ის საზოგადოებამ ინტერნეტით გაიცნო, აქტიური "ტიკტოკერია“. მისი ვიდეოებიდან ღიმილი, სიმღერა, იუმორი და კარგი განწყობა მოდის, რადგან თვითონ ასე გადაწყვიტა. მარიამ სადღობელაშვილი ამ აპლიკაციას სწორედ ამისთვის იყენებს.
სამწუხაროდ, საკმაოდ მცირე ასაკში, ჯანმრთელობის მხრივ მძიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ მშობლების და ექიმების დიდი მცდელობის შედეგად, პრობლემა გადაილახა. ახლა ყველაფერი კარგად არის, შინაგანად ძლიერი ადამიანია და ცხოვრებაში ბევრ რამეს ახერხებს - რაც მთავარია, მუდმივად აქვს იმის სურვილი, ადამიანებს თავისი ვიდეოებით სიყვარული გაუგზავნოს და მათგანაც სიყვარული მიიღოს. ადამიანებთან მასობრივად ასეთი კონტაქტის უნარი ბევრს არ აქვს, მაგრამ მარიამი ხომ ძლიერი ადამიანია?!
- ვარ 28 წლის, ცოტა გვიან გავხდი სტუდენტი... ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსელი ვარ.
- სამართალი რატომ აირჩიე?
- პროფესია არასწორად ავირჩიე. ამაზე საუბარი ახლა გვიანია, მაგრამ როცა ბაკალავრს დავამთავრებ, შეიძლება, მაგისტრატურა სხვა პროფესიით გავაგრძელო.
- რატომ ფიქრობ ასე?
- როცა პროფესია გაქვს, ჩემი აზრით, ძალიან უნდა გიყვარდეს ის. იმას, რასაც ეს პროფესია ითხოვს და რასაც ვეუფლები, პიროვნულად ასეთი არ ვარ. ამიტომ, მგონია, რომ ემოციურად და პიროვნულად შორს ვარ ამ საქმისგან და ჩემი არ არის. მოკლედ, ვნახოთ, ჯერჯერობით ეს ყველაფერი ფიქრის დონეზეა.
- "ტიკტოკერი“ რომ არ გამხდარიყავი, ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ახლა უამრავი ადამიანი გიცნობს და ყველას უყვარხარ...
- როცა ვიდეოების გადაღება დავიწყე, სიტყვა პოპულარული არანაირად არ შეესაბამებოდა ამ აპლიკაციას. სანამ "ტიკტოკს“ ასე აიტაცებდნენ, 6-7 თვით ადრე ვიყენებდი. ეს კოვიდამდე ხდებოდა. ეს აპლიკაცია პანდემიამ მოთხოვნადი გახადა - მასში ცნობილი და საზოგადოებისთვის უამრავი უცნობი ადამიანი ჩაერთო. მერე კი ყველანი ერთად გაგვაპოპულარულა.
ვფიქრობ, რომ რომ არა კოვიდი, "ტიკტოკზე“ ასეთი მოთხოვნა არ იქნებოდა. კოვიდამდე არც ისე ცნობილი ვიყავი, დაახლოებით, 10.000 გამომწერი მყავდა. ახლა მალე 120.000-მდე ავალ, "ინსტაგრამზე" 26.000 მყავს.
- თავიდან რა იყო შენი მიზანი, - რატომ იღებდი ვიდეოებს?
- საერთოდ ძალიან მიყვარს ცეკვა და სიმღერა, ზოგადად გართობა, მხიარულება და მიხარია, როცა ეს ადამიანებისთვის გადამდებია და მოსწონთ, ხასიათზე მოდიან. ჩემმა მეგობარმა ჩემი ხასიათი რადგან იცოდა, მითხრა, - მარიამ, ეს აპლიკაცია საშენო საქმეაო.
"ტიკტოკს“ ახლა ხალხი სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს, ჩემი აზრით კი, ეს აპლიკაცია სიმღერისთვის და ცეკვისთვისაა. ასე რომ, თავიდან რასაც ვაკეთებდი, ახლაც იმავეს ვაკეთებ.
- ადრეულ პერიოდში მსახიობობაზე ხომ არ გიფიქრია?
- ადრე არა, მაგრამ ახლა იმდენად მომწონს, "თეატრალურის“ სტუდენტი რომ ვიყო, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. მინდა, მაგრამ 28 წელი საკმაოდ დიდი ასაკია იმისთვის, რომ იქ ჩაბარებაზე ვიფიქრო...
- როგორც მითხარი, ახლა საბერძნეთში ხარ დედასთან. დედა ემიგრანტია, ხომ? ოჯახის და მშობლების შესახებ გვიამბე?
- კი, დედა უკვე 4 წელია, ემიგრანტია და საბერძნეთშია. მამა და ძმაც ემიგრაციაში იყვნენ. ძმა და მამა ერთად იყვნენ. ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ, მამა ისევ მიდის, ძმა დარჩება. დედა არასდროს ჩამოსულა, მასთან მე ჩავდივარ. კოვიდამდეც დავდიოდი, მერე პანდემიამ ხელი შემიშალა.
გარკვეული პერიოდი ოჯახის წევრები ცალ-ცალკე ვიყავით. მიხარია, რომ ახლა ძმასთან ერთად ვიქნები და მარტოს აღარ მომიწევს ყოფნა. მთელი წელიწად-ნახევარი მარტო ვცხოვრობდი. თავიდან მიჭირდა, მაგრამ მგონია, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, თუმცა ალბათ ყველას ცხოვრებაში დგება ფსიქოლოგიურად რთული პერიოდი, მაგრამ მერე ადამიანი თავის კომფორტის ზონას იქმნის. სხვა გზა არ იყო - ჩემების გარეშე უნდა მეცხოვრა და შევიქმენი ჩემი კომფორტის ზონა და მგონი, კარგად გამომივიდა.
- დამოუკიდებელი ადამიანი ჩანხარ...
- თავს დამოუკიდებლად იმიტომ არ ვთვლი, რომ ფინანსურად არ ვარ დამოუკიდებელი. მაგრამ თუ ფინანსურ მხარეს ჩამოვაჭრით, პიროვნულად, ფსიქოლოგიურად, ემოციურად, ფიზიკურად დამოუკიდებელი ვარ. ბოლომდე დამოუკიდებლად თავი მაშინ უნდა მიიჩნიო, როცა ფინანსურად ხარ დამოუკიდებელი.
- სულ ფორმაში ხარ, გემოვნებით გაცვია, გეტყობა, რომ გიყვარს თავის მოვლა, ხომ?
- მგონია, რომ ეს ყველა გოგოს უყვარს. უბრალოდ, ვიღაცას აქვს ამის ხასიათი, ვიღაცას - არა. ჩემი ვიდეოებიდან გამომდინარე, სულ კარგ ხასიათზე ვარ. როდესაც კარგ ხასიათზე ვარ, მარტივად ვფიქრობ და ამ დროს ბევრი რამ უკეთ გამოდის.
გემოვნება, ჩემი აზრით, ყველას აქვს და იხდენს იმას, რასაც იცვამს, - კი, ადამიანმა საკუთარი სტილი უნდა მოძებნოს. ვფიქრობ, რომ ჩემი სტილი ვიპოვე და ვცდილობ, ძალიან ლამაზად თუ არა, კოხტად მაინც ვიყო.
- რასაც ვიდეოში ვუყურებთ, სულ კარგ ხასიათზე ხარ. პესიმისტური ნოტები თუ შემოდის შენს ცხოვრებაში და როდის?
- ალბათ ადამიანი ბევრს რომ ფიქრობ, მერე სადღაც მიდიხარ. ფიქრმა შეიძლება დღეც და ღამეც სადღაც წაგიყვანოს. შეიძლება ელემენტარულით დაიწყო და შორს აღმოჩნდე. მერე მოსალოდნელია, ამან ხასიათი შეგიცვალოს. კი, ეგ მომენტი მაქვს ხოლმე. ფიქრი უნდა გიყვარდეს, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა.
- ხანდახან ფიქრის დროს არის სევდაც, ტკივილიც...
- როგორ არა, ჩემი თავისთვის კითხვაც დამისვამს - ახლა მე რომ პრობლემა არ მქონდეს, ასე არ ვიყო, როგორც ვარ, ნეტავ, ადამიანებს მაინც ასე ვეყვარებოდი-მეთქი?! ხალხის სიყვარული ნამდვილად არ მაკლია. ბედნიერი ვარ და ყველაზე მაგარი, რაც შეიძლება, ადამიანმა მიიღო და გასცე, ასევე დიდხანს გაგყვეს, ეს სიყვარულია.
- რა პრობლემას გულისხმობ - კადრში ხანდახან ყავარჯნით რომ ჩანხარ?
- კადრში თუ ყავარჯენს გამოაჩენ, ინტერესი მაინც აქვთ, თუ არ გამოაჩენ და მერე სადღაც ქუჩაში დაგინახეს, იტყვიან - თურმე ყავარჯენი უჭირავსო... არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემას ხაზს სპეციალურად უსვამენ... მგონი, ეს ყველაფერი მაინც ზომიერადაა საჭირო...
მაქვს პრობლემა - დაბადებიდან, სამი თვის შემდეგ სეფსისი დამემართა, რომელმაც მენჯის პრობლემა გამოიწვია. ორგანიზმში მქონდა ჩირქი და ამან მთლიანად შეჭამა მენჯი, მოკლედ, მენჯი საერთოდ არ მაქვს. ეს თვეების ასაკში დამიდგინდა და მას მერე მიკეთებდნენ ოპერაციებს, სიცოცხლესაც ასე თუ ისე საფრთხე ემუქრებოდა. პრობლემა, ღვთის წყალობით, გადაიჭრა. 6 წლიდან 18 წლამდე სულ ოპერაციებს ვიკეთებდი - 15 ოპერაცია მაქვს ჩატარებული. ასე რომ, ყავარჯნის გარეშე ვერ დავდივარ.
- შენი ვიდეოების უმეტესობა "შუა ქალაქის“ პერსონაჟის თამარ ღლონტის ტექსტებით არის ხოლმე ჩაწერილი. რატომ?
- ბავშვობიდან მიყვარს ეგ სერიალი და მგონი, ყველას უყვარს. ახლა კი არის ქართული ტელესერიალების არჩევანი, მაგრამ მაშინ არ იყო ამის ფუფუნება. მის პერსონაჟზე და გამორჩეულად თამარზე ვგიჟდები - დადებითი და მხიარულია.
- რას ეტყოდი მას ჩვენი საშუალებით?
- ჩემი თქმა არ სჭირდება იმას, რომ კარგი მსახიობია. ეს არის ფაქტი. ბევრს უყვარს. მიხარია, რომ ამ სერიალში გამოჩნდა და მაყურებელში დადებითი ემოციები გამოიწვია. დადებითად მოქმედებდა მისი გმირი მაშინაც, როცა სერიალს იღებდნენ და ჩემთვის დღესაც ასეა. როცა ვიდეოს მისი ხმით ვწერ, ყველას უხარია. ზოგს ჩემი ხმაც ჰგონია. "შუა ქალაქს“ პერიოდულად ახლაც კი ვუყურებ. იმდენჯერ მაქვს ნანახი, რომ გარკვეული ეპიზოდები, სიტყვები, ფრაზები ზეპირად ვიცი. ვიდეოებს ასევე ქართულ სიმღერებზეც ვწერ. ასევე მიყვარს ქართული სიმღერები და უმრავლესობის ტექსტები ვიცი კიდეც. ნებისმიერ ვიდეოში ვცდილობ, რომ სინქრონში სწორად ჩავჯდე. მინდა, რომ სისწორე და სიზუსტე დავიცვა. თუ ეს არ გამოგდის, მაშინ საერთოდ არ უნდა ჩაწერო.
- ოჯახის წევრები, როგორც "ტიკტოკერ“ ვარსკვლავს, რას გეუბნებიან?
- მოსწონთ და ისიც, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში ზოგადად აქტიური ვარ და თუნდაც ის, რომ სოციალური ქსელის საშუალებით ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია. ჩემი ოჯახის წევრებს ეს მოსწონთ და უხარიათ. ასევე მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა და დროის გატარება.
- კიდევ რა გიყვარს?
- მარტო სეირნობა და ამ დროს მუსიკის მოსმენა. ასევე მახასიათებს ადამიანებზე დაკვირვება. ამ დროსაც ვფიქრობ.
- რა მოგიტანა "ტიკტოკმა“?
- ბევრი ადამიანის სიყვარული, რაც ძალიან მაგარი რამ არის. მადლობა მათ სიყვარულისთვის და კეთილი სურვილებისთვის. იმისთვის, რომ მამხნევებენ, მეუბნებიან, რომ კარგი გოგო ვარ, ყოჩაღი, აქტიური. ვიდეოებს რომ ვდებ და ადამიანები ასეთ კომენტარებს გიწერენ, გინდა, რომ ყოველ ჯერზე უკეთესი და უკეთესი ვიდეო დადო, რადგანაც მათ მოსწონთ ის, რასაც აკეთებ. ეს ძალიან მაგარი რამ არის.