ავტორი:

"ბავშვს ხელი მოვკიდე და აბაზანაში დავმალე, თან პასპორტები ავიღე... ეს არასოდეს გავა, ამას მკურნალობაც არ უშველის" - ოლგა ბაბლუანი შვილებზე და წლების წინანდელ ისტორიაზე

"ბავშვს ხელი მოვკიდე და აბაზანაში დავმალე, თან პასპორტები ავიღე... ეს არასოდეს გავა, ამას მკურნალობაც არ უშველის" - ოლგა ბაბლუანი შვილებზე და წლების წინანდელ ისტორიაზე

ცნობილი ქართველი კინორეჟისორის თემურ ბაბლუანის შვილებს საზოგადოება კარგად იცნობს. ოლგა მათ შორის ყველაზე უფროსია. მსახიობი და ჟურნალისტი დიდ დროს ატარებს თბილისში, ამბობს, რომ მისთვის თბილისი სახლია. ოლგა პირველად 17 წლის ასაკში დაოჯახდა. ქორწინება რამდენიმე თვეში დასრულდა და პირველი ქორწინებიდან 27 წლის ლიკუნა ბაბლუანი ჰყავს.

შემდეგ იყო კიდევ ერთი ქორწინება, თუმცა ოლგა პირადზე არასოდეს საუბრობს. მეორე ქორწინებიდან 17 წლის ნასტასია ლეგრანს ზრდის.

თათია შარანგიას საავტორო გადაცემაში "სთორი“ ოლგამ შვილებზე ისაუბრა. გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც წლების შემდეგ საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და ფეიერვერკის ხმაზე შვილი აბაზანაში გადამალა, რადგან ომისგან მიღებული ტრამვები ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული...

ოლგა ბაბლუანი:

- 17 და 27 წლის გოგონები მყავს, ლიკუნა და ნასტასია. დედაჩემი ოჯახში ყოველთვის ყველას დედა იყო. ძალიან ძლიერი ქალია, ლიკუნასთვის განსაკუთრებით, ძალიან დიდი როლი აქვს მიღებული მის გაზდრაში. ეს არის უდიდესი სიმდიდრე. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ბებია და ბაბუა უნდა იყოს კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი. ეს განსაკუთრებული ურთიერთობაა, იშვიათია მსოფლიოში.

ოლგა და ლიკუნა ბაბლუანები

ძალიან მინდა, რომ ჩემს შვილებს საქართველოსთან ჰქონდეთ ურთიერთობა და არ დაკარგონ. ახლა სამი კვირით ვიყავი პარიზში წასული და რომ ვბრუნდებოდი, ისე მეჩქარებოდა ჩამოსვლა, რომ ერთი სული მქონდა, როდის ჩავჯდებოდი თვითმფრინავში და ოთხ საათში თბილისში ვიქნებოდი. ჩემი შვილების უფროა პარიზი, ნამდვილი ფრანგები არიან.

შვილებთან ურთერთობაში მინდა ლიმიტი დავიცვა, არაფერი გამომეპაროს, თან მინდა ვმეგობრობდე. ძალიან ძლიერი ხასიათის გოგონები არიან. ორივე მგავს, პატარა უფრო უკონტროლოა, მაგრამ იმას ასაკიც აქვს ისეთი. პატარა იმდენად მგავს, ვფიქრობ ხოლმე, ჩემნაირ ადამიანს როგორ დაველაპარაკო. ლიკუნა უფრო ღრმაა... მინდა, რომ ბედნიერები იყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებენ, მთავარია, იყვნენ ბედნიერები.

ნასტასია ლეგრანი

ბებია ყოველთვის ამბობდა, მამა არ შეარცხვინოთო. მაშინ ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა და ახლა წლები რომ გავიდა, ვხვდები რომ მაშინ ეს დიდი კომფორტი და თავდაცვა იყო. მამა კლდესავით გვედგა 90-იანების საქართველოში და ამაყი ვიყავი.

ომის შემდეგ დავტოვეთ საქართველო, 1995 წელს. 2006-2007 წლებში რომ ჩამოვედით, სოლოლაკში ვცხოვრობდით და მეგობარს ველოდებოდი, უცებ ფეიერვერკის ხმა გავიგე, ვერც მივხვდი რა იყო, ფეიერვერკი აქამდე საქართველოში არ მენახა. ბავშვს ხელი მოვკიდე და აბაზანაში დავმალე, თან პასპორტები ავიღე. დღემდე ამ ხმას რომ ვიგებ, მაქანავებს, ეს არასოდეს გავა, ამას მკურნალობაც არ უშველის.