვკრეფდით, ვხარშავდით, ვყინავდით და ზამთარში სახლში გაზაფხული გვქონდა. ამასთანავე, ვსწავლობ ბევრი მცენარის ცნობას. 2 წლის წინ ბაბუაწვერას სასარგებლო თვისებების შესახებ შევიტყვე. მისგან შესანიშნავი კერძი კეთდება. ბაბუაწვერას ღეროები მაისში, სანამ ყვითელი ყვავილი აქვს, დღის პირველ ნახევარში უნდა მოიკრიფოს და შესანიშნავი მხლიანები მზადდება. თუ იის ფოთოლსაც შეურევთ, საუკეთესოა. მეტიც, ბაბუაწვერათი ნამცხვარიც კი გავაკეთე. ამასთან, მისი ყვითელი ნაყოფისგან შესანიშნავი სიროფი მზადდება, რაც სასარგებლოა. მე მას "ბაბუაწვერას თაფლს“ ვეძახი. გინდა სასმელს შეურევ, გინდა - ჩაის. ასე რომ, არის მცენარეები, რომელთაც სწავლა უნდა და ვცდილობ მათი თვისებები შევისწავლო. ეს ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ და ეზოდან გასვლა არც სჭირდებოდათ. სამკურნალო მცენარე იყო თუ საკვები - ეზოში ჰქონდათ. მე და მეუღლე შევეცადეთ ღოლოსგან შეჭამანდი მოგვემზადებინა... საინტერესო კერძი გამოდის.

- ქალაქში მაქსიმალურად დატვირთული ადამიანი ხართ. გონებრივად აქტიურად შრომობთ. როგორ ასწრებთ და ახერხებთ ამდენ საქმეს? მხოლოდ შაბათ-კვირის ხარჯზე?

- სოფელში ჩემს ცხოვრებას და სოფლის ცხოვრებას ნარჩენი დროის რეჟიმით არ ვუდგები. მაქვს გათვლილი დღეები, რომელიც სოფელში უნდა ვიყო და მას ვუქვემდებარებ დროის მენეჯმენტის დანარჩენ წილს... მეხმარება დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა, მათ შორის სტუდენტებთან. ამ ეტაპზე დისერტაციაზეც ვმუშაობ და სოფელში საქმიანობა საღამოდან მოყოლებული, ზოგჯერ დილამდე აქტიურად მიწევს. საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ ეს საქმეები გონებრივი და ფიზიკური ერთმანეთს არ ეკონკურენტება. ქალაქში ფიზიკური მუშაობის საშუალება არ მაქვს. სოფელი ამაში მეხმარება და თან სუფთა ჰაერზე და გარემოში ვიყო. დღისით გლეხის თანამდებობაზე ვარ, საღამოდან - ლექტორის, დოქტორანტის, ჟურნალისტის, პოლიტოლოგის. კვირაში 4-5 დღე სოფელში ვარ. საჭირო პროცესია და ჯამში ყველაფერი კარგად სინთეზირდება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებს სუფთა და ნატურალური პროდუქტები მივაწოდო. ამიტომაც ამისთვის მაქსიმალურად ვირჯები. ვცდილობ ამით სამაღაზიო პროდუქტებსაც ერთგვარი კონკურენცია გავუწიო, ხშირად შხამიანსაც, რის მიღებაც სამწუხაროდ გიწევს ხოლმე. რასაც სოფლად ვაკეთებ, ის გასართობის ფარგლებზე ბევრად მეტია, რადგან დაღლილობისგან ზოგჯერ ვერც კი ვმოძრაობ. თან, ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები ისეთი არაა, როგორიც რეგიონში გაზრდილ ადამიანს აქვს. ისინი სხვა უნარებსა და ცოდნას ფლობენ. კი, ბარვა იქნება, თიბვა - ყველაფერს ცოდნა სჭირდება.

- დეკორატიული ნაწილი, რაც ეზოს ალამაზებს და ამ მხრივაც მოვლილია თქვენი მამული, ეს ვისი კომპეტენციაა?

- მე და ჩემს მეუღლეს საქმე გაყოფილი არ გვაქვს - ყველაფერს ერთად ვაკეთებთ... ამას წინათ, მაგალითად, მე ჭურჭელს ვრეცხავდი და მეუღლე ეზოში საქმიანობა, პირიქითაც ხდება ხოლმე და ასე... ერთად ვრგავთ ჩითილებს და ვთოხნით. ყვავილნარსაც თანაბრად ვუვლით. ეს ყველაფერი ამ სტრესულ გარემოში კარგი საშუალებაა, - რაღაც დარგე, ამოვიდა, აყვავდა - ამას პოზიტიური ემოციები მოაქვს და ძალიან გეხმარება. ეს საშუალება რომ არ მქონდეს, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა... დღეს ჩემს გონებას თუ მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვს სიმშვიდე, რაც ამ ეპოქაში საქართველოში ძნელია, რადგანაც პროცესებზე ადამიანებს მშვიდი გონებით მსჯელობა უჭირთ და ძირითადად, ემოციურობას ვაწყდებით. თუკი სახის ნაკვთებიც არეული არ მაქვს (მეტაფორულად რომ ვთქვა), ესეც ამ ყველაფრის დამსახურებაა. ზოგჯერ იმდენად არასტაბილურ გემოში ვცხოვრობთ, როცა არსებობა ორგანიზაციებსაც უჭირთ, ანაზღაურებაც არ არის საკმარისი. მე კი რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ ჩემი ეზოდან მცირე მოსავალს მაინც ავიღებ, რომ მშიერი არ დავრჩე... ამიტომ ვშრომობ. ხანდახან ეთერში ადამიანებს რომ ველაპარაკები, მუშტი მაქვს მოკუმული, წინ ლეპტოპი რომ მიდევს, იქ ვმალავ, რადგანაც მუშაობისგან ისე მაქვს გადატყავებული... არაესთეტურია ასეთი ხელების კადრში გამოჩენა. ადრე თუ კომენტარზე მიწევდა კადრში გამოჩენა, ჯიბეში ვიწყობდი. გონებრივ და ფიზიკურ შრომაზე დამიჯერეთ, ვისაუბრეთ, ამიტომ გეტყვით, - ყველაფერი იმაზე მეტად არის ერთმანეთზე გადაბმული, ვიდრე ამის წარმოდგენა შესაძლებელია. სად ლექტორობა, სად მეცნიერება, სად ჟურნალისტობა და სად სოფლის მეურნეობა, არა? არადა, ყველაფერი კავშირშია.

- როგორ უნდა იზრუნოს ადამიანმა გარემოზე?

- ადამიანები ნორმალურ გარემოში რომ ცხოვრობდნენ, ამისთვის უნდა ცდილობდნენ, გარემოს გაუფრთხილდნენ. ელემენტარული რომ ვთქვათ, ზოგჯერ იქვე დგას ურნა, მაგრამ პლასტმასის ბოთლებს ჩემს ეზოში ვპოულობ, რომელსაც ტრანსპორტიდან ადამიანები ისვრიან. არაფერს ვამბობ იმ არაორგანულ ნარჩენებზე, რომელიც უხვად არის გარშემო მიმოფანტული. ეს თუ არ გავითავისეთ, სხვანაირად არაფერი გამოვა.