დღეს ცნობილი გახდა, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა ლადო აფხაზავამ უკრაინელების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციის მეშვეობით 700 ათასი დოლარის შეგროვება შეძლო. ინფორმაცია "ბათუმელებმა" გაავრცელა.
როგორც ირკვევა თანხა 39 ქვეყნის მასწავლებელმა დარიცხა. ლადო ამბობს, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სოციალურ ქსელში დადო ინფორმაცია, რომ დედის დანატოვარ ოქროს ბეჭედსა და იმ მონეტას ყიდდა, რომელიც მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე გადაეცა.
"მასწავლებლებმა 39 ქვეყნიდან დაიწყეს უკრაინის დასახმარებლად თანხების შეგროვება და ჩვენს მითითებულ ანგარიშზე ირიცხებოდა ეს თანხები. ბოლოს როცა შევამოწმეთ ანგარიში, 700 ათასი დოლარი იყო შეგროვილი“, – ამბობს "ბათუმელებთან“ ლადო აფხაზავა.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აფხაზავა გააკრიტიკა. ზოგიერთმა იფიქრა, რომ ეს პოპულიზმი იყო და მოუწოდა აფხაზავას ჯერ საქართველოში მყოფ ბავშვებზე იფიქროს:
"გასაგებია, უკრაინას ეხმარები, მაგრამ იმას ვერ ხედავ რამდენი მშიერი და ავადმყოფი ბავშვია საქართველოში, რომელსაც დახმარება სჭირდება? ჯერ ჩვენ ბავშვებს მიხედეთ და მერე დაეხმარედ სხვას. ეს პოპულიზმი ღუპავს ქვეყანას".
"შე კაი ადამიანო, თავად უკრაინელებს მილიარდები გააქვთ, თავის ქვეყნიდან მიდიან საგულაოდ სხვა ქვეყნებში - ეგ ფული გაჭირვებულებს მოახმარე აქ ცოტაა"
"ფული შენია, ვისაც გინდა იმას მოსცემ, მაგრამ შენს ქვეყანაში დაეხმარო ჯობია, იმდენი გაჭირვებულია, იმდენ კომენტარებს ვკითხულობ, რომ ისინი არ დაგიფასებენ ამას მართლა, ახლა შენ გადაწყვიტე".
"რავი, ბერამ რომ ამაზონის ტყისთვის $1 მილიონი გადარიცხა, მაშინ რატომ არ გაგახსენდათ ქართველი გაჭირვებული ბავშვები"
საზოგადოების კრიტიკას აფხაზავამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა, სადაც ქართველი მოსწავლეებისთვის გაკეთებული საქმეების შესახებ წერს:
"სამარცხვინოა, როცა სხვისთვის გაწვდილი ხელი განსჯის საგანი ხდება. არ საჭიროებს განმარტებას, მაგრამ მაინც... ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ჩამოვიდეს ლანჩხუთში, ნახოს ის 500 ბავშვი და მათი მშობლები, ჰკითხოს რა მიიღეს ერთი რიგითი მასწავლებლისგან. ნუ შეგშურდებათ ომში მყოფი ქვეყნის. მე ჩემი მოსწავლეებისთვისაც იმდენს ვაკეთებ, რამდენიც შემიძლია.
რამდენიმე ათეული მოსწავლე სტიპენდიას იღებს 200 ლარის ოდენობით, უკვე 2 წელია. ჩამოდით და იკითხეთ იმ სოფლებში, სადაც მე ვმუშაობ. უკვე მეორე გემით ჩამოტანილი ტანსაცმელი და სხვადასხვა საჩუქარი დავურიგეთ ბავშვებს. მე ერთი რიგითი მასწავლებელი ვარ და არ შემიძლია ქვეყნის მასშტაბით ბევრი ბავშვის საჭიროებები დავაკმაყოფილო. ისე, ვისურვებდი, ამ კომენტარების ავტორები მაშინ მდგარიყვნენ ჩემს გვერდით,როცა მარტო ვეზიდებოდი ტვირთს ფოთის პორტში.." - წერს აფხაზავა.