მაშინ, როცა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი საკითხი უნდა გადაწყდეს, ნათლად გამოიკვეთა, რომ "ქართული ოცნებისთვის“ პერსონალური ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე ბევრად აღმატებულია. ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ ის მოთხოვნები, რასაც მათ დასავლეთი უყენებს, მათთვის აბსოლუტური ძალაუფლების შეზღუდვასთან კი არა და, დაკარგვასთანაც ასოცირდება. ამიტომაცაა, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები გამალებულად და სინქრონში ლანძღვა-გინებას არ აკლებენ დასავლეთს და ამერიკას, რომელთაც თურმე ჩვენი "ომში ჩათრევა სწადიათ“ და ასე, არარსებული ომის და კონფლიქტის საფრთხის მუდმივ შიშში აცხოვრებენ საზოგადოებას.
13 ივნისს, “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ მისი თანაგუნდელების მსგავსად, ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტის რეზოლუცია დაიწუნა და მას სამარცხვინო უწოდა. მერის ასეთი შეფასება, როგორც ჩანს, იმითაა განპირობებული, რომ რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზეა ლაპარაკი.
"რეზოლუციის ტექსტის თითოეული სიტყვა სამარცხვინოა. რომ გვეუბნებიან, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია... თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს, პოლიტიკაში დააბრუნებენ და ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, რომ ამას ტყუილად ცდილობენ და არავის არაფერი გამოუვა“, - აღნიშნა კალაძემ.
"ქართული ოცნების“ პროპაგანდას, რომ დასავლეთი და ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გამოეხმაურა. ელჩმა უარყო, რომ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევას ცდილობს და მას "100%-იანი რუსული დეზინფორმაცია“ უწოდა.
"როდესაც ვისმენ ადამიანებისგან, რომ აშშ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს ან საქართველოს ომში ჩათრევას და "მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს, ეს 100%-იანი რუსული დეზინფორმაციაა. ჩვენ აბსოლუტურად არ გვსურს საქართველო ამ ომში ჩათრეული ვიხილოთ. ჩვენი აზრით, რასაც ევროკავშირი და ნატო იცავს, არის მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ევროპის ყველა ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკაში - სტაბილურობა, კეთილდღეობა და მშვიდობა, რაც თან ახლავს ევროატლანტიკური საზოგადოების წევრობას. ჩვენ ეს გვინდა საქართველოსთვისაც. ჩვენ ვიცით, რომ ასე უნდა ქართველ ხალხსაც. ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში სრული ინტეგრაციისადმი მტკიცე ერთგულება”, - აღნიშნა დეგნანმა.
ბუნებრივია ისმის კითხვა, რატომ მიიჩნევს მმართველი გუნდი, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება ქვეყნის ომში ჩართვის ტოლფასია ან რატომ უნდა სურდეს ეს დასავლეთს? - გადავწყვიტეთ ეს შეკითხვა "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის დაგვესვა, თუმცა მათთვის პასუხის გაცემა რთული აღმოჩნდა. მათი ნაწილი ან არ პასუხობდა ტელეფონს, ანაც როგორც კითხვას იგებდა, პასუხის გაცემას ყველანაირად არიდებდა თავს. მხოლოდ ორმა დეპუტატმა სცადა ჩვენი კითხვისთვის ეპასუხა. თუ რამდენად ამომწურავად, ამის შეფასება თქვენთვის მოგვინდვია.
ალუდა ღუდუშაური:
- ჩემი კომენტარიც ანალოგიური იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავაკეთე, ახლაც იმავე აზრზე ვრჩები და აბსოლუტურად ვეთანხმები კახი კალაძეს.
- და რატომ ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ომში ჩათრევას, ან საიდან ასკვნით, რომ ომში გვითრევენ?
- დიდ სურათში უნდა შევხედოთ რაღაცეებს და იქიდან გამომდინარე ვასკვნი. კარგით, შეხვედრაზე ვარ, უნდა წავიდე, ბოდიში...
ლადო კახაძე:
"ვერ გეტყვით, რა იგულისხმა კახიმ, ამ კონტექსტის განმარტებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ივანიშვილი ის ადამიანია, რომელიც თავისი ქვეყნის მსახურებაში დგას თავიდან ბოლომდე - პოლიტიკაში, პოლიტიკის გარეთ, ქველმოქმედებით, მომავალზე ფიქრით, თუ წარსულის მოვლა-პატრონობით. ეს ადამიანი ეკუთვნის თავის ქვეყანას და თავის ერს თავიდან-ბოლომდე.
ხშირად ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას აიგივებენ დიქტატთან. არაა ეს კაცი დიქტატორი, ის ყველა ადამიანის აზრს ითვალისწინებს. ეს როგორ ავუხსნა იმათ, ვისაც ვერ დავაჯერებ? ამათ ჰგონიათ, ბიძინა მართავს ამ სიტუაციას და მას შეუძლია ომში ჩართოს ან არ ჩართოს ქვეყანა. ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ, რომ ბიძინა არის ხალხის ნების აღმსრულებელი, ის გამწარებულ ხალხს მშველელად მოევლინა, ისინი ქვეყნის მომავლის მიმართ ნდობით განაწყო და ახლა ამას ვერავინ შეეხება. კახის თავისი აზრი აქვს, არ ვიცი, რა იგულისხმა. ასეთი ქვეყანა ომში არასდროს ჩაერთვება იმიტომ, რომ ქვეყნის სიმშვიდეზე, შვილების მომავალზეა ლაპარაკი, ჩვენს ძმებზე - აფხაზებზე და ოსებზეა ლაპარაკი და იმათთან იარაღით უნდა წავიდეთ? არასოდეს! ისინი ხომ ჩვენი ცხოვრების ნაწილია. დაშვებული შეცდომებია გასასწორებელი, ერთმანეთისკენ ნაბიჯებია გადასადგმელი და ჩვენ ხომ ტერიტორია ხალხთან ერთად გვინდა? ცალსახაა, რომ ამას არ ვიკადრებთ. ბიძინა თავისი ქვეყნისთვის მშვიდობის გარანტორია“.
კელი დეგნანის განცხადების შემდეგ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ. მისი თქმით, "ომში ჩათრევის“ თემა უმრავლესობას ჰაერიდან არ მოუტანია.
"მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი დეგნანის განცხადებას ომთან მიმართებაში, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა, მადლობა ამ პოზიციისთვის, მე მაშინ მინდა შევახსენო ქალბატონ დეგნანს, ჩვენ ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია. ჩვენ ამისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლები, რომლებიც ამბობდნენ - რა ცუდია, რომ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" არ არიან ხელისუფლებაში, რადგან მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდა. მაშინ, ეს რა არის? ე.ი. ისინი რუსულ ინტერესებს ასახიერებდნენ? ანუ მათ უკან დგას რუსეთი? კითხვას ვსვამ. შეგიძლიათ ერთი თემა მითხრათ, რომ ჩვენი გუნდის წევრმა თქვა, რომ ამერიკას ომი უნდა?! ერთი მითხარით, ვინ თქვა? "- განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 10 მაისს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ექსპარლამენტარ ხათუნა ხოფერიას "ფეისბუქპოსტზე" განაცხადა, რომ მისი კითხვები ლეგიტიმური იყო. გავიხსენოთ რა წერდა ხოფერია: "ომში საქართველოს ჩართვა "ნაციონალებისა" და მათი უკრაინელი კოლეგების კი არა, არამედ დიდი მოთამაშის ინტერესი და მიზანია. სინამდვილეში, ნაციონალები და უკრაინელები ამ დიდ თამაშში მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლები არიან". ის ამტკიცებდა, რომ თურმე "შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს - ამერიკას აქვს" და "ივანიშვილთან ევტუშენკოსაც მათ დაადრეკინეს".
და აი, ამ განცხადებებს მმართველი გუნდის ლიდერი ლეგიტიმურად მიიჩნევდა...