თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი სტუდენტები რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას "შინ ევროპისკენ” უერთდებიან.
ამ დროისთვის სტუდენტები ფილარმონიის შენობისკენ მიემართებიან, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებიან.
შემდეგ კი ერთად საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციას მსვლელობით შეუერთდებიან.
როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნიკოლოზ ჭარხალაშვილი აცხადებს, საქართველო ესაზღვრება აგრესორს, რუსეთის ფედერაციას და აქედან გამომდინარე მათი მიზანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველო დეოკუპირებული და გაერთიანებული იყოს.
"დღესდღეობით ჩვენი პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაძაბულია, აბსოლუტურად ძირი ეთხრება ყველა დასავლურ ღირებულებას და ჩვენ ვითხოვთ, რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯებით,შეძლებისდაგვარად, ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას. ამასთან ერთად ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, რაც თავისთავად საქართველოს განვითარებას დააჩქარებს და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო კურსს რადიკალურად შეცვლის. ჩვენთვის, სტუდენტებისთვის მიუღებელია ის ვითარება, რაც საქართველოში ხდება.
შესაბამისად, 19:00 საათზე სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ვიკრიბებით და აქედან მსვლელობით გავემართებით ფილარმონიისკენ. იქ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შევუერთდებით და შემდეგ ერთად პარლამენტის შენობის წინ 20:00 საათზე დაანონსებული აქციისკენ გავემართებით”, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნიკოლოზ ჭარხალაშვილი.