წელს ძალიან ბევრი ადამიანის შეშფოთების მიზეზი ნალექიანი ამინდებია. უმეტესობა ჩიოდა, რომ ასეთი ხანგრძლივად ცივი, თოვლიანი და ნალექიანი გაზაფხული არ ახსოვდათ და ვარაუდობდნენ, რომ ბევრ ნალექს ტემპერატურის მკვეთრი მატებაც მოყვებოდა და წინ ცხელი ზაფხული გველოდა... თუმცა ივნისის თვეც ნალექიანი დღეებით გამოირჩევა, 24 ივნისს მესტიაში თოვლიც მოვიდა...
როდიდან გამოიდარებს, როგორი ზაფხული გველის - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე გვესაუბრა:
- მთელი წელი უჩვეულო ნამდვილად არ ყოფილა ბევრი ნალექით... ახლა რა ნალექიც მოდის, ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით, რადგან ივნისის თვის შეფასება თვის ბოლოს მოხდება, ნალექმა ნორმას რამდენად გადააჭარბა... მე არ მგონია, რომ ნორმას ბევრით გადააჭარბებს, რადგან ივნისის თვე აღმოსავლეთ საქართველოსთვის ნალექიანობით ხასიათდება - წვიმებით, სეტყვით და ასე შემდეგ... ამას დადებითი მხარეც აქვს, რადგან კახეთში გვალვებს უჩიოდნენ და სულ წვიმებს ნატრობდნენ. ახლა გახარებული არიან და ძალიან კარგი, მთავარია სეტყვა არ იყოს, წვიმა კი სოფლის მეურნეობისთვის მხოლოდ სიკეთის მომტანია.
უბრალოდ, არ უნდა იყოს ისეთი ძლიერი წვიმები, როგორიც დასავლეთში, სამეგრელოში ცოტა ხნის წინ, 22 ივნისს დაფიქსირდა. მნიშვნელოვნად მოიმატა წყლის დონემ რიონში, შენაკადებზეც. ამას ნეგატიური შედეგებიც მოყვა, ბევრი რეგიონი დაიტბორა, ღვარცოფიც აღინიშნა... ჩვენ გაფრთხილება გვქონდა გაცემული, სადაც კი საშიშროება ეხებოდათ. რეგიონებში ღებულობენ ჩვენს გაფრთხილებებს, პრევენციული ზომები რომ მიიღონ. მუდმივად კონტაქტზე ვართ, ჩვენთან 24 საათიანი მორიგეობაა.
როცა ზაფხულია, რასაკვირველია, სურვილი გაქვს, მზე და სიცხე იყოს... თუმცა მზიანი ამინდები რომ ყოფილიყო, მაგაზეც იქნებოდა ზარები, რა ამბავია ამდენი სიცხეები, აღარ შეგვიძლიაო... შვებულებების პერიოდი დაიწყო, ზღვაზე მიდიან და იქ წვიმები, რა თქმა უნდა, შემაწუხებელია, მაგრამ რამდენად უჩვეულოა, ამას ვერაფრით დავადასტურებ. ყველაფერი უნდა შეფასდეს კლიმატთან, სტატისტიკასთან შედარებით.
უფრო მეტი ნალექიც მოსულა სხვა წლებში, მით უმეტეს, დასავლეთ საქართველოსთვის ძლიერი წვიმა საერთოდ არ არის უჩვეულო... უბრალოდ, რაც 22 ივნისს მოვიდა, მართლაც ძალიან დიდი ნალექი იყო.
- როგორი ზაფხული გველის?
- ჩვენ დღეიდან ახალი გაფრთხილება გავავრცელეთ. დასავლეთ საქართველოში მდინარეებზე მაღალი წყლიანობაა და გვეშინია, რომ ამ მაღალ წყლიანობას კიდევ წვიმა დაემატება და რამე ნეგატიური შედეგი არ მოყვეს... წვიმა იქნება უმეტესად დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც 26 ივნისის ბოლომდე, არ არის გამორიცხული 27 ივნისსაც გაგრძელდეს. არამდგრადი და არასტაბილური ამინდი თვის ბოლომდე ნამდვილად არის, მაგრამ გადაუღებელი წვიმები არ იქნება... ზოგჯერ გამოიდარებს, მზეც გამოვა, ტემპერატურაც მოიმატებს...
ივლისის და აგვისტოს შესახებ ზოგადად რომ გითხრათ, ნორმაზე ცოტა მაღალი ტემპერატურა გამოვიდა. წინასწარი ვარაუდით, ივლისი და აგვისტო ნამდვილად უფრო ცხელი იქნება.