ავტორი:

"ლევანმა მოსკოვში ურთულესი პერიოდები გაიარა... თავიდან რესტორანში მუშაობდა, 6 წელი ყველაფერი აგურ-აგურ აშენა" - რას ჰყვება მომღერლის მეგობარი?

"ლევანმა მოსკოვში ურთულესი პერიოდები გაიარა... თავიდან რესტორანში მუშაობდა, 6 წელი ყველაფერი აგურ-აგურ აშენა" - რას ჰყვება მომღერლის მეგობარი?

31 წლის ნიჭიერი მომღერლის, ლევან კბილაშვილის გარდაცვალებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. უამრავმა ადამიანმა გულწრფელი ემოცია და სამძიმარი გამოხატა. სოციალური ქსელი ლევანის ფოტოებით და მისი ვიდეოებით გადაივსო...

ბევრმა სინანული იმის გამოც გამოთქვა, რომ ეს ნიჭიერი მუსიკოსი სიკვდილის შემდეგ გაიცნო. მას საქართველოში საკუთარი შესაძლებლობის რეალიზების საშუალება არ მიეცა, რაც მართლაც დასანანია...

როდის დაკრძალავენ და სად გაიმართება ლევან კბილაშვილის პანაშვიდი, ამ და სხვა დეტალებზე AMBEBI.GE ლევანის მეგობარს, მუსიკოს დათო ლონდარიძეს ესაუბრა:

- სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ბევრმა ადამიანმა ლევანი სიკვდილის შემდეგ გაიცნო...

- კი, ასეა... და ამაზე სულ იყო ხოლმე საუბარი, რომ ლევანს და მის შესაძლებლობებს ჩვენში მასობრივად არ იცნობდნენ. "ჯეოსტარის" პერიოდში ის საზოგადოებამ რაღაც დოზით გაიცნო, მაგრამ მერე ის სხვა მიმართულებით განვითარდა. რამდენიმე წელიწადი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. იურიდიული განათლება ჰქონდა და საერთოდ, ოჯახში თითქმის ყველა იურისტი ჰყავს - მშობლები, ძმა. ამ პროფესიის არჩევა, როგორც ჩანს, ოჯახიდან გამომდინარე მოხდა...

მოკლედ, სამინისტროში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ ლევანი მიხვდა, რომ "სხვაგან" იყო. სიმღერა სწყუროდა, მის გარეშე ვერ ძლებდა. ამიტომ, იმ სამსახურს თავი დაანება და უკვე ერთად ვცადეთ რაღაცების გაკეთება, ბენდით შევკრიბეთ. ზრდის და ძიების პროცესში ვიყავით.

მიუხედავადა ამისა, აქ რეალიზების საშუალება ნაკლებად მიეცა და გადაწყვიტა, ძალები უცხოეთში მოესინჯა. მოსკოვში იქაურ "ვოისზე“ გამოვიდა და სხვათა შორის, წარმატებით. იმის მერე ეტაპობრივად ბევრს მიაღწია. იქ მეტად აღიარეს და როგორც მომღერალი შედგა. ქართული ნიშა თავიდანვე დაიჭირა და ბოლომდე არც დაუკარგავს. თავიდან რესტორანში მუშაობდა, სადაც ურთულესი პერიოდები გაიარა. მთელი ოჯახი აქ იყო და ის კი იქ სრულიად მარტო. ყველაფერი ასე 6 წელი აგურ-აგურ აშენა...

ბოლოს ძალიან კარგი ბენდი ჩამოაყალიბეს და ისინიც ქართული რეპერტუარით განვითარდნენ. უკრავდნენ მუსიკას ინტერპრეტაციით და თანამედროვე ექსპერიმენტული თემატიკით. საკმაოდ დიდი წარმატებას მიაღწიეს. მოგზაურობდნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ყველგან წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ. ძალიან უნდოდა, კონცერტი საქართველოშიც ჩაეტარებინა. თუმცა ერთი სიურპრიზი დაბადების დღეზე ნათესავს კი გაუკეთა - ყვარელში ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. კარგი საღამო მოვაწყეთ, რამაც სტიმული მეტად მისცა და მაგ პროფილით გრანდიოზული კონცერტის მოწყობაზე მუშაობა, ფიქრი ერთად დავიწყეთ.

- ცოტა ხნის წინ "აკუსტიკისთვის" ნომერი ჩაწერეთ...

- ეგ სიმღერა ჩემს მეუღლესთან (ნათია დევდარიანი) მოვამზადეთ. ბენდი „ნიუტონი“ უკრავდა. კარგი ნომერი გამოგვივიდა. ამ სიმღერის მერე საქართველოში ლევანის აღიარება მოხდა. შემდეგ მოსკოვში წავიდა, მითხრა - რამდენიმე კონცერტი მაქვს ჩასატარებელიო. ახლა მის ჩამოსვლას ველოდებოდით... ზაფხულისთვის გორან ბრეგოვიჩის კონცერტის პირველ სეტს ჩვენ გვაძლევდნენ და მაგაზეც იყო მოლაპარაკება. თუმცა დღეს ლევანს საქართველოში მოასვენებენ...

- გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ახალი დეტალი ხომ არაა ცნობილი?

- გარდაცვალების შესახებ, დეტალები ნამდვილად არ ვიცით. თუ არ ვცდები, ექსპერტიზა მოსკოვში ჩაუტარდა. მერე ჩვენმა დიასპორამ იქ დიდი პატივი მიაგო, ტაძარში დაასვენეს და იქიდან გამოასვენეს. ახლა მის ცხედარს ვლადიკავკაზით მოასვენებენ. გამოსვენება 26 ივნისს, კვირას სიონის ტაძრიდან მოხდება...

  • AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს ნიჭიერი მუსიკოსის ლევან კბილაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მომღერლის ოჯახს