ავტორი:

"მაკვირვებს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი" - როგორ პასუხობს ანდრია ჯაღმაიძე პრეზიდენტის კრიტიკას

"მაკვირვებს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი" - როგორ პასუხობს ანდრია ჯაღმაიძე პრეზიდენტის კრიტიკას

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ეხმიანება პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ანდრია ჯაღმაიძის საჯარო განცხადება მისი და პატრიარქის არშემდგარი შეხვედრის შესახებ მიზანშეუწონელია. დეკანოზის განცხადებით, მისთვის გასაკვირვია სალომე ზურაბიშვილის განცხადების პათოსი. როგორც ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, მის კომენტარში "ნიშანი პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა".

"დღეს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგში, ჩემდამი უკმაყოფილებაა გამოთქმული. მაკვირვებს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი. ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა. პრეზიდენტის თხოვნის თაობაზე, პატრიარქთან შეხვედრის სურვილის შესახებ, ჩემთვის ცნობილი გახდა ჟურნალისტის ზარის შემდეგ. დავაზუსტე ამ თხოვნის ფაქტის შესახებ, და ყოველგვარი შეფასების გარეშე ჟურნალისტს გავეცი პასუხი: - დიახ იყო ასეთი თხოვნა პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ არ მოხერხდა. პრეზიდენტს დღეს სურდა შეხვედრა და არ მოხერხდა. ზოგადად პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. დაახლოებით ეს იყო საუბრის შინაარსი. ფაქტს ვერ დავმალავდი და გაუგებარია კონკრეტულად რა შენიშვნას მაძლევს პრეზიდენტი." - წერს ანდრია ჯაღმაიძე "ფეისბუქში".

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილსა და ილია მეორეს შორის შეხვედრა არ შედგა. კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ ვერ მოხერხდა შეხვედრა, რომლის ინიციატორიც პრეზიდენტი იყო, ჯერჯერობით უცნობია.

ტელეკომპანია "იმედთან" საუბარში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ "პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება".

ანდრია ჯაღმაიძის აღნიშნულ განცახდებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა პრეზიდენტი და აღნიშნა, რომ "მიზანშეწონილი არაა" ამ საკითხზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან საჯარო განცხადებების გაკეთება.

"პატრიარქთან შეხვედრა პრეზიდენტის პირადი ხასიათის თხოვნა იყო. პატრიარქის სურვილის გარეშე, პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და შეხვედრა არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს. პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება, რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება! ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არაა, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ მან უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!" - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა "ფეისბუქში".

ასევე იხილეთ: