დღეს სრულიად საქართველო შეძრა ახალგაზრდა მომღერლის, ლევან კბილაშვილის გარდაცვალებამ. ლევანი ფართო საზოგადოებამ 2011 წელს სატელევიზიო მუსიკალური კონკურსიდან, "ჯეოსტარი" გაიცნო. მაშინ ლევანი მარიტა როხვაძესთან ერთად ფინალშიც გავიდა, თუმცა გამარჯვება მარიტას ხვდა წილად. ლევანი აქტიურად მონაწილეობდა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ პროექტებში.
რა გახდა 31 წლის მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით ზუსტი პასუხი ცნობილი არ არის. AMBEBI.GE ლევანის მეგობრებს ესაუბრა:
დათო ლონდარიძე, მუსიკოსი, გიტარისტი:
- ლევანის ძალიან ახლო მეგობარი ვიყავი და არა მარტო მეგობარი, პროფესიული კუთხითაც ერთმანეთის თანამოაზრეები გახლდით... ბოლო პერიოდში მენჯზე ჰქონდა პრობლემა... კოვიდი რამდენჯერმე გადაიტანა. ბოლოს რომ ვილაპარაკეთ, მითხრა - კოვიდმა ძალიან ცუდი რაღაც დამიტოვაო - მენჯის ძვლის შლა ჰქონდა. ოპერაცია იყო გასაკეთებელი, ჯოხითაც დადიოდა და იმპლანტაციას საჭიროებდა. ტკივილი ხან უნელდებოდა, ხან უმატებდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ ოპერაციამდე ვერ მივიდა. კონცერტებით იყო დატვირთული, რაც ხელს უშლიდა და ეს ეტაპი ასე გაეწელა.
- მოსკოვში საქმიანობდა?
- კი, ბოლო 6 წელი იქ იყო. ჰყავდა ჯგუფი, ბენდი და მუსიკალური კუთხით აქტიურად მუშაობდა. გუშინაც ჰქონდა კონცერტი, რომელიც წარმატებით ჩაატარა, ეს "ფეისბუქით" და "სთორებით" გავიგეთ.
- ბოლოს როდის ისაუბრეთ?
- ხშირად ვსაუბრობდით. რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა და უბრალოდ მივულოცე. ეს იყო ჩვენი ბოლო კონტაქტი. აქ მუსიკალურად რაღაცებს ვგეგმავდით. დღე-დღეზე ჩამოსვლას აპირებდა და ცოტა ხანში საერთოდ საქართველოში დაბრუნებას. ისე, სულ წასულიც არ იყო, უმეტესად მიდიოდა და ჩამოდიოდა ხოლმე... ბევრი იდეა ჰქონდა, მაგრამ ასეთი ცუდი ამბავი გავიგეთ დღეს... ცოტა ხნის წინ "აკუსტიკისთვის“ მე, ჩემმა მეუღლემ და ლევანმა სიმღერა ჩავწერეთ... კარგი მომღერალი იყო, მეგობრული ადამიანი, თბილი, ძალიან კარგი ქართველი ბიჭი. მისი ქართულად სწორად ნამღერი ჩემთვის დაუვიწყარია.
- ლევანის ოჯახზე რას გვეტყვით?
- ჰყავს მშობლები და და-ძმა - დიდი ოჯახი. თვითონ პირადი ოჯახი ჯერ არ ჰქონდა.
- მენჯის პრობლემა კი ჰქონდა, მაგრამ რეალურად ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი?
- ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვა პრობლემა არაფერი ჰქონდა. რეალურად ძნელია თქმა, მაგრამ სავარაუდოდ, ეს გახდა მიზეზი...
ნოდიკო ტატიშვილი:
- ძალიან იმოქმედა ამ ამბავმა... კარგი ბიჭი იყო. ვიცი, რომ ფეხზე რაღაც პრობლემა ჰქონდა, მაგრამ როგორც ვიცი, ისეთი არ ყოფილა, რომ ფატალურ შედეგამდე მიეყვანა. რამდენიმე თვის წინ ერთად ვიყავით ჩვენი საერთო მეგობრის შვილის ნათლობაზე... მშვენიერ განწყობაზე იყო, მხიარულობდა, ვხუმრობდით, ქართულ სუფრას რომ უხდება, ასეთი კულტურული მოლხენა იცოდა.
მახსოვს, ბევრი ვილაპარაკეთ. "ჯეოსტარის“ პერიოდი გავიხსენეთ... დღეს ამ ამბავმა, ხომ ვამბობ, ისე გადამრია, ვფიქრობ, იქნებ ვინმე გამოჩნდეს და თქვას, არ არის მართალი, ლევანი ცოცხალია... არც დამიშვია ის, რომ რამე სერიოზული სჭირდა. როდესაც ადამიანს რაღაც აწუხებს, ან სახეზე ეტყობა, ან ამბობს. მას რაიმე მსგავსი არაფერი ეტყობოდა... გამორჩეული შემსრულებელი იყო, გემრიელი ტემბრი ჰქონდა, მთელი გრძნობით და გულით იცოდა შესრულება. ქართული სულისკვეთება, ქართული ხმა ჰქონდა. მართლა გული მწყდება. ნიჭიერი და კარგი ქართველი ადამიანი გარდაიცვალა და წავიდა.