ავტორი:

"ამ ორ შემთხვევაში აუცილებელია, კლინიკას მიმართოთ" - მოსალოდნელია თუ არა საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" მასობრივი გავრცელება: რას აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

"ამ ორ შემთხვევაში აუცილებელია, კლინიკას მიმართოთ" - მოსალოდნელია თუ არა საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" მასობრივი გავრცელება: რას აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა გამოაქვეყნა.

მათი ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მსუბუქი იყო, მან უკვე გაიარა მკურნალობის კურსი და ბინაზეა გაწერილი.

"ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურდა "მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა. პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როდესაც ინფექციამ ევროპის ქვეყნებში დაიწყო გავრცელება, ინფექციონისტები იმთავითვე ვარაუდობდნენ, რომ საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა და ეს ვირუსი ჩვენთანაც შემოაღწევდა. თუმცა როგორც თავიდანვე, სპეციალისტები ახლაც, ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგაც, აცხადებენ რომ, პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, საქართველოში "მაიმუნის ყვავილმა" ეპიდემიის სახე შეიძინოს.

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით, პირველი შემთხვევების გამოვლენა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელება დაიწყო. იგი საზოგადოებას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს და ასახელებს იმ ორ შემთხვევას, რა დროსაც აუცილებელია, ადამიანმა კლინიკას მიმართოს.

"როგორც იცით, ამ პირველ შემთხვევაში სახეზე იყო უცხოეთში მოგზაურობის ანამნეზი, ამიტომ, პირველ რიგში, თუ ადამიანს აქვს მოგზაურობის ანამნეზი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ეს ინფექცია არის გავრცელებული და მეორე შემთხვევაში, თუ მოგზაურობის შემდეგ განვითარდა ატიპური გამონაყარი, რომელიც სხვა დაავადებებს არ ჰგავს, აუცილებელია, რომ სამედიცინო დაწესებულებას მიმართოს.

საქართველოში კლინიკებს აქვთ სპეციალური პროტოკოლი, რომლითაც გამოანყარით მიმდინარე დაავადებების მკურნალობისას ხელმძღვანელობენ, რაც სარწმუნო დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას იძლევა. ამ ეტაპზე შიდა გავრცელება არ არის, თუ სამომავლოდ იქნება საეჭვო შემთხვევები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასობრივად გავრცელდება ქვეყანაში "მაიმუნის ყვავილი". პირიქით, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ის მარტივად არ ვრცელდება, გადადის ინფიცირებულ ცხოველთან ან ადამიანთან ახლო კონტაქტით. თუ, მაგალითად, გვექნება კონტაქტი დაინფიცირებულ ადამიანის დაზიანებულ ბუშტუკთან. ასევე, დაინფიცირება წვეთოვანი ანუ რესპირატორული გზით არის შესაძლებელი.

რაც შეეხება მისი მიმდინარეობის ფაზებს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ "მაიმუნის ყვავილს“ საკმაოდ მწვავე დასაწყისი აქვს, ცხელებით მიმდინარეობს, ზოგადი სიმპტომატიკით როგორიც შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება, სახსრების, კუნთების ტკივილი. დაახლოებით სიმპტომების დაწყებიდან მე-3, მე-4 დღეს გამონაყარი ვლინდება. გამონაყარი არის პოლიმორფული, თავისი თავიდან შეიძლება იყოს კვანძოვანი, შემდეგ კი უკვე გაჩნდეს ე.წ. ბუშტუკოვანი გამონაყარი“, - აცხადებს AMBEBI.GE -სთან გოგინავა.

ასევე იხილეთ: