ავტორი:

ოქროსა და ვერცხლის სამკაული, მონეტები და სხვა ძვირფასეულობა - აღმოჩენილია მე-18 საუკუნეში ჩაძირული გემი, 17 მილიარდის ღირებულების განძით (ფოტოები)

ოქროსა და ვერცხლის სამკაული, მონეტები და სხვა ძვირფასეულობა - აღმოჩენილია მე-18 საუკუნეში ჩაძირული გემი, 17 მილიარდის ღირებულების განძით (ფოტოები)

კოლუმბიის არმია საუკუნეების წინ ჩაძირული გემისა და მასზე აღმოჩენილი განძის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. საუბარია გემზე, რომელზეც დღევანდელი კურსის მიხედვით, დაახლოებით 17 მილიარდი დოლარის ოდენობის განძი ინახებოდა.

გემის ადგილმდებარეობა თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში უცნობი იყო. საგანძურით დატვირთული ესპანეთის გემი "სან ხოსე" ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის შეტევის შედეგად,1708 წელს ჩაიძირა.

ამ დროს, გემის ბორტზე დაახლოებით, 600 ადამიანი იმყოფებოდა და მას, მინიმუმ, 200 ტონა საგანძური გადაჰქონდა. მათ შორის იყო ოქროს და ვერცხლის მონეტები, ზურმუხტი, ჩინური კერამიკის ნიმუშები და სხვა ძვირფასეულობა.

სან ხოსეს ჩაძირულ გემს ხშირად,"განადგურებული გემების წმინდა გრაალს" უწოდებენ. ის კოლუმბიის საზღვაო ფლოტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 2015 წელს კარტახენას სანაპიროზე აღმოაჩინეს, თუმცა მისი ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე გასაიდუმლოებული იყო.

აღმოჩენილი განძისა და ჩაძირული გემის ფოტოები საზოგადოებას პრესკონფერენციაზე კოლუმბიის პრეზიდენტმა, ივან დუკემ წარუდგინა.

ფოტოებზე ჩანს ჩინური კერამიკა, ოქროს მონეტები, ხმლები და ქვემეხები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვიდეო და ფოტოები უახლესი ტექნიკითაა გადაღებული, რომელიც დისტანციურად იმართება.

<iframe width="1264" height="480" src="https://www.youtube.com/embed/JB6-Zu7TcGo" title="Declaración del Presidente Iván Duque sobre el galeón San José - 6 de junio de 2022" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

როგორც The Economist იტყობინება, "სან ხოსეს" აღმოჩენის შემდეგ, ის სამართლებრივი დავის საგანი გახდა. კოლუმბიამ განაცხადა, რომ გემის ნამსხვრევები და მისი შიგთავსი სახელმწიფოს საკუთრებაა, რადგან ყოფილმა პრეზიდენტმა, ხუან მანუელ სანტოსმა 2013 წელს ხელი მოაწერა წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის კანონს, რომელიც ამბობს, რომ კოლუმბიის წყლებში აღმოჩენილი არტეფაქტები სახელმწიფოს ეკუთვნის. თუმცა ესპანეთმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ გემი მათია და წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ იუნესკოს კონვენცია მოიშველია.

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ გემზე არსებული ძვირფასეულობის დიდი ნაწილი სამხრეთ ამერიკიდან იყო ნაძარცვი და შეიძლება სხვა ქვეყნებმაც გამოთქვან პრეტენზია ზოგიერთ საგანძურზე.

წყარო: sciencealert

მოამზადა: ანა სიბოშვილმა